Site icon sportmedia.live

ხარატიშვილი: თვითკრიტიკული ვარ და ტოპლიგაშიც ასეთი ვიქნები

ლუკა ხარატიშვილმა გასული წლის ზაფხულში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად იყო.

ზოგადად, ის ბოლო წლებში ეტაპობრივად პროგრესს განიცდის: ჯერ იყო და, ეროვნულ ლიგა 2-ში თამაშობდა, სადაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა 2022 წელს, შემდეგ ეროვნულ ლიგაში დაიწყო თამაში და დინამო ბათუმშიც ძირითად შემადგენლობაშიც დამკვიდრდა, რასაც ახალგაზრდულ ევროზე წარმატებული გამოსვლა მოჰყვა.

ხარატიშვილი ზაფხულში ჩეხეთში წავიდა, პარდუბიცეში, სადაც თავიდან არ უწევდა თამაში, მხოლოდ მეორე გუნდში, მაგრამ შრომით მოახერხა სამწვრთნელო შტაბის დარწმუნება თავის შესაძლებლობებში. ბოლო პერიოდში ის გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია – მაგალითად, ბოლო ოთხ ტურში შეუცვლელად ითამაშა. კარგი მატჩებიც აქვს, ყველაფერი კი 30 ნოემბერს, პრაღის სპარტასთან საგარეო შეხვედრით დაიწყო, რომელშიც მისმა გუნდმა მოულოდნელად 4:2 მოიგო, ხოლო დებიუტანტმა ქართველმა დამაჯერებლად ითამაშა.

ჩვენ ლუკას დავუკავშირდით და მის კარიერაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ. ხარატიშვილი ამბობს, რომ შრომას არ შეწყვეტს და ყველაფერს გააკეთებს, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს.

betsson.sport: როგორ მიმდინარეობს სეზონი კლუბისთვის და პირადად შენთვის?

ლუკა ხარატიშვილი: მთავარი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, რისთვისაც ვიბრძვით და ამისთვის ყოველდღიურად თითოეული ფეხბურთელი ბევრს ვმუშაობთ. ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა და დიდი ამბიციები აქვთ, ფეხბურთელებს ყველნაიარად კარგ პირობებს გვიქმნიან. ჩემი მიზანიც იგივეა, რომ კლუბს დავეხმარო ამ მიზნის მიღწევაში.

betsson.sport: როგორ მოერგე კლუბს და ჩეხეთის ჩემპიონატს? ადაპტაციის პერიოდი დასრულდა?

ლუკა ხარატიშვილი: ვფიქრობ, ადაპტაციის პერიოდი უკვე გადავლახე და გუნდში სრულფასოვან წევრად ვგრძნობ თავს. ჩეხეთის ჩემპიონატი ცოტა სპეციფიკურია, სულ სხვა სათამაშო სტილია, უფრო მაღალ ბურთებზე მიდის ბრძოლა, ძალიან მაღალი ტემპია და ფიზმომზადებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. აქედან გამომდინარე, პირველი ერთი თვე გამიჭირდა და ეს დრო დამჭირდა, რომ ჩემი ორგანიზმი მიჩვეულიყო ამ ტემპს, ასევე, სათამაშო სტილს, იმიტომ, რომ მთელი კარიერა, რომელ გუნდებშიც ვიყავი, სულ ბურთს ვაკონტროლებდით და თამაშში ფეხით ჩართულობა ჩემი მხრიდან დიდი დოზით იყო, მაგრამ ჩეხეთი ამ მხრივ განსხვავებულია, ბურთის კონტროლს უპირატესობა არ ენიჭება.

betsson.sport: თავიდან მეორე გუნდში გიწევდა თამაში, შემდეგ ნელ-ნელა მოახერხე ძირითადში დამკვიდრება, მანამდე ძირითადში ვინც თამაშობდა, იახიმ სერაკი, წავიდა… რას იტყვი ამის შესახებ, რამდენად რთული იყო დამკვიდრება?

