პორტუგალიის მწვრთნელი: ვიცოდი, რომ საქართველო პრობლემებს ვერ შეგვიქმნიდა
SportMedia.Live
პორტუგალიის ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა საიმონ მენიქსმა Rugbypass-თან იმ პროგრესის შესახებ ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა ბოლო პერიოდში განიცადა. ლობუშის წინსვლის გვირგვინად რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი იქცა, რომელშიც პორტუგალიამ საქართველოს ნაკრებს სძლია და ბორჯღალოსნების მრავალწლიანი ჰეგემონია დაამხო.
საიმონ მენიქსი (პორტუგალიის რაგბის ნაკრების მწვრთნელი): “მინდა, რაგბის ქომაგებმა კარგად გაითავისონ თუ პორტუგალიის ნაკრებმა ამ წარმატებამდე რამხელა გზა გაიარა. უნდა ვაღიარო, რომ თავიდან ძალიან გამიჭირდა. გუნდის შიგნით არანაირი სარაგბო კულტურა არ არსებობდა. ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიხდა. სიტუაციას ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი: ეს გუნდი 2023 წლის მსოფლიო თასზე როგორ მოხვდა? ალბათ, არსებობს რაღაც, რასაც ვერ ვხედავ.
ჩვენს წინსვლაში აუცილებლად უნდა აღინიშნოს ფრენჩაიზის როლი. ლუზიტანუშის შექმნამ ბევრი სარგებელი მოგვიტანა. გუნდში 19 წლის მორაგბეები გვყავდა, რომლებიც ეროვნულ გუნდთან ახლოსაც კი არ იყვნენ, მაგრამ დიდი პროგრესი განიცადეს. საერთო ჯამში, 50-მდე პერსპექტიული მორაგბე გამოვცადეთ და ის ბიჭებიც დავიხმარეთ, რომლებიც საფრანგეთის იუნიორთა გუნდებში თამაშობდნენ.
პორტუგალიის ნაკრებმა საკმაოდ მოკლე დროში მოახერხა მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილამდე ასვლა, თუმცა, გასული მსოფლიო თასის შემდეგ ადგილობრივი მასმედიის ყურადღება ვერაფრით დავიმსახურეთ. ხალხი რატომღაც ელოდა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველივე ტურში ბელგიაში წავაგებდით. ეტყობა, 2024 წელს იქ ჩვენი მარცხი ახსოვდათ, თანაც ბელგიამ ხომ არც ისე დიდი ხნის წინ მსოფლიო თასის კვალიფიკაციაში სამოასთან ფრედ ითამაშა.
ამ ფონზე, პორტუგალიის ნაკრებმა ბელგიაში 47:17 იმარჯვა, თუმცა, ამის თაობაზე თითქმის არსად დაწერილა და არც ჩემთვის მოუმართავს ვინმეს კომენტარისთვის. შემდეგ გერმანიას ვეთამაშეთ, რომელმაც მანამდე რუმინეთს სძლია. ისინი 68:12 გავანადგურეთ და ისევ არანაირი რეაქცია. მომდევნო ტურში უკვე რუმინეთთან ავიღეთ 44 ქულა, თუმცა, შეგვეძლო, 70-მდეც ავსულიყავით. იმ მატჩში 3 ლელო გაგვიუქმეს. თამაშის მერე ერთი ჟურნალისტი მოვიდა და ასეთი რამ მკითხა: “ალბათ, იმედგაცრუებული ხართ, რომ ბოლო 15 წუთში მეტი ქულა ვერ მოაგროვეთ?”. მეტი ვერაფერი მოიფიქრა, რომ ეკითხა.
ნახევარფინალში ესპანეთს 26:7 მოვუგეთ და მასმედიის მხრიდან არაფერი შეცვლილა. არადა, მართლა კარგად ვითამაშეთ. ტურნირის განმავლობაში საუკეთესო დაცვა და საუკეთესო შეტევა ვაჩვენეთ, პორტუგალიურ პრესას კი არც ამჯერად “გაუღვიძია”. და ბოლოს, გამარჯვება ფინალში საქართველოსთან. დავიმსახურეთ თუ არა მოგება? ერთმნიშვნელოვნად. ჩვენი ფორვარდები უდიდესი ზეწოლის ქვეშ იყვნენ, თუმცა, ისინი თავის თავში ბოლომდე იყვნენ დარწმუნებულნი, ერთი წამითაც კი არ დანებებულან და დამსახურებულად მოიგეს.
სწორედ ამიტომ მწყდება გული, რომ ფაქტობრივად არავინ მორაგბეების ოჯახების წევრებისა და მეგობრების გარდა, ამ ამბით არ დაინტერესებულა. თუმცა, იქნებ ეს კარგიც იყო, რადგანაც მეტი სტიმული გვქონდა. მომავალშიც ვეცდებით, რომ სწორი გზით ვიაროთ, მითუმეტეს, რომ ვიცით, გუნდში არსებულ ერთიანობას როგორი შედეგი მოაქვს.
საქართველოსთან მატჩის შემდეგ განვაცხადე, რომ თუ გუნდის ნამდვილი სახის ხილვა გსურს, უნდა დააკვირდე როგორ მოქმედებს ის დაცვაში და როგორ გადაადგილდება ბურთის გარეშე. ვიცოდი, რომ თუკი დალაგებულად ვითამაშებდით, საქართველოს ლელოს ხაზთან ჩვენთვის პრობლემების შექმნის შანსი არ ექნებოდა. უნარზე, რომ მორაგბეებს ერთმანეთის საქმეც კი ეკეთებინათ, განსაკუთრებით ბევრი ვიმუშავეთ.
ვიცი, რომ ჩემს მიმართ მაინც ბევრი პრეტენზია არსებობს და ბევრს მიაჩნია, რომ პატრის ლაჟისკეს დროს ნაკრები უკეთ თამაშობდა. 2023 წლის მსოფლიო თასზე მატჩის მოგება მართლაც შთამბეჭდავი შედეგი იყო, თუმცა, ის შრომაც უნდა დავაფასოთ, რომელიც ბოლო 8 თვის განმავლობაში გავწიეთ. მომდევნო მსოფლიო თასამდე კიდევ 18 თვეა და ეს დრო მაქსიმალურად კარგად უნდა გამოვიყენოთ, თუმცა, ჩემი აზრით, პორტუგალიის ნაკრებს პიკი 2031 წლის მსოფლიო თასზე ექნება, რადგანაც ახლა გუნდში მხოლოდ ერთი მორაგბე გვყავს, რომლის ასაკიც 30 წელს სცილდება”.
54 წლის მენიქსმა სამწვრთნელო კარიერა 2007 წელს ფრანგულ რასინგში დაიწყო და მას მერე, მათ შორის, მანსტერს (ირლანდია), პოს (საფრანგეთი), სინგაპურის ნაკრებსა და ბიარიცს (საფრანგეთი) ავარჯიშებდა, პორტუგალიის ეროვნული გუნდის თავკაცად კი 2024 წელს დაინიშნა. 2027 წლის მსოფლიო თასზე პორტუგალია D ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ირლანდია, შოტლანდია და ურუგვაი ეყოლება.
წყარო: Betsson.sport