ლიგა ენდესას შემდეგ ევროლიგის ჯერია – ხატიაშვილი დებიუტისთვის ემზადება
SportMedia.Live
გასულ უქმეებზე მათე ხატიაშვილმა 17 წლისა და 35 დღის ასაკში ესპანეთის ლიგა ენდესაში პირველი მატჩი ჩაატარა, დღეს კი, არაა გამორიცხული მან ბასკონიას მაისურით სადებიუტო თამაში ევროლიგაშიც ჩაატაროს.
პაოლო გალბიატის მიერ დარიგებულ ბასკურ კლუბს კვლავაც აწუხებს საკადრო პრობლემები, ამდენად, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელი სწორედ ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სერბულ ცრვენა ზვეზდასთან მატჩისთვის ემზადება.
ბასკონიასა და ბელგრადული კლუბის დაპირისპირება ფერნანდო ბუესა არენაზე თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება და თუკი მწვრთნელმა გადაწყვიტა, მოედანზე ქართველი მცველის გამოჩენასაც უნდა ველოდეთ. მითუმეტეს, რომ ბასკონია 32 ტურში მხოლოდ 9 მოგებით ბოლოსწინა მე-19 ადგილზე იმყოფება და ევროლიგის მიმდინარე სეზონში სატურნირო ამოცანები გადასაწყვეტი აღარ აქვს.
“ბასკონიაში მისვლის დღიდან გალბიატი დიდ დროს უთმობს ასაკობრივი გუნდის მოთამაშეებთან ურთიერთობას და მიმდინარე სეზონში უკვე არაერთი კალათბურთელი დააწინაურა, მათ შორის სამნი 2008 წელს არიან დაბადებულნი. სტეფან იოკსიმოვიჩმა, ჯუომ მაკერ ბოლმა და მათე ხატიაშვილმა უკვე მიიღეს სადებიუტო წუთები ლიგა ენდესაში. ეს სამეული იმის დასტურია თუ როგორ კარგად მუშაობს ბასკონიას აკადემია.
გასულ ტურში ყურადღების ცენტრში ხატიაშვილი მოექცა, რომელსაც ასაკობრივ გუნდში დიდი წარმატებები ჰქონდა, თუმცა, დიდებში პირველად უხმეს და უკვე ქულების აღებაც მოასწრო: ჟირონასთან მატჩში საჯარიმოები ჩააგდო. მათემ თავისი ოსტატობა ახალგაზრდულ ევროლიგაშიც წარმოაჩინა, როდესაც ოთხ მატჩში საშუალოდ 13.2 ქულას, 4.5 პასსა და 2,5 მოხსნას აგროვებდა”, – წერს Solobasket.
ბასკონიას მთავარი ბრძოლები ესპანეთის ჩემპიონატში ელის, სადაც 15 მოგებითა და 7 მარცხით მე-5 ადგილზე იმყოფება და ოთხეულში შესასვლელად იბრძვის, რაც პლეი ოფში მოედნის უპირატესობას მისცემს. რაც შეეხება ევროლიგას, როგორც აღვნიშნეთ, გუნდს უკვე დაკარგული აქვს პლეი ოფში გასვლის შანსი. ამდენად, შეუძლია, უფრო თავისუფლად ითამაშოს და მწვრთნელსაც მეტი ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება ექნება, რაც ხატიაშვილის შანსებსაც ზრდის.
ევროლიგის ეგიდით, ბასკონიას 6 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. ცრვენა ზვეზდას გარდა, ქართველი კალათბურთელის გუნდი ჰაპოელ თელ ავივს (27 მარტი), რეალს (3 აპრილი), მაკაბი თელ ავივს (7 აპრილი), ბოლონიასა (10 აპრილი) და პარტიზანს (16 აპრილი) დაუპირისპირდება.