სხვა

მარკოიშვილი: წარსული უნდა დავივიწყოთ, სეზონის მთავარი ნაწილი იწყება

ფრანგულ მონაკოს, რომლის მთავარ მწვრთნელადაც სეზონის ბოლომდე მანუჩარ მარკოიშვილი იმუშავებს, ევროლიგის გადამწყვეტი მატჩები ელის.

რეგულარული სეზონის დასასრულამდე 6 ტურია დარჩენილი, მონაკოელები კი 18 მოგებითა და 14 მარცხით მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან ანუ პლეი ოფში ავტომატურად გამსვლელ ექვსეულამდე სულ ცოტა აშორებთ.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის ფორმატის თანახმად, მეშვიდე-მეათე ადგილოსნები პლეი ოფის დარჩენილი 2 საგზურისთვის დამატებით შეჯიბრში ჩაებმებიან, თუმცა, ცხადია, რომ მარკოიშვილის გუნდის მთავარი მიზანი ამ ბატალიებისთვის თავის არიდება და საუკეთესო ექვსეულში შესვლა იქნება.

მონაკო მომდევნო თამაშს დღეს, შინ, მილანის წინააღმდეგ ჩაატარებს და მორიგი გამოცდა ელის, რადგანაც იტალიური კლუბისთვისაც თითოეულ მოგებულ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მილანი 16 მოგებით მე-12 საფეხურზეა, მოწინავე ექვსეულს მხოლოდ 2 გამარჯვებით ჩამორჩება და ჯერაც იმედი აქვს, რომ პლეი ოფში გასვლას შეძლებს.

“უნდა დავივიწყოთ წარსულში რა მოხდა, როგორც მოგებები, ასევე – წაგებები. ახლა, სრულად სეზონის გადამწყვეტ ნაწილზე უნდა ვკონცენტრირდეთ, პირველი კი რიგში მილანთან თამაშია. ფსიქოლოგიურად მზად უნდა ვიყოთ, რომ ძალიან ხისტი თამაში იქნება. მილანი ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდია, რომელიც მოედანზე აგრესიულად მოქმედებს და ეს დიდი გამოწვევა იქნება. როგორც შეტევაში, ასევე – დაცვაში უმაღლეს დონეზე გარჯა შეუძლიათ, თუმცა, ჩვენს დარბაზში ვითამაშებთ და ეს უპირატესობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ”, – განაცხადა ქართველმა მწვრთნელმა.

მარკოიშვილისვე თქმით, მონაკოს კვლავაც აწუხებს ტრავმიანობა, რის გამოც მილანთან მატჩშიც ნაკლული შემადგენლობით იქნება. გადაწყვეტილია, რომ მოედანზე ვერ ვიხილავთ ფრანგული კლუბის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავ მაიკ ჯეიმსს, ნიკოლა მიროტიჩმა კი, მართალია, ვარჯიში განაახლა, თუმცა, ბოლომდე მზად არაა და მისი თამაშიც საეჭვოა.

შეგახსენებთ, რომ მანუჩარ მარკოიშვილი მონაკოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მას მერე დაწინაურდა, რაც გუნდმა ვასილის სპანულისი დაითხოვა. მარკოიშვილის ხელმძღვანელობით მონაკოელებმა ევროლიგაში ოლიმპიაკოსსა და ანადოლუ ეფესს სძლიეს, გასულ უქმეებზე კი საფრანგეთის ჩემპიონატშიც იმარჯვეს გრაველინ-დუნკერკთან. მანუჩარის ხელში მონაკოს ერთადერთი მარცხი ასევე შიდა პირველობაზე აქვს ნანსისთან.

წყარო: Betsson.sport