ფეხბურთი

[VIDEO] რა დრიბლინგი და რა გოლი. კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა – პსჟ-მ “ნანტს” მოუგო

ლიგა 1-ის ოცდამეექვსე ტურის გადადებულ მატჩში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ნანტი“ 3:0 დაამარცხა.

 

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითადი შემადგენლობა ისევ გადაახალისა და კვარაცხელია სასტარტოში დააყენა. მე-11 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მარკინიოსთან ბრძოლაში ხელზე მცველს, იუსეფს მოხვდა და ხვიჩამ პენალტით დედაქალაქელები დააწინაურა. ეს “პარი სენ ჟერმენში” ქართველის მიერ პირველად შესრულებული თერთმეტმეტრიანი იყო. ცოტა ხანში სტუმრებმა გაიტანეს, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. 37-ე წუთზე მახვილი კუთხიდან ლოპეშის კარი დუემ დალაშქრა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისში „კვარამ“ შესანიშნავი დრიბლინგის შედეგად დუბლი შეასრულა, 66-ე წუთზე შეცვალეს და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ანგარიში კი არ შეიცვალა და პსჟ-მ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

 

ამ სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 42 მატჩში 16 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

 

პსჟ 66 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ლანს“ 4 ქულით უსწრებს და 25 აპრილს გასვლაზე „ანჟეს“ დაუპირისპირდება.

 

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ – ნანტი 3:0

გოლები: 1:0 კვარაცხელია (13, პენ), 2:0 დუე (37), 3:0 კვარაცხელია (50)

წყარო: Sportall.ge