სხვა

ცხოვრებაძის 12 გოლის მიუხედავად – საქართველო ისრაელთან დამარცხდა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაიწყო, რომლის ეგიდით ისრაელის ნაკრებს თელავში უმასპინძლა და მარცხი განიცადა. ეს არის ორრნაუნდიანი პლეი ოფი, რომლის მოგებული მე-3 ეტაპზე გავა (ესპანეთს შეხვდება).

ტიტე კალანდაძის გუნდმა ისრაელის ნაკრებთან პირველი ტაიმი მინიმალური უპირატესობით (16:15) მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმი ჩააგდო. განსაკუთრებით, მისი პირველი ნაწილი, რომელშიც სტუმრებმა მოახერხეს სტაბილურად 4-5-ბურთიანი უპირატესობის მოპოვება, რაც გადამწყვეტი გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა ვეღარ შეძლო არათუ გათანაბრება და წინ გასვლა, არამედ ჩამორჩენა მხოლოდ ნაწილობრივ შეამცირა. საბოლოოდ, ისრაელის ნაკრებმა პირველი დაპირისპირება 32:29 მოიგო.

ეს გადამწყვეტი უპირატესობა არაა, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს პრაქტიკულად უშეცდომო და იდეალური თამაშის ჩვენება, რაც მთავარია, უფრო დიდი უპირატესობით მოგება დასჭირდება.

საქართველოს ნაკრებში ტრადიციულად გიორგი ცხოვრებაძე იყო საუკეთესო, რომელმაც 12 გოლი გაიტანა (12/18), მაგრამ თანაგუნდელებმა შედეგიანი თამაშით მხარი ნამდვილად ვერ აუბეს. გიორგი ლაფიაშვილმა და ნიკოლოზ კალანდაძემ 4-4 გოლი გაიტანეს, ხაზეინ რუსტამოვმა და ირაკლი კბილაშვილმა 3-3, ხოლო გიორგი დიხამინჯიას აქტივში 2 გოლია.

ისრაელის ნაკრებს ნადავ ნაზრიმ ულიდერა 8 გოლით, იოავ ლუმბროსომ 6 გოლი გაიტანა, დანიელ მოსინდიმ და იონათან დაიანმა კი – 5-5.

საპასუხო თამაში გეგმის მიხედვით თელ ავივში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ახლოაღმოსავლეთში არსებული საომარი მოქმედებების გამო ისევ თელავში გაიმართება, შესაბამისად, ისრაელი უბრალოდ ნომინალური მასპინძელი იქნება. მატჩი 21 მარტს, 16:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად მოსახვედრად იბრძვის, თუმცა კი, მიზნის მისაღწევად ურთულესი გზის გავლა მოუწევს. თუკი კალანდაძის გუნდმა ისრაელს აჯობა, მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთს შეხვდება – პირველი თამაში 13 ან 14 მაისს გაიმართება, საპასუხო კი 16 ან 17 მაისს.

საქართველოს ნაკრებმა 2024-2026 წლებში ზედიზედ ორჯერ მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, სადაც 2024 წელს ერთი მატჩი მოიგო, ორი წააგო და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო წელს, სამივე შეხვედრა დათმო და მეოთხე პოზიციას დასჯერდა.

მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატი 13-31 იანვარს გერმანიის ქალაქებში (კიოლნი, მიუნხენი, კილი, ჰანოვერი, მაგდებურგი, შტუტგარტი) გაიმართება. წინასწარ ეტაპზე 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, სამ-სამი საუკეთესო კი ბრძოლას ძირითად რაუნდში გააგრძელებს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დანია გახლავთ, რომელიც მასპინძელი გერმანიის მსგავსად, ფინალურ ეტაპზე კვალიფიკაციის გარეშე მოხვდა.

საქართველო 29:32 ისრაელი

საქართველო: ცხოვრებაძე (12 გოლი), ლაფიაშვილი (4), კალანდაძე (4), რუსტამოვი (3), კბილაშვილი (3), დიხამინჯია (2), ხელისუფალი, ხარებაშვილი, არეშიძე, გრიშიკაშვილი, ლანჩავა, გავაშელიშვილი, იმნაძე, ცინცაძე.

წყარო: Betsson.sport