ქართველმა ძიუდოისტებმა, რომელთაც გასულ უქმეებზე გამართულ თბილისის გრანდ სლემზე კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხეს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) მიერ განახლებულ რეიტინგში შესამჩნევი წინსვლა განიცადეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 6 მედლით დაასრულა. ჩემპიონები ლუკა მაისურაძე (90 კგ.) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი თორნიკე გიგაური (66 კგ.), გიორგი ლოლაძე (73 კგ.), ლუკა ჯავახიშვილი (90 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.) დაეუფლნენ.
შედეგად, მაისურაძე 6 ადგილით დაწინაურდა და 3 408 ქულით 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მე-4 პოზიციაზეა. ლუკას წინ მხოლოდ იაპონელები სანშირო მურაო (5 620), გოკი ტაჯიმა (4 600) და ლაშა ბექაური (3 445) არიან. ამავე წონაში გიორგი ჯაბნიაშვილი (1 660) 21-ეა, ლუკა ჯავახიშვილი (1 242, 36 პოზიციით დაწინაურდა) – 34-ე, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (995) 47-ე.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია მძიმე წონით კატეგორიაშიც (+100 კგ.), სადაც დემეტრაშვილი 8 საფეხურით აღზევდა და პირველად კარიერაში კლასიფიკაციის საუკეთესო ათეულში მოხვდა: 3 322 ქულით მეცხრეა, ზუსტად მის წინ კი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ თუშიშვილი (3 343) იმყოფება. მძიმე წონაშივე 1 993 ქულით 22-ეა ადგილზეა საბა ინანეიშვილი.
თბილისის გრანდ სლემზე აღებული ბრინჯაოს მედლის წყალობით, 26 ადგილით დაწინაურდა და 1 366 ქულით 30-ე პოზიციას უწია თორნიკე გიგაურმა. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ვაჟა მარგველაშვილს (1 688) აქვს, რომელიც 22-ეა, თემურ ნოზაძეს (1 022) კი 45-ე საფეხური უკავია.
გამოსარჩევია გიორგი ლოლაძის პროგრესიც, რომელიც ერთბაშად 78 ადგილით აღზევდა და 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში 763 ქულით 59-ეა. ამ წონაში 1 749 ქულით მეცხრამეტეა ლაშა შავდათუაშვილი, ხოლო მიხეილ ბახბახაშვილი (700 ქულა) 64-ე საფეხურზე გახლავთ.
60 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოწინავე ათეულის ბოლოშია გიორგი სარდალაშვილი (3 016), 81 კგ-ში კი მოწინავე 50-ეულში ერთბაშად 4 ქართველი ძიუდოისტია: ტატო გრიგალაშვილი (4 080) მესამეა, ზაურ დვალაშვილი (2 376) – მე-12, დიმიტრი გოჩილაიძე (1 623) – 29-ე, ხოლო კოტე კაპანაძე (981) – 45-ე.
100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე (3 327) მე-9 ადგილზეა, ხოლო ნიკა ხარაზიშვილი (640), რომელმაც თბილისის გრანდ სლემზე მე-5 პოზიცია დაიკავა, 48 საფეხურით დაწინაურდა და 58-ეა.
ქალთა რეიტინგში ქართველ ძიუდოისტებს ყველაზე კარგი მდგომარეობა 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში აქვთ, სადაც ეთერ ლიპარტელიანი 4 676 ქულით მე-2 ადგილზეა (მას იაპონელმა მომო ტამაოკიმ გადაასწრო 5 000 ქულით), ნინო ლოლაძე (1 058) კი 38-ეა. ამ უკანასკნელმა თბილისურ ტურნირზე მე-5 ადგილი დაიკავა და 6 პოზიციით დაწინაურდა. მძიმე წონაში (+78 კგ.) 971 ქულით 42-ე ადგილზეა სოფიო სომხიშვილი.
IJF-ის რეიტინგში მორიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ უნდა ველოდეთ, რომელსაც 16-19 აპრილს თბილისი უმასპინძლებს. გასული გრანდ სლემისგან განსხვავებით, მოსალოდნელია, რომ ამ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით წარსდგება.
წყარო: Betsson.sport
