ესპანეთის ტერსერა FEB დივიზიონში ორიოდე დღის წინათ, ჩვენთვის საინტერესო დუელი შედგა – 20 წლის უკანახაზელის, გეგა წულაიას ბასკურმა კლუბმა ზორნოცამ ბასკონია B-ს უმასპინძლა და 77:70 დაამარცხა, რომლის რიგებშიც 17 წლის მათე ხატიაშვილმა ითამაშა.
წულაია ზორნოცას სასტარტო ხუთეულში იყო, მან 25 წუთი ითამაშა და ბასკონიას კალათში 14 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე იყო ასევე 3 შედეგიანი გადაცემა, თითო მოხსნა და ჩაჭრა. გეგას წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი (20) გამარჯვებულ გუნდში მეორე საუკეთესო იყო.
თავის მხრივ, მათეც სასტარტოში იყო. მან 35 წუთი ითამაშა და 16 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე 5 შედეგიანი გადაცემა და 2 მოხსნა იყო. მათეს წინააღმდეგაც ექვსჯერ დაჯარიმდნენ, თუმცა მასაც 6 დაკარგვა ჰქონდა (6 მარგი ქმედების კოეფიციენტი).
ზორნოცა 22-1 ბალანსით ლიდერია, ხოლო ბასკონიას სარეზერვო გუნდს 18-5 ბალანსი აქვს და მე-3 პოზიციაზეა. 28 მარტს წულაიას გუნდი ტოლოსას ხვდება. მათე ხატიაშვილს კი მეორე დღეს ბასკონიას დიდ გუნდში 2-წუთიანი დებიუტი ჰქონდა (2 ქულა).
ამ ორი კალათბურთელის დაპირისპირება დივიზიონში დეკემბერშიც შედგა – მაშინ წულაია აუტსაიდერი რასინგის ღირსებას იცავდა. ბასკონია B-მ დამაჯერებლად მოიგო, თუმცა წულაიამ მათეს გუნდს 35 ქულა ჩაუგდო! ხატიაშვილის ანგარიშზე 15 ქულა იყო.
წყარო: Betsson.sport
