ფეხბურთი

L’Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ, „ეკიპმა“ „ლივერპულის“ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე სტატია გამოაქვეყნა.

 

“ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში 29 მოგერიება ჰქონდა – ვინ არის ალისონის შემცვლელი გიორგი მამარდაშვილი? აი, ხუთი ფაქტი, რომელიც მასზე უნდა ვიცოდეთ.

 

„ლივერპულის“ პირველი ქართველი ლეგიონერია

 

„ვალენსიასგან“ 2024 წელს 30 მილიონ ევროდ შეიძინეს, ერთი სეზონით იჯარით „ღამურებში“ დატოვეს, 2025 წლიდან კი „წითლების“ ღირსებას იცავს. ამ სეზონში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ბოლო 21 მარტს „ბრაიტონთან“ ჩატარდა. ის გიორგი ქინქლაძის, თემურ ქეცბაიას, ზურაბ ხიზანიშვილის, მიხეილ ყაველაშვილის და რატი ალექსიძის შემდეგ მეექვსე ქართველია, რომელიც პრემიერლიგის კლუბს წარმოადგენს.

 

„სეივებით“ ევროპირველობების რეკორდსმენია

 

გიორგის დებიუტი საქართველოს ნაკრებში (მწვრთნელი ვილი სანიოლი) 2021 წელს 20 წლის ასაკში შედგა. ევრო 2024-ზე ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე იყო. მაშინ საქართველო მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან 1:4 დამარცხდა. მის ანგარიშზე 4 დაპირისპირებაში 29 მოგერიება იყო, მათ შორის 21 ჯგუფურ ეტაპზე. ჩეხეთთან მისი 11 „სეივი“ ევროპირველობების ჯგუფური ეტაპების რეკორდია.

 

პრემიერლიგაში იმ იშვიათ მეკარეთა შორისაა, რომელიც ცაციაა

 

ამ სეზონში ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მხოლოდ სამი მეკარე თამაშობს მარცხენა ფეხით: მამარდაშვილი, რობინ რუფსი (სანდერლენდი) და ჯორდან პიკფორდი (ევერტონი). ეს გიორგის გარკვეულ პრობლემას უქმნის, რაც გამოსასწორებელი აქვს. ამის კომპენსაციას ექს-ვალენსიელი თავისი სიმაღლით (197 სმ) ახერხებს – ხელებს კარის ხაზზე ფრთებივით შლის. 

 

ვინისიუსს ნიძლავი მოუგო

 

ლა ლიგის გასული სეზონის 30-ე ტურში „რეალის“ ძლევისას (2:1), ვინისიუსის დარტყმული პენალტი მოიგერია. მისი თქმით, ბრაზილიელს დაენიძლავა, რომ თერთმეტმეტრიანს არ გატანინებდა და 50 ევრო მოუგო.  ეს ერთგვარი ანეკდოტია, რომელიც პენალტებისას ქართველის სიმარჯვეზე მეტყველებს. ესპანეთში უკანასკნელ  2 სეზონში ამ კომპონენტით 4 საუკეთესო მეკარეს შორის გახლდათ (მოგერიებების 50% 2023-2024-ში და 28.6% 2024-2025-ში).

 

გიორგის მამაც მეკარე იყო

 

მამის მსგავსად, 25-ნომრიანი მაისურით თამაშობს. მისი მამა, დავითიც პროფესიონალი მეკარე იყო. გიორგიმ 2025 წელს ინტერვიუში განაცხადა, რომ მშობლის მემკვიდრეობას აგრძელებს. მერსისაიდელთა რიგებში 25-ე ნომრით მეკარეთა შორის ბოლოს პეპე რეინა იყო – 2005-2013 წლებში 394-ჯერ ითამაშა”.

წყარო: Sportall.ge