ფეხბურთი

ხვიჩას დასვენება თუ თამაში? – ენრიკეს მთავარი დილემა “ბაიერნამდე” და სავარაუდო შემადგენლობა

პსჟ-ის მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენაა, სადაც მათ მიუნხენის “ბაიერნი” ელით. პირველ, პარიზულ დაპირისპირებამდე შიდა ასპარეზზე 3 მატჩია, ორი შინ და ერთი სტუმრად. კვირას, 22:45 საათზე, პრინციპული დაპირიაპირებაა, “სტად დე პრენსზე” “ლიონის” წინააღმდეგ. 

 

ლუის ენრიკეს რამდენიმე დილემა აქვს:

1. მისცეს მეტი დასვენების საშუალება მათ, ვინც უფრო გადაღლილია(მაგალითად, ვიტინია); 2. ფეხბურთელები, რომლებიც კარგ ფორმაში არიან, ტონუსიდან არ უნდა ამოაგდოს(მაგალითად, კვარაცხელია); 3. ათამაშოს, ვინც ნაკლებ ნდობას გრძნობს, არადა, სეზონის ბოლოს მათი საჭიროება იქნებ დადგეს(მაგალითად, მეკარე შევალიე და ფორვარდი რამოსი); 4. ბოლომდე რეაბილიტაციის საშუალება, ვინც ტრავმა მიიღო(მენდეში და დუე); 5. სწრაფ და ხარიახიან დაბრუნებაში შეუწყოს ხელი ახლადმომჯობინებულებს(რუისი და ბარკოლა); 6. მარჯვენა ფლანგზე ბარკოლას მეტი დრო მისცეს, რადგანაც “კვარას” მნიშვნელოვან მატჩებში ფრთას ვეღარ შეუცვლის.

 

ჩემპიონობა ახლოსაა, მაგრამ “ლიონი” ის მოწინააღმდეგეა, სადაც ესპანელი მწვრთნელი დუბლშემადგენლობით უბრალოდ, არ ითამაშებს. ეს გუნდები ერთმანეთს ბოლოს 9 ნოემბერს შეხვდნენ, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. გასულ წელს “კვარამ” მათთან საგოლე პასი შეასრულა, ამის გაკეთება კი საპირისპირო მხრიდან გიორგი მიქაუტაძემ შეძლო. “ჟორჟის” გოლიც და მეკარე დონარუმასთან ინცინდენტიც გვახსოვს.

 

მიუხედავად ლიდერების წასვლისა, “ლიონს” მშვენიერი სეზონი აქვს და ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძვის.

 

შუა კვირაში, როცა პსჟ პირველ გადადებულ მატჩს ჩაატარებს, მეორეადგილოსან “ლანსთან” ჰანდიკაპს უკეთ გაარკვევს, კიდევ ერთი აღსდაგენი დაპირისპირება კი ამ ორ გუნდს შორის 13 მაისა შედგება. “ბაიერნთან” ორ მატჩს შორის “ლორიანის” მასპინძლობაა, რომლის თარიღის შეცვლაც აღარ იგეგმება.

 

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა “ლიონთან”: შევალიე – ჰაკიმი, ზაბარნი, პაჩო, ერნანდესი – ბერალდო, დრო, ლი – ბარკოლა, რამოში, კვარაცხელია.

 

რამდენიმე საათით ადრე, 18:15 საათზე, წიტაიშვილის, აბუაშვილისა და ქვილითაიას თითქოს გასავარდნად განწირული “მეცი” “პარიზს” უმასპინძლებს.

 

კვირას, მანამდე, 17:00 საათზე, ინგლისში მერსისაიდული დერბია, ევერტონი – ლივერპული და თუკი მეკარე ალისონი დროზე ადრე არ მომჯობინდა, “წითლების” კარში კვლავ გიორგი მამარდაშვილს ველით. 

 

ცოტა გვიან, 17:30 საათზე, გერმანიაში ბუდი ზივზივაძის აუტსაიდერი “ჰაიდენჰაიმი” “ფრაიბურგს” ესტუმრება.

წყარო: Sportall.ge