სხვა

‘ერთზე ვოცნებობდი და 130 ჩავატარე’ – კაპიტანი ნაკრებიდან მიდის

ისრაელთან და ლიეტუვასთან მარტის ტესტ-მატჩების წინ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ეროვნული გუნდიდან წასვლა დააანონსა, მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კი ნაკრებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

სანიოლის გუნდი ისრაელს 26 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე (21:00) დაუპირისპირდება, ლიეტუვას კი – ვილნიუსში, 29 მარტს (17:00) შეხვდება. მწვრთნელთან ერთად, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და სფფ-ის ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრეს. კაშიამ განაცხადა, რომ 2 ივნისს, რუმინეთის ნაკრებთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩი მის სანაკრებო კარიერაში ბოლო იქნება.

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი):

…სანაკრებო კარიერის დასრულებაზე: “რუმინეთთან მატჩი ჩემთვის ბოლო იქნება სანაკრებო კარიერაში. დრო მოვიდა სანაკრებო კარიერა დავასრულო და ადგილი დავუთმო სხვებს. მადლობა ყველას ამ 17 წლისთვის. ერთ სანაკრებო მატჩზე ვოცნებობდი და 130 შეხვედრა ჩავატრე.”

…რეკორდის მნიშვნელობაზე: “მამამ პირველად იტალიასთან მატჩზე მიმიყვანა. მას მერე ვოცნებოდი, რომ ერთხელ მაინც მეთამაშა ნაკრებში. მიზანი ყოველთვის ევროპაზე ან მსოფლიოზე გასვლა იყო. ვერ ვიტყოდი, რომ ყველაფერი შევასრულე – სპორტსმენს ყოველთვის მეტის გაკეთება სურს. მსოფლიოს ჩემპიონატი ნამდვილად დამაკლდება. გული მწყდება, მაგრამ ნაკრებში 130 მატჩი ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემს შვილსა და შვილიშვილებს მოვუყვები, რომ ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი ვითამაშე. როცა თბილისის ქუჩებში ფეხბურთს ვთამაშობდი, ვერ წამოვიდგენდი, რომ ახლა ასე დაგემშვიდობებოდით.”

…ეროვნულ გუნდში გატარებულ წლებზე: “ნაკრებში რომ მოვედი, დიდი ფეხბურთელები დამხვდნენ. მათგან ბევრი რამ ვისწავლე. გავიგე, რას ნიშნავს ნაკრები. ქვეყნისადმი მიდგომა სამაგალითო იყო მათი მხრიდან. თავიდან დათრგუნული ვიყავი, რომ რამე არ შემშლოდა. მერე კი სხვებს ვეხმარებოდი. რამდენიმე დღის წინ კვეკვემ მითხრა, შენგან ყველამ რაღაც ვისწავლეთო, რაც ჩემთვის დიდი კომპლიმენტი იყო. ამას ვიტყოდი, რომ რაღაც დავტოვე და ყველა ფეხბურთელში რაღაც შევცვალე. ვიღაცას შეიძლება რამე უჭირდა და ჩემი გამოცდილება დაეხმარა, ეს მაბედნიერებს. წელი ისე მტკივა, რომ განვიხილავ კარიერის დასრულებასაც. არ იქნება ნამდვილად ადვილი. ბოლო მატჩზე რომ მიდგება საქმე, შეიძლება შემეშინდეს. ძალიან სწრაფად არ მირბენია, მაგრამ ტრავმა არ მაწუხებს და უბრალოდ ისე თამაში აღარ გამომდის, როგორც ადრე გამომდიოდა.”

…სამომავლო გეგმებზე: “ვფიქრობ, რომ სპორტულ მენეჯმენტშიც ვცადო თავი. ოღონდ, ცოტა ხანი უნდა დავისვენო და მერე ფეხბურთში აუცილებლად დავბრუნდები.”

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

…კაშიაზე: “გურამი ქართული ფეხბურთის ლეგენდად უნდა მოვიხსენიოთ. ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ, ბევრი ფიქრი არ დამჭირდა, რომ ნაკრების კაპიტნის სამკლავური კაშიას მოერგო. მასთან ყველა თემაზე შემეძლო საუბარი. ჩემი სამწვრთნელო შტაბის სახელით მადლობას გიხდით, წარმატებას გისურვებთ. იმედია, რომ მას მალე ვიხილავთ ქართულ ფეხბურთში ახალ რგოლში.”

…მთავარ გამოწვევაზე: “ჩვენი ამოცანა დაცვასა და შეტევას შორის ბალანსის პოვნაა. ბოლო შესარჩევში ეს გაგვიჭირდა. ეს ციკლი რთული იყო. ამხანაგური მატჩები სწორედ ამ ბალანსის პოვნას ემსახურება. უნდა გადავჭრათ არსებული პრობლემები. მიხარია, რომ მაქვს ბიჭებთან შეხვედრის საშუალება და მომდევნო შესარჩევი ციკლისთვის მომზადების კარგი შანსი. ჭკვიანი ხალხი ყოველთვის გამოსავალს ეძებს. შემოდგომის მატჩები კარგი არ იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ ფეხბურთელების მიდგომა უფრო მნიშვნელოვანია. ყველა მოთამაშეს ვეკონტაქტები. ყველა მათგანი აღიარებს, რომ ბოლო მატჩები არ იყო კარგი და უნდა გამოვასწოროთ ეს სიტუაცია. ველოდებით ამხანაგურ თამაშებს და იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრები კარგი მოსამზადებელი იქნება შემოდგომის მატჩებისთვის.”

…ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაზე: “ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ერთა ლიგის ახალ გათამაშებას ამბიციით მივუდგებით. გვინდა, რომ ყველა მატჩში მოგებისთვის ვიბრძოლოთ. მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება იქნება.”

…მომავალი კაპიტნის შესახებ: “ქოჩორაშვილის სიტუაცია დიდი ხანია, ვაკვირდები. ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მუხლის ტრავმა აწუხებს. რაც შეეხება ნაკრების მომავალ კაპიტანს – დღეს ამ კითხვას პასუხს ვერ გაგცემთ. მოთამაშეებს დაველაპარაკები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, ვინ გახდება ნაკრების კაპიტანი.”

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი):

…ილია II-ს გარდაცვალებაზე: “ვიზიარებ ქვეყნის მწუხარებას პატრიარქის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქვეყანას. ბედნიერი ვარ, რომ მასთან რამდენჯერმე შეხვედრის ბედნიერება მქონდა.”

…საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელებზე: “ვაგრძელებთ მუშაობას ახალგაზრდა ფეხბურთელების გადმობირებაზე. ამჟამად ნიურნბერგის 17-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელი გვსურს გამოვიძახოთ, რომელიც დედით ქართველია და მას აუცილებლად დავიმატებთ.”

…ჯემალ კაიშვილზე: “რთული სიტუაციაა, ველოდებით მოქალაქეობის დადასტურებას. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ბევრი ახალგაზრდა დავაბრუნოთ. მეორე ამხანაგური ივნისში მწვრთნელთან შეთანხმებით დაიგეგმება.”

წყარო: Betsson.sport