This Is Anfield-მა სტატია მიუძღვნა გიორგი მამარდაშვილის თამაშზე ლივერპულის კარში – “სტატისტიკური 13%, რომელიც ამტკიცებს, რომ ლივერპულმა ვერაფერი ისწავლა მამარდაშვილის მაგალითზე”.
ალისონ ბეკერის ტრავმის წყალობით, გიორგიმ პრემიერლიგის 31-ე ტურში ითამაშა, ლივერპული ბრაიტონთან სტუმრად დამარცხდა, ქართველმა გოლკიპერმა კი ორი ბურთი გაუშვა.
გიორგის ანგარიშზე 4 “სეივი” იყო და არც გოლებში მიუძღვოდა ბრალი, თუმცა იყო თამაშის სხვა ნიუანსები, რაზეც ყურადღება ამ სტატიაშიც გამახვილდა.
“გიორგი მამარდაშვილის კარიდან დარტყმები ბრაიტონთანაც პრობლემატური იყო, ხელი ამას ვერც მისი თანაგუნდელების შეცდომებმა შეუწყო. ალისონი კვლავ რჩება ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ, თუმცა მისი პრობლემა ხშირი ტრავმებია. მან ამ სეზონში ამის გამო 10 მატჩი უკვე გამოტოვა. ლივერპულის ახალწვეული გიორგი მამარდაშვილი 13-ჯერ იდგა გუნდის კარში ამ სეზონში, აქედან ექვსჯერ – პრემიერლიგაში. 25 წლის იმედისმომცემი გოლკიპერია, მაგრამ ერთი რამ, რაც მას ალისონისგან განასხვავებს, პრობლემებს უქმნის მის გუნდელებს – ბრაზილიელი მარჯვენა ფეხით თამაშობს, მამარდაშვილი კი ცაციაა.
ალბათ, ბევრს ჰგონია, რომ ასეთი მარტივი განხსვავება იოლად უნდა გადალახონ პროფესიონალმა ფეხბურთელებმა, მათ უნდა მალე გაიარონ ადაპტაცია, რომელ მხარეს აწოდებს მეკარე ბურთს. როგორც აღმოჩნდა, არც ასე მარტივი ყოფილა ეს გადაწყობა.
£29.6 მილიონად შეძენილი ბრაიტონთან თამაშში მისმა გუნდელებმა რამდენჯერმე უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს, როცა პასი მისთვის სუსტ მარჯვენა მხარეს გაუკეთეს. 13-ჯერ მოუწია გიორგის შორს მოგერიება და მხოლოდ ორჯერ იყო ზუსტი (13%).
ბრაიტონთან მისი პასები ისედაც არ იყო ზუსტი 26-დან მხოლოდ 12, რაც 46%-ია. მეკარეების პროცენტული მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, უფრო ცუდია, ვიდრე მინდვრის მოთამაშეების, რადგან მათი შორეული დარტყმების მერე (ზუსტიც რომ იყოს), თანაგუნდელებმა ის საჰაერო დუელებში უნდა მოიგონ. რაც უნდა იყოს, იყო თუ არა ეს მისი ბრალი, 46%-იანი სიზუსტე ერთმნიშვნელოვნად ცუდია.
იმავე მატჩში ბრაიტონის ბარტ ვერბრიუგენს ეს მაჩვენებელი 70% ჰქონდა, გრძელ ბურთებზე კი – 38%. ორივე მაჩვენებელი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ლივერპულის მეკარის. ალისონსაც აკრიტიკებენ ხანდანხან ამის გამო, მაგრამ გაცილებით უკეთესია მამარდაშვილზე.
არავითარ შემთხვევაში, არ არის ეს მამარდაშვილის, როგორც მეკარის დაკნინება. მან რამდენიმე კარგი “სეივი” შემოგვთავაზა. მისი მოედანზე ყოფნა დიდ პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენდა ბრაიტონთან მატჩში.
მსგავსი პრობლემები კიდევ ერთი მაგალითია, რომ ლივერპლს აკლია ერთიანობა და გონიერება”.
გიორგი მამარდაშვილის სტატისტიკა ბრაიტონთან
4 – სეივი
33 – შეხება
2/16 – გრძელი პასები
12/126 – პასები
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა პრემიერლიგაში მეექვსე თამაში ჩაატარა, ყველა ტურნირზე მის აქტივში 13 მატჩია – პრემიერლიგის გარდა, ხუთჯერ ჩემპიონთა ლიგაში, თითოჯერ ასოციაციის თასსა და ინგლისის ლიგის თასზე ითამაშა. ამ 13 თამაშში მან 20 გოლი გაუშვა, 3 მატჩში კი კარი მშრალად შეინახა. უშუალოდ პრემიერლიგაში ქართველ მეკარეს 6 თამაში, 12 გაშვებული გოლი და 1 მშრალი მატჩი აქვს.
არნე სლოტის გუნდს 49 ქულა რჩება და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, თუმცა, მისი გადასწრება ჩელსის (48) შეუძლია, რომელსაც ტურის შეხვედრა ჩასატარებელი აქვს.
ლივერპული სანაკრებო პაუზის შემდეგ, 4 აპრილს, ინგლისის თასის 1/4-ფინალურ დაპირისპირებაში მანჩესტერ სიტის ესტუმრება, ოთხი დღის შემდეგ კი უკვე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველ შეხვედრას გასვლაზე ჩაატარებს ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენთან. რამდენი ხნით მოუწევს დასვენება ალისონ ბეკერს, ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: Betsson.sport
