Site icon sportmedia.live

ხვალიდან პრაღაში – მსოფლიო იწყება, საქართველო ფავორიტთა შორის იქნება

ხვალიდან ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობითა და ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ჩაებმება.

უკვე ცნობილია ტურნირის დეტალური განრიგი, რომლის თანახმადაც პირველები ყინულზე ქალები გავლენ. 25 მარტს მოკლე პროგრამა თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება, საქართველოს ღირსებას კი ანასტასია გუბანოვა დაიცავს. 

მან გასულ წელს მსოფლიოს პირველობაზე მოკლე პროგრამაში მხოლოდ 28-ე შედეგი აჩვენა და თავისუფალი პროგრამის მიღმა დარჩა, ამდენად, რეაბილიტაცია მართებს. გუბანოვა წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე მე-5 პოზიციაზე გავიდა, ოლიმპიურ თამაშებზე კი მე-9 შედეგი დააფიქსირა.

კაცებში ყინულზე ნიკა ეგაძე გავა, რომელიც ევროპის პირველობაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ოლიმპიადაზე კი მე-10 შედეგი დააფიქსირა. შარშან ბოსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიკამ მე-9 ადგილი დაიკავა.

წარმატების მიღწევის ყველაზე კარგი შანსი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ექნებათ სპორტულ წყვილთა შეჯიბრში. ისინი ევროპის მოქმედი ჩემპიონები და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსნები არიან, შარშანდელ მსოფლიოს პირველობაზე კი, კვარცხლბეკამდე ცოტა დააკლდათ – მე-4 ადგილი დაიკავეს.

სპორტულ ცეკვებში საქართველოს სახელით ყინულზე დიანა დევისი და გლებ სმოლკინი გავლენ. ისინი შარშანდელ მსოფლიოს პირველობაზეც ვიხილეთ, სადაც მე-10 ადგილი დაიკავეს. წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე დევისი და სმოლკინი მეექვსეები იყვნენ, ოლიმპიადაზე კი მე-13 საფეხური დაიკავეს.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში

25 მარტი

ქალები (მოკლე პროგრამა) – 14:30-19:20
სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა) – 21:45-01:15

26  მარტი

კაცები (მოკლე პროგრამა) – 14:30-19:25
სპორტული წყვილები (თავისუფალი პროგრამა) – 21:15-00:55

27 მარტი

სპორტული ცეკვები (მოკლე პროგრამა) – 14:30-19:25
ქალები (თავისუფალი პროგრამა) – 21:00-00:50

28  მარტი

კაცები (თავისუფალი პროგრამა) – 15:30-19:20
სპორტული ცეკვები (თავისუფალი პროგრამა) – 21:30-00:50

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version