სხვა

2 ოქრო და 4 ბრინჯაო – დემეტრაშვილი ჩემპიონია, ინანეიშვილმა რუსს მოუგო

თბილისის გრანდ სლემი დასრულდა, სადაც საქართველომ 6 მედალი მოიპოვა – 2 ოქრო და 4 ბრინჯაო.

ყველაზე შედეგიანი ბოლო საშეჯიბრო დღე გამოდგა, რომელშიც საქართველოს მონაგარს ორ-ორი ოქრო-ბრინჯაო შეემატა. მძიმე წონაში ჩემპიონობა ირაკლი დემეტრაშვილმა იზეიმა, ხოლო ბრინჯაოს საბა ინანეიშვილი დაეუფლა.

+100 კგ წონთ კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილმა ვაზარით პოლონელი გრჟეგორჟ ტერესინსკი, კვიპროსელი იანის ანტონიუ იპონით და ნიდერლანდელი იურ სპიკერსი ავასატე-იპონით დაამარცხა. ფინალში დემეტრაშვილი გერმანელ ლასენი კონეს დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ გამარჯვება იპონით მოახერხა.

ამავე წონაში ბრინჯაოსთვის იჭიდავებს საბა ინანეიშვილი, რომელმაც მეოთხედფინალში განიცადა მარცხი, მაგრამ რეპეშაჟში გადავიდა, სადაც კვიპროსელი იანის ანტონიუს ბარიერი იპონით დაძლია, მედლისთვის კი რუს არტიომ ზოლოტუხინს დაუპირისპირდა, რომელთანაც ვაზარი დასაწყისშივე მოიპოვა და უპირატესობა შეინარჩუნა. შედეგად, ბრინჯაოსმედალოსანი გახდა.

დღესვე, მანამდე ოქროს მედალი ლუკა მაისურაძემ და ბრინჯაო ლუკა ჯავახიშვილმა მოიპოვეს.

90 კგ წონით კატეგორიაში მაისურაძემ ლიეტუველ აუგუსტას სლიტერისს ავასატე-იპონით, სერბ მილიან რადულის იპონით, ბელგიელ იარნე დუიკს იპონით და უზბეკ ნურბეკ მურტოზოევს იუკოთი აჯობა. ლუკას მეტოქე ფინალში სერბი ნემანია მაიდოვი იყო, რომელიც იუკოთი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ამავე წონაში ბრინჯაოს ლუკა ჯავახიშვილი დაეუფლა, რომელიც მეოთხედფინალში დამარცხდა, მაგრამ ჯერ რეპეშაჟში ბელგიელ იარე დუიკს იპონით სძლია, ხოლო მედლისთვის ბრძოლაში ქართველი აკაკი ჯაფარიძე დაამარცხა. 100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალთან ახლოს იყო ნიკა ხარაზიშვილი, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა დომინეკელ რობერტ ფლორენტინოსთან წააგო.

საქართველომ თბილისის გრანდ სლემზე შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო შემადგენლობით არ იასპარეზა, რადგან ზუსტად სამ კვირაში თბილისი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რისთვისაც გუნდის ლიდერები ემზადებიან.

შედეგად, საქართველომ თბილისის გრანდ სლემი 2 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა – ლუკა მაისურაძემ (90 კგ.) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ.) ოქრო, თორნიკე გიგაურმა (66 კგ.), გიორგი ლოლაძემ (73 კგ.), ლუკა ჯავახიშვილმა (90 კგ.) და საბა ინანეიშვილმა ბრინჯაო მოიპოვეს. 2 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედლით საქართველომ გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილი დაიკავა.

წყარო: Betsson.sport