ლუკა ხარატიშვილი: ჩეხეთი ზოგადად, გამოირჩევა მეკარეების სკოლით და ნამდვილად კარგი მეკარეები ჰყავთ, როგორც ჩემპიონატში, ასევე ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებებში. თავიდან ნამდვილად მიწევდა მეორე გუნდში თამაში, იქედან გამომდინარე, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ თითქმის 5 თვე ნათამაშები არ მქონდა. მწვრთნელებმა მითხრეს, რომ მეორე გუნდში უნდა დამეწყო, რათა სათამაშო ფორმა აღმედგინა და შემდეგ შანსი უნდა გამოიყენოო. ზუსტად ასე მოხდა, იმაზე ბევრად მეტს ვშრომობდი და ვშრომობ, ვიდრე აქამდე. უფრო მეტად ვუთმობ ყურადღებას რეჟიმს, კვებას და ყველა იმ კომპონენტს, რაც მჭირდება და რაც უფრო მეტად განვითარებაში დამეხმარება. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დაინახეს და შანსი მომცეს, რომელიც გამოვიყენე და დღეს ძირითად მეკარედ მოვიაზრები. თუმცა, ამ ყველაფერს შენარჩუნება სჭირდება, რისთვისაც, როგორც თავიდან აღვნიშნე, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ყველა ვარჯიშსა თუ თამაშზე უკეთესი ვიყო, პროგრესი გავაგრძელო.

betsson.sport: ჩეხეთის ჩემპიონატის დონეზე რას გვეტყვი და რითი განსხვავდება საქართველოს ჩემპიონატისგან?

ლუკა ხარატიშვილი: განსხვავება ისაა, რომ ჩეხეთის ჩემპიონატში ბურთი თითქმის არ ჩერდება, სულ მოძრაობაა, ტემპი ძალიან მაღალია, ისეთი, რომ სამწუხაროდ, შედარებაც არ ღირს ჩვენს ჩემპიონატთან. ასევე, ფიზიკურ მომზადებას ყველა კლუბი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და დროს უთმობს, რადგან დღევანდელ ფეხბურთში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. აგრეთვე, პროფესიონალიზმი მინდა დავამატო, საქმისადმი მიდგომით და ცხოვრების წესით ძალიან პროფესიონალები არიან.

betsson.sport: სლავია, სპარტა და პლზენი სხვა გუნდებზე მართლაც ერთი თავით ძლიერები არიან?

ლუკა ხარატიშვილი: დიდი კლუბები არიან, დიდი ისტორიით, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ერთი თავით მაღლა არიან დანარჩენებზე. ჩვენ ბოლო ადგილზე ვიყავით, როცა სპარტას 4:2 მოვუგეთ. კარგად გვქონდა დაგეგმილი ეს თამაში, ბიჭებმა ყველაფერი საუკეთესოდ შეასრულეს. ჩეხეთის ჩემპიონატში ყველასთან თამაში და გამარჯვება შეიძლება, მთავარი გჯეროდეს, რომ შეგიძლია.

betsson.sport: რა განსხვავებაა უშუალოდ სავარჯიშო მეთოდებში, პროცესში?

ლუკა ხარატიშვილი: უფრო მეტი დატვირთვებია, ვიდრე აქამდე მქონდა, მაგრამ შევეჩვიე და თავს კარგად ვგრძნობ. ჩემთვის სასიამოვნოა ეს პროცესი, ყველა დეტალს, მოქმედებას ექცევა ყურადღება, რომ ერთი პატარა დეტალიც კი არ გაიპაროს და ყველაფერი იდეალურად შევასრულოთ, როგორც მეკარეებმა, ასევე ფეხბურთელებმა. სწორი და მიზანმიმართული დავალებები გვაქვს. ვმუშაობთ მინუსებზე, რომ პლუსებად ვაქციოთ. თითქმის ნახევარ დღეს ბაზაზე ვატარებ, მაგრამ ეს პროცესი სასიამოვნოა.

betsson.sport: დებიუტი პრაღის სპარტასთან გქონდა. ჩეხური ფეხბურთის გრანდთან, მაშინ, პარდუბიცე აუტსაიდერი იყო, მაგრამ გაიმარჯვეთ. როგორ გაიხსენებ ამ თამაშს?

ლუკა ხარატიშვილი: ძალიან კარგი დებიუტი გამოდგა, ისტორიული მოგება იყო, რადგან პარდუბიცეს პრაღაში, სპარტა არასდროს ჰყავდა დამარცხებული და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე ამ გამარჯვებაში. სტადიონი მთლიანად სავსე იყო, თითქოს, ევროტურნირის თამაშზე ვიყავი ისეთი ქომაგობა და ატმოსფერო იყო. ყველაფერი იდეალურად, რაც ფეხბურთს სჭირდება და ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ჩვენ გვინდოდა.

betsson.sport: შენი მატჩებიდან, რომლებიც ითამაშე, რომელს გამოარჩევდი, შენი აზრით, რომელი იყო საუკეთესო?

