ჩემპიონთა ლიგაში ჩელსისთან ჩატარებული დამაჯერებლად მოგებული მატჩების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია და პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონატს დაუბრუნდენ. ლუის ენრიკეს გუნდმა ლიგა 1-ის 27-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად ნიცას ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა, 3 ქულა განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე მოიპოვა და სატურნირო ცხრილს ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს.
კვარას გატანის პირველი რეალური მომენტი მე-19 წუთზე ჰქონდა, როდესაც მარცხენა ფრთიდან შეუტია და კარის შორეული კუთხისკენ დაარტყა. ბურთმა მასპინძელთა მცველის ფეხიდან ტრაექტორია შეიცვალა და სანტიმეტრებში ჩაუარა ძელს.
სტუმართა ქართველ შემტევს გატანის კიდევ უფრო მაგარი შანსი 37-ე წუთზე ჰქონდა. სენი მაიულუს ჩაწოდების შემდეგ, კვარამ დაუცველ კარში თავით დაარტყა, მაგრამ ნიცას მცველმა ჯუმა ბამ ფეხი სასწაულებრივად დაუხვედრა.
პარიზელებმა ტაიმის მიწურულს ანგარიში მაინც გახსნნეს. 42-ე წუთზე, დეზირე დუეს დარტყმის შემდეგ ბურთი მორგან სანსონს ხელზე მოხვდა, პენალტი კი გოლად ნუნუ მენდეშმა აქცია. ამ უკანასკნელმა შესვენების შემდეგ მალევე საგოლე გადაცემაც შეასრულა და დუეს ანგარიშის გაზრდაში დაეხმარა, პრეასისტი კი კვარაცხელიას ჰქონდა.
საათის თავზე ნიცა კაცნაკლული დარჩა, 63-ე წუთზე კი იყო ეპიზოდი, როდესაც დუე და კვარაცხელია მასპინძელთა მეკარესთან გავიდნენ, მაგრამ დეზირემ უკეთეს პოზიციაში მყოფი თანაგუნდელისთვის პასის გაკეთებას, კარში დარტყმა ამჯობინა. ბურთი მეკარეს სახეში მოხვდა და ნიცა გადარჩა. მოგვიანებით კვარამ კი გაიტანა, მაგრამ გადაცემის ავტორ უსმან დემბელეზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
ლუის ენრიკემ ქართველი შემტევი 76-ე წუთზე იბრაჰიმ მბაიეთი შეცვალა, თამაშის მიწურულს კი ანგარიში გამანადგურებელი დრო ფერნანდესმა და უორენ ზაირ-ემერიმ გახადეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის ღირსება ლიგა 1-ის 22 მატჩში დაიცვა და 4 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. ქართველი შემტევი გაცილებით შედეგიანია ჩემპიონთა ლიგაში, სადაც 11 თამაშში 7 გოლი და 4 ასისტი აქვს.
პსჟ-ს 26 თამაშში 60 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია, უახლოეს მდევარ ლანსს კი, რომელსაც თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, ქულით უსწრებს. პარიზელებს 3 აპრილს ლიგა 1-ში ტულუზთან საშინაო დაპირისპირება ელით, 8-ში კი საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალის პირველ თამაშს გამართავენ გიორგი მამარდაშვილის ლივერპულთან.
https://cdn.jwplayer.com/previews/QMFZqyox
ნიცა 0:4 პსჟ
გოლები: 0:1 მენდეში (პენ.42’), 0:2 დუე (49’), 0:3 ფერნანდესი (81’), 0:4 ზაირ-ემერი (85’)
გაძევება: ნდაიიშიმიიე (61’ ნიცა)
წყარო: Betsson.sport