სხვა

ძიუდო | თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

19 წლის ქართველი ძიუდოისტი თორნიკე გიგაური (66 კგ.) თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. გიგაური მე-3 ადგილისთვის დაპირისპირებაში კვიპროსელ პეტროს ხრისტოდულიდესს გაეჯიბრა და მეტოქე იპონზე დასცა.

ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს შარშანდელმა ჩემპიონმა გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და გზიდან უზბეკი აბდურაახიმ ნუტფულოევი და ყაზახი აკილჟან ჟუბატკანოვი ჩამოიცილა, 1/4-ფინალში კი რუსი რამაზან აბდულაევი ვაზარით დაამარცხა.

სამწუხაროდ, გიგაურმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვის ბარიერი ვეღარ დაძლია, რომელთანაც ჯერ იუკოთი აგებდა, შემდეგ კი იპონზე დავარდა და ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაზეც ამის შემდეგ გადაერთო.

დღესვე კვარცხლბეკზე ასვლის შანსი ჰქონდა ნინო ლოლაძეს (57 კგ.), თუმცა, რეპეშაჟის გადამწყვეტ რაუნდში ფინელ ფილა სალონენთან იპონით დამარცხდა. ლოლაძემ საწყის რაუნდებში ლიხტენშტაინელ ლეა ვისსა და ხორვატ ანა ვიკტორია პულიზს (ხორვატია, რეიტინგის მე-5 ნომერი) სძლია, რასაც მეოთხედფინალში მომავალ ფინალისტ ინბალ შემეშთან (ისრაელი) წაგება მოჰყვა. შედეგად, ქართველი ძიუდოისტი სანუგეშო ტურნირში გადავიდა, სადაც მსოფლიო კლასიფიკაციის მე-8 ნომერ მარიცა პერიშიჩს (სერბეთი) სძლია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თბილისის გრანდ სლემზე ლიდერების გარეშე გამოდის, ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ტურნირი ფაქტიობრივად ცარიელი ტრიბუნების ფონზე მიმდინარეობს. ხვალ, 21 მარტს მედლები კაცთა 73 და 81 და ქალთა 63 და 70 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, საქართველო კი ტატამიზე 16 ძიუდოისტს გაიყვანს.

ესენი არიან გიორგი ჩიხელიძე, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ლოლაძე, გიორგი ტერაშვილი (ყველა 73 კგ.), ირაკლი ბეროშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე (ყველა – 81 კგ.), მარიამ ნათელაური, მაია ბიძინაშვილი, ნინო წიკლაური, მარი მახარაშვილი (ყველა – 63 კგ.), მარიამ ჭანტურია, ლიზი კვარაცხელია, ნინო გულბანი, ქეთევან ბერიძე (ყველა – 70 კგ.).

თბილისის გრანდ სლემი. პირველი დღის შედეგები

კაცები

60 კგ: 1. იცხაკ აშპიზი (ისრაელი), 2. აჩიტი დომბუუ (რუსეთი), 3. სამარიდინ კუჩკაროვი (უზბეკეთი), 3. ტალგატ ორინბასარი (ყაზახეთი).
66 კგ: 1. ნურკანატ სერიკბაიევი (ყაზახეთი), 2. ტურან ბაირამოვი (აზერბაიჯანი), 3. რამაზან აბდულაევი (რუსეთი), 3. თორნიკე გიგაური (საქართველო).

ქალები

48 კგ: 1. ტუგჩე ბედერი (თურქეთი), 2. ტარა ბაბულფატი (შვედეთი), 3. მარინა ვორობიოვა (რუსეთი), 3. საბინა გილიაზოვა (რუსეთი).
52 კგ: 1. ბლანდინ პონტი (საფრანგეთი), 2. ტატუმ კინი (დიდი ბრიტანეთი), 3. გაბრიელა დიმიტროვა (ბულგარეთი), 3. გეფენ პრიმო (ისრაელი).
57 კგ: 1. ტიმნა ნელსონ ლევი (ისრაელი), 2. ინბალ შემეში (ისრაელი), 3. მარტა ფავაზი (საფრანგეთი), 3. ფილა სალონენი (ფინეთი).

წყარო: Betsson.sport