ლუკა ხარატიშვილი: ყველა თამაში თავისებურად მნიშვნელოვნი იყო. ჯერ მაინც შეჩვევის პრიოცესში ვარ და ვფიქრობ, წინ ბევრი კარგი ამბავი მელოდება. მინდა, ის ფორმა დავიბრუნო, რომელშიც ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი. ამისთვის მეტი თამაშია საჭირო. განსხვავებული ლიგაა, რომელთანაც შეჩვევას დრო სჭირდება, რათა გაიხსნა, რაც ბოლო პერიოდში გამომდის. ასე რომ, ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და ვაგრძელებ ჩემი მიზნებისთვის ბრძოლას, რომ უფრო უკეთესი გავხდე.

betsson.sport: ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი გავიხსენოთ. საფრანგეთთან შენი თამაში და ზოგადად ეს მატჩი. რა დაგვაკლდა ჯგუფიდან გასასვლელად?

ლუკა ხარატიშვილი: საფრანგეთთან მატჩში ვიგრძენი ყველა ემოცია, რაც შეიძლება ფეხბურთს მოჰქონდეს ფეხბურთელისთვის. ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო თითოეული ჩვენგანისთვის. მოგეხსენებათ, საფრანგეთი რამდენად ძლიერია, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ და გვქონდა იმის შანსი, რომ მოგვეგო და ჯგუფიდან გავსულიყავით. თუმცა, ფეხბურთში ასეთი იმედგაცრუებები ხდება, რაც ძალიან სამწუხაროა. არასდროს ვიტყვი, რომ იმ თამაშში მოგებას არ ვიმსახურებდით, პირიქით, ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, უბრალოდ არ გაგვიმართლა, გამოუცდელობამ თავისი ქნა. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები ყოველ კვირაში ტოპლიგებში თამაშობენ სისტემატურად, მათთვის მატჩს იმხელა დატვირთვა არ ჰქონდა ფსიქოლოგიურად, როგორც ჩვენთვის. როცა აგებდნენ, ნერვიულობა არცერთს ეტყობოდა და მიჰყვებოდნენ იმ გეგმას, რა გეგმითაც თამაშზე გამოვიდნენ. თუმცა, მადლობელი ვარ ყველა ფეხბურთელის და სტაფის წევრის, რომ ამ ნაკრებში ვიყავი და ერთად გავატარეთ ეს ბედნიერი დრო, რომელიც ყოველთვის ჩემს გულში იქნება. მოგონებები, რომელსაც ყოველთვის ბედნიერი გავიხსენებ.

betsson.sport: ევროზე გასვლაში დიდი წვლილი შეიტანე, ხორვატიასთან ორი გადამწყვეტი პენალტი მოიგერიე…

ლუკა ხარატიშვილი: ნამუშევარი გვქონდა, მეტოქე ფეხბურთელების პენალტები შევისწავლეთ, სპეციალური თეორია გვქონდა მეკარეებს გავლილი, მათი თითქმის ყველა პენალტი გვქონდა ნანახი. ფურცელი მქონდა პირსახოცში გახვეული, სადაც ყველაფერი მეწერა, მაგრამ ბოლო პენალტის წინ რაღაცნაირად ამომივარდა თავიდან, რომ ჩამეხედა ფურცელში იმდენად ემოციური და გადამწყვეტი მომენტი იყო. რაღაცნაირად, შინაგანად ვიგრძენი, ღმერთის წყალობით გამიმართლა. მეორე პენალტზე უფრო თავდაჯერებული ვიყავი და ვიგრძენი საით ურტყამდა, ისე იდგა, ისეთი მოძრაობა გააკეთა, დავიჯერე, რომ ჩემგან მარცხენა დაბალ კუთხეში დამირტყამდა.

betsson.sport: შესანიშნავი ევროს შემდეგ, თითქოს, ყველა ველოდით, რომ უფრო მაღალ დონეზე დაინტერესდებოდნენ შენით. თუ შეგიძლია ამაზე საუბარი, იყო რეალური ინტერესი კონკრეტული გუნდებისგან?

ლუკა ხარატიშვილი: დიახ, იყო სხვა გუნდებისგან ინტერესი, მაგრამ არ გამოვიდა, რატომ და რის გამო, არ ვიცი და არც მინდა, ამაზე საუბარი, უკან არ ვიყურები, არ მინდა წარსულზე ვიფიქრო. მთავარია, ახლა ვარ გუნდში, სადაც თავს კარგად ვგრძნობ და მაქვს შანსი, რომ უკეთესი გავხდე, კარიერულად უფრო მაღალი მიზნები დავისახო.

betsson.sport: ჯერჯერობით, ეროვნულ ნაკრებში არ ყოფილხარ. ზოგადად, ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობაზე რას იტყვი?

