Site icon sportmedia.live

crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს

25 აპრილს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ გასამართ crocobet დიდი 10-ის ფინალს მსოფლიო რაგბის მსაჯი ნიკა ამაშუკელი განსჯის. მას კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა მახარაძე დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერი კი იოსებ ჯაფარიძე იქნება.

 

სატიტულო შეხვედრაში ერთმანეთს ადგილობრივი ‘ბათუმი’ და ქუთაისის ‘არესი’ შეერკინებიან, გუნდები, რომლებმაც რეგულარული გათამაშება პირველ-მეორე საფეხურზე დაასრულეს და ფლეი ოფის ეტაპიც წარმატებით განვლეს. მატჩი 19 საათზე დაიწყება.

 

„სასიხარულოა, როდესაც ფინალური შეხვედრა ასეთ სტადიონზე ტარდება. ორივე გუნდი, რომლებიც ფინალში გავიდა, იმსახურებს გადამწყვეტი მატჩის საუკეთესო გარემოში ჩატარებას და „აჭარაბეთ არენა“ სწორედ ასეთია. სასიამოვნო იქნება, თუ ორივე გუნდის გულშემატკივარი ტრიბუნებზე მრავლად იქნება და საყვარელ გუნდს უქომაგებენ. მჯერა, crocobet დიდი 10-ს აქვს პოტენციალი, რომ ძალიან მაგარი ჩემპიონატი იყოს და ამას ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი“.

 

„ველოდები ფიზიკურ და სანახაობრივ თამაშს, რადგან ორივე გუნდს დიდი, კარგი მოთამაშეები ჰყავს. ‘ბათუმი’ ფინალში ბევრჯერ ყოფილა და ბოლო წლებში მუდამ ფავორიტად მიიჩნევა. ‘არესი’ კი ასეთ ეტაპზე პირველადაა და ვულოცავ ამ დიდ წარმატებას. წელს ორივე გუნდი მოწოდების სიმაღლეზეა და კარგ თამაშს ველოდები“.

 

„გადამწყვეტი თამაშის მსაჯობას ძლიერი სამსაჯო ჯგუფი ჭირდება და ფინალში სწორედ ასეთი გუნდით ვართ წარმოდგენილი. კიდეებიდან შოთა თევზაძე და სამა მახარაძე დამეხმარებიან. შოთასთან ერთად მრავალი წელია ვმსაჯობ. ის არაერთხელ ყოფილა ჩემი დამხმარე ჩემპიონთა თუ ჩელენჯ თასის შეხვედრებში და ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს. ვიცით მოედანზე რა და როგორ უნდა გავაკეთოთ“.

 

„საბა ახალგაზრდა, პერსპექტიული მსაჯია, რომელიც მსოფლიო რაგბის თვალთახედვის არეშია და აღმავლობის გზაზე იმყოფება. მასთან მენტორობის მხრივ პირადად ვმუშაობ და ვეხმარები ამ რთული გზის გავლაში. ის მოწადინებულია, რაგბის მიმართ ვნებითაა შეპყრობილი და ძალიან ბევრს შრომობს. მიხარია, ქართულ რაგბში სამსაჯო კუთხით ასეთი კარდები რომ მოდის“.

 

„იგივეს თქმა შემიძლია იოსებ ჯაფარიძეზე, რომელიც რაგბზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. გარდა მოედანზე მსაჯობისა, ის ვიდეო-მსაჯის პროფესიასაც ძალიან კარგად დაეუფლა. მას კარგად ესმის თამაში, რაც ამ პროფესიისთვის მნიშვნელოვანია. ცოტა ხნის წინ სოსო ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ევროპის ჩემპიონთა თასზე, სადაც აკვირდებოდა ჩემს ვიდეო-მსაჯს, უელსელ ბენ ვაითჰაუსს. ამ გამოცდილებამ მასზე ძალიან დადებითად იმოქმედა და ბევრი საინტერესო დეტალი აღმოაჩინა“ – ამბობს ნიკა ამაშუკელი.

 

აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, საქართველოს ჩემპიონატის ფლეი ოფებსა და ფინალურ შეხვედრებს უცხოელი მსაჯები ემსახურებოდნენ- ჯერ ფრანგები, მერე კი ირლანდიელები. ეს 11-წლიანი ჯაჭვი 2019 წელს გაწყდა, როდესაც ‘ბათუმსა’ და რუსთავის ‘ხარებს’ შორის „ბათუმი არენაზე“ გამართული ფინალის მსაჯობა ნიკა ამაშუკელს ანდეს. მას შემდეგ გადამწყვეტ შეხვედრებს მხოლოდ ქართველები მსაჯობენ. აქამდე ფინალის მსაჯი 4-ჯერ იყო ამაშუკელი, თითო-თითოჯერ კი საბა აბულაშვილი და შოთა თევზაძე.

 

„ფინალის მსაჯობა ყოველთვის დიდი პატივია და მოხარული ვარ ეს მისია მეხუთედ რომ მანდეს. 2019 წლის ფინალზე ჩემი პირველი დანიშვნა იმით იყო საგულისხმო, რომ მანამდე მრავალი წლის განმავლობაში გადამწყვეტი თამაშების განსჯას უცხოელებს ანდობდნენ და ეს ჯაჭვი დავარღვიეთ. მოვიპოვეთ ნდობა და მას შემდეგ ფინალებს მხოლოდ ქართველები ვმსაჯობთ“.

 

„ქართული სამსაჯო სკოლა ძალიან ძლიერია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ რაგბი ევროპის არენაზე ბევრი წარმატებული მსაჯი გვყავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რაგბი ევროპის სამსაჯო სისტემაში ქართველი მსაჯები დომინირებენ. რაც შემეხება მე, ძალიან კარგი დანიშვნები მაქვს მსოფლიო რაგბისგან, ასევე ევროპის პროფესიულ საკლუბო რაგბისგან, რომლის ეგიდით შარშან ჩემპიონთა თასის ფინალი ვიმსაჯე. ეს გამოცდილება კი საბოლოო ჯამში აისახება ქართულ რაგბზე და მის განვითარებაზე“ – აღნიშნავს ამაშუკელი.

 

Rugby.ge

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version