ფეხბურთის კანონია (ამ შემთხვევაში – დაწერილი) – თამაში მთავარდება მაშინ, როცა მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმება. ეს ძალიან კარგად ახსოვდათ ლადო ბურდულის შეგირდებს…
მას მერე, რაც ირაკლი სიხარულიძემ თავის ყოფილ გუნდს გაუტანა და “მეშახტემ” სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ალბათ ბევრი ივარაუდებდა, რომ “იბერია”, რომელიც დაეჩვია ასეთ გამარჯვებებს, ავად თუ კარგად დაიცავდა შეინარჩუნებდა სათავისო ანგარიშს…
მაგრამ ტყიბულელები ასე არ ფიქრობდნენ – მეოთხე დამატებული წუთი მიმდინარეობდა, როცა ფაცაციამ საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი და პიმენტელმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, თან საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:2.
მიუხედავად ამისა, “იბერიამ” 6 ტურის შემდეგ 11 ქულით მაინც გალიდერდა, “მეშახტე” კი ბოლომდე მეორე ადგილზეა, მაგრამ ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, თვით “იბერიას” ლიდერობაც მყიფეა და არც ტყიბულელები იმსახურებენ აუტსაიდერობას.
მომდევნო ტურში “მეშახტეს” კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა აქვს – 17 აპრილს თბილისში “დინამოს” უნდა შეხვდეს, ხოლო მეორე დღეს “იბერია” ბათუმის “დინამოს” ესტუმრება.
იბერია 1999-მეშახტე 2:2
გოლები: 1:0 ჯინჯოლავა (43, პენალტით), 2:0 ძაგანია (55, ბედოშვილის პასით), 2:1 სიხარულიძე (65), 2:2 პიმენტელი (90+4, ფაცაციას პასით)
იბერია: მეგრელიშვილი, ზოური, ამისულაშვილი, ბოჭორიშვილი, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი (ქობულაძე 90), ბედოშვილი (კუცია 75), გოშთელიანი (ბართიშვილი 60), კაფე (ღუდუშაური 60), ძაგანია (ახვლედიანი 76).
მეშახტე: შოვნაძე, შუბითიძე, პიმენტელი, ქურდაძე, გეგია, პაპუაშვილი (კვირკვია 71), ჯიქია (შონია 81), პიროგოვი (მეხტიევი 87), ფაცაცია, ბურდული, სიხარულიძე.
არბიტრი: ი. ხერხაძე
წყარო: Sportall.ge