25 წელია, საქართველოს ისრაელისთვის გოლი არ გაუტანია – განსაკუთრებული ფაქტები
SportMedia.Live
გახსოვთ, რომელ მატჩში გაიტანეს საქართველოს ნაკრების ფორმით უკანასკნელი გოლები თემურ ქეცბაიამ და არჩილ არველაძემ?
აქ კიდევ ბევრ ისეთ ფაქტს აღმოაჩენთ, რომლებიც ალბათ აღარ გახსოვთ, ან საერთოდ არ იცოდით.
ეროვნულ გუნდს ისრაელთან თამაშების საკმარისად დიდი ისტორია აქვს საიმისოდ, რომ მეხსიერებიდან ასეთი ფაქტები ამოგვეღო. ასევე წარმოგიდგენთ და გაგახსენებთ მატჩების პროგრამებსა და ბილეთებს.
🟠 საქართველოს ეროვნულ გუნდს ისრაელის ნაკრებთან 6-ჯერ უთამაშია.
1994 წელი, აშდოდი: ისრაელი 2:0 საქართველო
2000 წელი, აშქელონი: ისრაელი 1:1 საქართველო
2001 წელი, თბილისი: საქართველო 3:2 ისრაელი
2004 წელი, თბილისი: საქართველო 0:1 ისრაელი
2010 წელი, თბილისი: საქართველო 0:0 ისრაელი
2011 წელი, თელ ავივი: ისრაელი 1:0 საქართველო
ჯამში: 1 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება. ბურთების შეფარდება: 4:7.
🟠 საქართველოს და ისრაელის ნაკრები გუნდები თბილისში ერთმანეთს მეოთხედ შეხვდებიან, აქედან მეორედ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.
🟠 ისრაელთან მატჩებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი შემდეგ ფეხბურთელებს ჰქონდათ: არჩილ არველაძე (1994), თემურ ტუღუში (1994), მალხაზ ასათიანი (2001), ლევან მელქაძე (2001), ვალერი აბრამიძე (2001), თორნიკე აფციაური (2004), კახა მჟავანაძე (2004).
🟠 ისრაელთან საქართველოს ნაკრებში უკანასკნელი მატჩი ითამაშა თორნიკე აფციაურმა 2004 წელს. ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვისაც დებიუტი და ბოლო მატჩი ისრაელის ნაკრებთან ჰქონდა.
🟠 საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, ისრაელის ნაკრებთან 2004 წელს ჰქონდა დებიუტი ფრანგ ალენ ჟირესს.
🟠 ეროვნული გუნდის სხვა მწვრთნელები, რომლებიც საქართველოს პირველ გუნდს ისრაელთან თამაშებში წვრთნიდნენ: ალექსანდრე ჩივაძე (1994), დავით ყიფიანი/რევაზ ძოძუაშვილი (2000,2001), თემურ ქეცბაია (2010,2011). ყიფიანი/ძოძუაშვილის დუეტის მიწერ გაწვრთნილი ნაკრები ერთადერთია, რომელმაც ისრაელის ნაკრებთან მოგება მოახერხა.
🟠 თემურ ქეცბაია ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდა როგორც ნაკრების ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის რანგშიც. ისრაელის ნაკრების მხრიდან ასეთი 26 მარტის შემდეგ რან ბენ შიმონი გახდება, ვინც ახლა არის ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და 1994 წელს საქართველოს ნაკრებთან მატჩში ითამაშა.
🟠 ისრაელის ნაკრებთან საქართველოს 4 გოლი აქვს გატანილი: გიორგი ქინქლაძე (2000), თემურ ქეცბაია 2 (2001), არჩილ არველაძე (2001). არჩილ არველაძე ნაკრების ჯერჯერობით ბოლო ფეხბურთელია, ვინც ისრაელს გაუტანა.
🟠 25 წელია, საქართველოს ნაკრებს ისრაელისთვის გოლი არ გაუტანია.
🟠 ისრაელის ნაკრები პირველი გუნდია, რომელთან მატჩშიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა პენალტი ვერ გამოიყენა: 1994 წელს, თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზაზა რევიშვილმა გააფუჭა.
🟠 1994 წელს, ისრაელში ამხანაგური მატჩის გარდა, საქართველოს ნაკრებმა არაოფიციალური მატჩი ითამაშა ისრაელის ოლიმპიურ ნაკრებთან. ის თამაში 3:1 დასრულდა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, გოლები გაიტანეს მიხეილ ყაველაშვილმა, დავით ჯანაშიამ და გოჩა ჯამარაულმა. ისრაელის ოლიმპიურის გოლიც ქართველმა გაიტანა – ნუგზარ ლობჟანიძემ საკუთარ კარში. არაოფიციალურ მატჩში საქართველოს ნაკრების რიგებში ითამაშა გიორგი ანჩაბაძემ, რომელსაც ეროვნულ გუნდში ოფიციალურ მატჩებში არასდროს უთამაშია.
🟠 თემურ ქეცბაიამ და არჩილ არველაძემ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თავიანთი უკანასკნელი გოლები სწორედ ისრაელის ნაკრების კარში გაიტანეს.
🟠 ისრაელის ნაკრების მწვრთნელებიდან პირველი, ვინც საქართველოს ნაკრებთან ითამაშა, შლომო შარფია – მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტს გამოქცეული, საბჭოთა კავშირში ალტაის მხარეში დაბადებული. შარფი მსოფლიო ფეხბურთში „ესკორტის სკანდალით“ არის ცნობილი. როდესაც ევრო 2000-ის საგზურისთვის ისრაელის ნაკრები შეხვდა დანიის ნაკრებს პლეი-ოფში, დანიაში მატჩამდე, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მთავარმა მწვრთნელმა შლომო შარფმა და რამდენიმე ფეხბურთელმა ესკორტის მომსახურებით ისარგებლეს. ისრაელმა ორი მატჩის ჯამში 0:8 წააგო. შემდეგი მწვრთნელი, ვინც საქართველოსთან ითამაშა დანიელი რიქარდ მიოლერ-ნილსენია, ევრო 1992-ის ტრიუმფატორი დანიის ნაკრების მწვრთნელი. საქართველოს ნაკრებთან მატჩებში ისრაელს ასევე წვრთნიდნენ ავრამ გრანტი და ლუის ფერნანდესი. ცნობისთვის, საფრანგეთის ნაკრებში უკანასკნელი მატჩი ლუის ფერნანდესმა რიქარდ მიოლერ-ნილსენის დანიასთან ითამაშა ევრო 92-ზე.
🟠 ისრაელის ნაკრების რიგებში საქართველოსთან მატჩისთვის გამოძახებულია როი რევივო, ჰაიმ რევივოს ვაჟი. როი თუ ითამაშებს, ისინი იქნებიან პირველი მამა-შვილი ფეხბურთელები ისრაელის ნაკრებში, ვისაც საქართველოს ნაკრებთან უთამაშიათ. ჩვენი მხრიდან ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა.
🟠 საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებელი ვილი სანიოლი მწვრთნელის რანგში პირველად დაუპირისპირდება ისრაელის ნაკრებს. ფეხბურთელობისას, 2005 წელს, მსოფლიოს 2006 წლის შესარჩევ მატჩში ითამაშა, რომელიც 1:1 დასრულდა.
🟠 საინტერესოა, რომ ორ მატჩში მსაჯები ადგილობრივი არბიტრები იყვნენ: 1994 წელს მთავარი მსაჯი ჰაიმ ლიპკოვიჩი იყო, ხოლო 2001 წელს – სერგო კვარაცხელია.
წყარო: Betsson.sport