NBA | ბითაძემ 4 ქულა ჩააგდო, ორლანდომ ზედიზედ მეექვსედ წააგო
SportMedia.Live
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა ზედიზედ 7 მოგების შემდეგ მიჯრით მე-6 მარცხი განიცადა. ფლორიდული კლუბი დღეს დილით კლივლენდ კავალიერსს სტუმრობდა და მართალია, კარგად დაიწყო, საბოლოოდ, წარუმატებლად დაასრულა – 131:136.
ქართველი ცენტრი, რომელსაც ბოლო პერიოდში შედარებით მეტი სათამაშო დრო ეძლევა, ამჯერად, მოედანზე 14 წუთი გამოჩნდა და 4 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბითაძემ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
ერთ-ერთ ეპიზოდში გოგა სახელოვანი ჯეიმს ჰარდენის წინააღმდეგ აღმოჩნდა და მის ოსტატობასთან ვერაფერი გააწყო. ვეტერანმა მცველმა ბითაძეს გვერდი იოლად აუარა, ბურთიც ჩააგდო და ქართველს ჯარიმაც აჰკიდა.
მეჯიქის სასტარტო ცენტრმა ვენდელ კარტერმა თამაში 6 ჯარიმის მიღების შემდეგ დატოვა, როდესაც 29 წუთში 15 ქულა ჰქონდა. სტუმრებს 36 ქულით პაოლო ბანკერომ ულიდერა, რომელმაც უკვე პირველ მეოთხედში 16 ქულა მიითვალა, თუმცა, შემდეგ აღებული ტემპი ვერ შეინარჩუნა.
მატჩის გმირი კავალიერსის ვარსკვლავი დონოვან მიტჩელი გახდა, რომელმაც 35 წუთში თამაშიდან 14 სროლა გამოიყენა და 42 ქულა მოაგროვა. მიმდინარე სეზონში მიტჩელმა 40-ქულიან ზღვარს უკვე მეექვსედ გადააბიჯა, რაც ლიგაში მე-4 მაჩვენებელია. საინტერესოა ისიც, რომ დონოვანმა კონკრეტულად მეჯიქს 40 ქულაზე მეტი უკვე მესამედ ჩაუგდო.
ორლანდო 38 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება და სულ უფრო შორდება მოწინავე ექვსეულს, რომლის წევრებიც რეგულარული სეზონის შედეგებით პლეი ოფში ავტომატურად მოხვდებიან. მეჯიქი მომდევნო შეხვედრას 27 მარტს დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერ საკრამენტო კიგსთან ჩაატარებს და იქნებ, დანავსული სერიაც შეწყვიტოს.