2025/26 წლების სეზონის crocobet დიდი 10-ის ფინალური შეხვედრა 25 აპრილს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ 19 საათზე დაიწყება და მთავარი ტიტულისთვის ერთმანეთს ‘ბათუმი’ და ქუთაისის ‘არესი’ შეერკინებიან.
‘ბათუმი’ მოქმედი ჩემპიონია და ტიტულის დაცვასთან ერთად, მის მეექვსედ მოპოვებას შეეცდება. აქამდე ზღვისპირელებს თასი 1999, 2002, 2019, 2022 და 2025 წლებში აღუმართავთ. ხუთი ოქროს გარდა მათ ანგარიშზეა 6 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. 25 აპრილს გამარჯვების შემთხვევაში, ‘ბათუმი’ ჩემპიონობის რაოდენობებით თბილისის ‘ლელოს’ (6) გაუტოლდება, ჯამში მოპოვებული მედლებით გადაასწრებს (13-12-ზე) და საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე აღზევდება.
შეგახსენებთ, პირველ ადგილზე თბილისის ‘ლოკომოტივია’, რომელმაც დამოუკიდებლობის პერიოდში ჯამში ყველაზე მეტი, 22 მედალი მოიპოვა – 10 ოქრო, 4 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.
რაც შეეხება ქუთაისის ‘არესს’, 2015 წელს დაარსებული კლუბი დიდ 10-ში 2019 წელს აღზევდა, მას შემდეგ უძლიერესთა შორის თამაშობს და ნაბიჯ-ნაბიჯ აუმჯობესებდა თავის შედეგებს, თუმცა აქამდე მედალი არასდროს მოუპოვებია. წელს ნავსი გატყდება და 25 აპრილს გაირკვევა თუ რა სინჯის მედალს მოიპოვებს ქუთაისური კლუბი პირველად – ოქროს თუ ვერცხლის.
საგულისხმოა, რომ წლევანდელი სეზონის რეგულარული გათამაშება ამ გუნდებმა პირველ-მეორე ადგილზე დაასრულეს (‘ბათუმი’ 66 ქულა, ‘არესი’ 61 ქულა) და ლოგიკურია, სატიტულო შეხვედრაში მათი ჯახი რომ შედგება.
წელს გუნდებმა ერთმანეთთან უკვე გამართეს სამი შეხვედრა. რეგულარული გათამაშების პირველ წრეში ‘არესმა’ ‘ბათუმის’ სტუმრად დამარცხება მოახერხა – 35:29, მეორე წრეში კი ზღვისპირელებმა ქუთაისში რევანში აიღეს – 33:17. 4 აპრილს, შესარჩევ ფინალში, ბათუმში გამართულ სანახაობრივ და დრამატულ შეხვედრაში მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით, 11:10 იმარჯვეს და ფინალის საგზური ნაადრევად მოიპოვეს. ‘არესი’ ფინალში გასასვლელად 18 აპრილს ქუთაისის ‘აიას’ შეერკინა, 33:22 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
რაც შეეხება „აჭარაბეთ არენას“, რომელიც 20 ათას მაყურებელს იტევს, ის crocobet დიდი 10-ის ფინალს პირველად მასპინძლობს, თუმცა გადამწყვეტი მატჩი ზღვისპირა ქალაქში აქამდეც შემდგარა, თანაც ორჯერ – 2002 და 2019 წლებში. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში ჩემპიონობა მასპინძლებს დარჩათ.
Rugby.ge
წყარო: Sportall.ge