ლუკა ხარატიშვილი: ჯერ არ მომცემია შესაძლებლობა, რომ ნაკრებში ვყოფილიყავი, მაგრამ თუ ეს მოხდება, ჩემთვის უბედნიერესი მომენტი იქნება, იმიტომ, რომ ვიცით, რამხელა ღირებულების, სიამაყის, პატივისცემის და სიყვარულის მატარებელია, როდესაც შენს ეროვნულ ნაკრებში გიძახებენ და შემდეგ თამაშობ. ეს ყველაფერი გათვითცნობიერებული მაქვს და ზუსტად მაგიტომ ვშრომობ, რომ ეროვნულ ნაკრებში მოვხვდე, ჩემი ადგილი დავიმკვიდრო. მიზანდასახული ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შანსი მივიღო.

betsson.sport: როცა 2022 წელს ვისაუბრეთ და მეორე ლიგაში თამაშობდი, წარმოიდგენდი იმ გზას რაც გაიარე? კმაყოფილი ხარ?

ლუკა ხარატიშვილი: როცა ადამიანს მიზანი აქვს და ამ მიზნისთვის მუშაობს, ვფიქრობ, რომ აუცილებლად მიიღებს ამ შანსს. ამიტომაც, არ მივიჩნევ, რომ ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. უბრალოდ უზომოდ ბედნიერი ვარ, რაც 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად გავაკეთეთ, მთლიანად გუნდმა და ეს ყოველთვის ძალიან საამაყო და ამაღელვებელ მომენტად დარჩება. ღმერთის მადლობელი ვარ, რასაც მაძლევს, მაგრამ ყოველთვის თვითკრიტიკული ვარ და ყოველთვის ასე ვიქნები, მაშინაც, თუ ტოპლიგაში ვითამაშებ. არასდროს ვიფიქრებ იმას, რომ მორჩა… ყოველთვის ვიმუშავებ, რომ გავხდე კიდევ უფრო უკეთესი და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

betsson.sport: თუ გქონდა ზაფხულში სხვა ვარიანტები? მახსოვს, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში გადახვედი ჩეხეთში, ვრცელდებოდა ინფორმაცია თურქულ კლუბზეც [ეიუპსპორი]…

ლუკა ხარატიშვილი: კი, იყო ბევრი საუბარი, თუნდაც თურქეთში გადასვლაზე, ჩალაგებული ბარგით დავრჩი საქართველოში და ეს ყველაფერი ჩემთვის ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე იყო. თუმცა, ასეთი სირთულეები ყოველთვის ხდება და უნდა შეგეძლოს გადალახვა. შემდეგ მამუკა ჯუღელი და მისი შვილი დამეხმარნენ, რომ ჩეხეთში გადავსულიყავი და დაწყებულიყო ჩემი ევროპული კარიერა, რისთვისაც ამ ადამიანების უზომოდ მადლიერი ვარ და ვიქნები.

betsson.sport: სეზონის დასრულების შემდეგ შენი გეგმები რა არის, აპირებ დარჩენას თუ უფრო სხვა დონეზე გეგმავ ძალების მოსინჯვას?

ლუკა ხარატიშვილი: წინასწარ ამ თემაზე საუბარი არ შემიძლია. ჩემს აგენტთან, მამუკასთნ ერთად ვსაუბრობ და ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც ჩემი კარიერისთვის უკეთესი იქნება.

betsson.sport: შენი აზრით, სათამაშო მანერით რომელ მეკარეს ჰგავხარ?

ლუკა ხარატიშვილი: ვხუმრობ კიდეც მაგის შესახებ, შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ რატომღაც, ხასიათით და მანერებით, მოძრაობებით, ჯორდან პიკფორდია მეკარე, რომელსაც ჩემს თავს ვამსგავსებ. ვფიქრობ, სათამაშო სტილით უფრო პიკფორდს ვგავარ, ვიდრე სხვა, უფრო დიდ მეკარეს.

betsson.sport: დაგვისახელე შენი აზრით ყველა დროის საუკეთესო 5 მეკარე…

ლუკა ხარატიშვილი: ნოიერი, ბუფონი, კურტუა, დონარუმა და ალისონი, მაგრამ ფეხით თამაშში ჩემთვის ედერსონი პირველია.

23 წლის ლუკა ხარატიშვილი ჩეხეთში კარიერის გაგრძელებამდე, დინამო ბათუმში, სამტრედიასა და ქობულეთის შუქურაში თამაშობდა. საქართველოს U21 ნაკრებში მას 18 მატჩი აქვს ჩატარებული. პარდუბიცეს მაისურით მიმდინარე სეზონში ლუკამ 9 თამაში ჩაატარა – 7 ჩეხეთის ჩემპიონატში და 2 ჩეხეთის თასზე.

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version