სხვა

მიქაუტაძის გოლი და ასისტი სოსიედადთან – თუმცა, პოკერი მაინც შეეძლო!

გიორგი მიქაუტაძისთვის ლა ლიგის 29-ე ტური შესანიშნავი გამოდგა: ვილიარეალის ქართველმა ფორვარდმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.

თუმცა, მაინც უკმარისობის გრძნობაა: მეტი შეიძლებოდა, გადაუჭარბებლად, პენტატრიკის (5 გოლი) შესრულება შეეძლო!

ვილიარეალმა მატჩის საწყის წუთებში სან სებასტიანის სოსიედადი ძალიან დაჩაგრა და ყველაფერი მალევე გადაწყდა: მეშვიდე წუთზე ანგარიში ჟერარ მორენომ გახსნა. მე-15 წუთზე მიქაუტაძემ გაიტანა, რომელმაც ძალიან კარგად დაიწყო კონტრშეტევა და ისე მოხდა, რომ ეპიზოდი თავადვე დაასრულა ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით – 2:0. სულ მალე ჟორჟს დუბლის შესრულება შეეძლო, უნდა გაეტანა, ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.

სამაგიეროდ, 23-ე წუთზე საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში, როცა ნიკოლა პეპემ სხვაობა სამამდე გაზარდა. თამაშის ბედი გადაწყდა. მეორე ტაიმში ბასკებმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს და შეხვედრა 3:1 დასრულდა.

ვილიარეალი უფრო დიდი სხვაობით მოიგებდა, მიქაუტაძეს მეორე ნახევარში უფრო ზუსტად რომ ეთამაშა: 73-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა ააცილა, ოთხ წუთში ისევ პირისპირ იყო და ამჯერად მახვილი კუთხიდან ურტყამდა, მეკარემ აჯობა, ხოლო მე-80 წუთზე ვარდანში სცადა ახლო მანძილიდან გატანა, მაგრამ ისევ ააცილა. მოკლედ, თავისუფლად შეეძლო თამაში 5 გოლით დაესრულებინა, მაგრამ ამის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძეს ჩატარებულ 24 შეხვედრაში 9 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს აქტივში, ხოლო ყველა ტურნირზე ვილიარეალის მაისურით 34 თამაშში 11 გოლით და 5 საგოლე პასით გამოირჩა. ვთქვათ ისიც, რომ სეზონი ლიონში დაიწყო, სადაც ლიგა 1-ის პირველ ტურშიც მოასწრო გატანა ლანსის წინააღმდეგ. ჟორჟი ახლა საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რათა ეროვნულ გუნდს ისრაელსა და ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩებში დაეხმაროს.

ვილიარეალი ლა ლიგაში 58 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაში პრაქტიკულად განაღდებული აქვს. მარსელინოს გუნდი მომდევნო ტურში სანაკრებო პაუზის შემდეგ 6 აპრილს, ჟირონას ესტუმრება.

https://cdn.jwplayer.com/previews/YNLFGkcU-7EUbWQYc

წყარო: Betsson.sport