პრემიერლიგის ოცდამეცამეტე ტურში „ლივერპულმა“ გასვლაზე „ევერტონი“ 2:1 დაამარცხა.
მასპინძლებმა თავიდანვე უფრო სახიფათოდ შეუტიეს, ბეტუს თავური და გარნერის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ახლო მანძილიდან ნდიაიმ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. სტუმრებმა კი პირველივე შანსი გამოიყენეს – პიკფორდის კარი სალაჰმა დალაშქრა.
54-ე წუთზე ბეტუმ ანგარიში გაათანაბრა, ინერციით მამარდაშვილს შეეჯახა, გიორგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და ვუდმენმა შეცვალა. კომპენსირებულ დროში ვან დეიკმა გაიტანა და „წითლებს“ გამარჯვება მოუპოვა.
ქართველმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე მე-16 მატჩი ჩაატარა და იმედია, სერიოზულად არ დაშავებულა. მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.1, Sofascore 6.9, Whoscored 6.3.
„ლივერპულმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 55 ქულით მეხუთე ადგილზეა და 25 აპრილს „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს.
ლივერპული. „ჰილ დიკინსონი“
ევერტონი – ლივერპული 1:2
გოლები: 0:1 სალაჰი (29), 1:1 ბეტუ (54), 1:2 ვან დეიკი (90+11)
– სალაჰმა მერსისაიდულ დერბიში მეცხრე გოლი გაიტანა და ჯერარდის რეკორდი გაიმეორა.
წყარო: Sportall.ge