Site icon sportmedia.live

20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა საქართველოში სტუმრად მყოფ მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტ-მატჩი გამართა, ხუთის წილ ერთი ლელო გაუტანა და 5:35 ჩამორჩა.

 

შეხვედრა „ლელო არენაზე“, ძლიერი წვიმის ფონზე გაიმართა. ამ ჯერზე ჩვენი გუნდი პირველ თამაშზე უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა მეტოქემ ჩვენი შეცდომებiთ ისარგებლა.

 

პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. საწყის წუთებში მასპინძლები ორჯერ შევიდნენ მეტოქის 22-ში, მაგრამ მეტოქე მოლში კარგად დაგვიხვდა. საპასუხოდ სტუმრებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს, ფრთაზე მეტობა შექმნეს და ლელოთი ანგარიში გახსნეს. ტაიმის შუაში შეტევაში ორი შეცდომა დავუშვით, რითაც სამხრეთ აფრიკამ ისარგებლა და კონტრშეტევებზე კიდევ ორი ლელო გაიტანა.

 

ამის შემდეგ ჩვენც გვქონდა სალელოვე შანსი, როდესაც რაქიდან ბურთი ხაზზე გავიდა და დავით ბარბაქაძის ფეხით თამაშის შემდეგ ლელო დათა ახვლედიანმა გაიტანა, თუმცა საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო და დააფიქსირა, რომ ახვლედიანს დამიწება მცველმა წამის მეასედით დაასწრო. ტაიმის დასკვნითი წუთები შეტევებში გავატარეთ და მეტოქის მგეზავის სინბინის შემდეგ რიცხობრივი უპირატესობა მოვიპოვეთ, თუმცა სტუმრებმა თავი ამჯერადაც დაიცვეს.

 

სამაგიეროდ უპირატესობა მეორე ტაიმის დებიუტშივე გამოვიყენეთ. მორკინალებმა მეტოქის 22-ის სიღრმეში უპირატესობის ხაზი გადალახეს, მერე ბურთი თემურ ძოძუაშვილმა ფეხით ფრთაზე გადაკიდა, მას ნიკა ხალვაში ნახტომში დაეუფლა და ალამთან დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო. 53-ე წუთზე სტუმრებმა სწრაფი შეტევით გვიპასუხეს, რამდენიმე ბოჭვა გაფუჭდა და სტუმართა მეოთხე ლელო გავიდა. რთული პოზიციიდან გარდასახვა ზუსტი იყო.

 

59-ე წუთზე მეორე ლელოს გატანის შანსი გვქონდა, როდესაც მცველმა ფეხით შეცურებული ბურთი თავის ლელოში ვერ დაიმორჩილა, თუმცა საბა შარვაშიძეს დამიწება დაასწრეს. 74-ე წუთზე აფრიკელები ერთხელაც დარჩნენ კაცნაკლული, მაგრამ თავი დაიცვეს, შეხვედრის მიწურულს კი ძალისმიერი ლელო გაიტანეს და გარდასახვის შემდეგ საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 35:5.

 

27 თებერვალი. 20-წლამდელთა ტესტ-მატჩი

 

თბილისი. „ლელო არენა“

 

საქართველო – სამხრეთ აფრიკა 5:35 (0:21)

 

საქართველო

 

ხაზი: 15. საბა შარვაშიძე (არმია), 14. ლუკა ტაბატაძე (არმია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (ლიონი), 11. დათა არობელიძე (არმია), 10. თემურ ძოძუაშვილი (აია), 9. დავით წიკლაური (ხვამლი);

 

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი (კასტრი), 2. გიორგი აღნიაშვილი (კარკასონი), 3. ლევან ეზიეშვილი (მონტობანი), 4. გიორგი მეფარიშვილი (აია), 5. ნიკა ჩხორთოლია (მონპელიე), 6. ლუკა ნარსია (აია, კაპ.), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი), 8. გიორგი ბოჩიკაშვილი (ხვამლი).

 

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ორიაკი), 18. დავით ხურციძე (ლელო), 19. თორნიკე ტორაძე (აია), 20. ლუკა შულაია (ლელო); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. გიორგი მუშკუდიანი (აია), 23. ნიკა ხალვაში (ლელო).

 

Rugby.ge

Exit mobile version