სხვა

მოგება არასაკმარისი სხვაობით – საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის შანსი დაკარგა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგა. ტიტე კალანდაძის გუნდმა პლეი ოფში ისრაელის ნაკრებთან ორრაუნდიან ბრძოლაში მარცხი განიცადა.

ორი დღის წინ ნომინალური მასპინძლის რანგში (ორივე თამაში თელავში გაიმართა), საქართველოს ნაკრები 29:32 დამარცხდა, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი გამოდგა. საპასუხო შეხვედრა საქართველომ 30:28 მოიგო, მაგრამ ეს არ ეყო მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, სადაც ესპანეთს შეხვდებოდა.

პირველი ტაიმი ისრაელმა 13:12 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში კალანდაძის გუნდმა მოუმატა, გაცილებით უკეთ ათამაშდა და მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში წინ იყო ანგარიშში. თამაშის დასრულებამდე წუთიც არ რჩებოდა, როცა საქართველო სამბურთიან უპირატესობას ფლობდა (30:27), რაც დამატებით დროში გადაიყვანდა თამაშს, მაგრამ ისრაელმა თავისი ბოლო შეტევა გოლით დაასრულა, რაც გადამწყვეტი გამოდგა. საქართველომ ისრაელი ისტორიაში პირველად დაამარცხა, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები დამარცხდა.

გიორგი ცხოვრებაძემ 8 გოლი გაიტანა, ნიკოლოზ კალანდაძემ 7, ირაკლი კბილაშვილმა 5, გიორგი ლაფიაშვილმა 4, მირიან გავაშელიშვილმა 3, ხაზეინ რუსტამოვმა 2, ლევან იმნაძემ – 1. ისრაელის ნაკრებში საუკეთესო იონათან დაიანი იყო 8 გოლით.

საქართველოს ნაკრებმა 2024-2026 წლებში ზედიზედ ორჯერ მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, სადაც 2024 წელს ერთი მატჩი მოიგო, ორი წააგო და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო წელს, სამივე შეხვედრა დათმო და მეოთხე პოზიციას დასჯერდა.

მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატი 13-31 იანვარს გერმანიის ქალაქებში (კიოლნი, მიუნხენი, კილი, ჰანოვერი, მაგდებურგი, შტუტგარტი) გაიმართება. წინასწარ ეტაპზე 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, სამ-სამი საუკეთესო კი ბრძოლას ძირითად რაუნდში გააგრძელებს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დანია გახლავთ, რომელიც მასპინძელი გერმანიის მსგავსად, ფინალურ ეტაპზე კვალიფიკაციის გარეშე მოხვდა.

ისრაელი 28:30 საქართველო

საქართველო: კბილაშვილი (5 გოლი), კალანდაძე (7), ლაფიაშვილი (4), ცხოვრებაძე (8), რუსტამოვი (2), ხელისუფალი, ხარებაშვილი, არეშიძე, გრიშიკაშვილი, ლანჩავა, გავაშელიშვილი (3), იმნაძე (1), ბუიღლიშვილი, მამულაშვილი, ცინცაძე.

წყარო: Betsson.sport