საქართველოს ნაკრები ისრაელთან ამხანაგური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. მარტის შეკრების მეორე ვარჯიში მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ გიორგი ჩაკვეტაძეს და საბა გოგლიჩიძეს.
წლის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი ახალი კაპიტნით შეხვდება. 2026 წლიდან საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია უკაპიტნებს, გუნდის პირველი ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იქნება.
დღემდე ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებს სულ სამ შეხვედრაში უკაპიტნა. 25 წლის ფეხბურთელმა კაპიტნის სამკლაურით 2025 წელს სტუმრად ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ, თბილისში კი ბულგარეთის ნაკრებთან ითამაშა. კვარას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2019 წელს ჰქონდა (47 მატჩი, 20 გოლი).
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ისაუბრეს ხვიჩა კვარაცხელიამ და ოთარ კიტეიშვილმა, ასევე, მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, რომელმაც დეტალურად ილაპარაკა გუნდში ლიდერების ყოფნის მნიშვნელობაზე.
ხვიჩა კვარაცხელია: “ძალიან დიდი დაფასებაა ეს ყველაფერი [კაპიტნობა] და დიდი მადლობა ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ მე უნდა ვყოფილიყავი კაპიტანი. ვგრძნობ ამ დაფასებას და მიხარია. რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგელობას მანიჭებს, რომ თითოეული ფეხბურთელისთვის მაგალითი ვიყო. გუნდში გვყავს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, ლიდერები, კაპიტნის სამკლაური არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ფეხბურთელს არ ჰქონდეს ლიდერული თვისებები და არ გამოავლინოს ის. გასახდელში ერთი გუნდი ვართ, ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია და მთავარია, ერთად ვიბრძოლოთ. კიტეიშვილი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ გვერდში ასეთი ადამიანი მყავს. იმედი მაქვს, ერთად ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება. კაპიტნობა დიდი ტვირთია, მაგრამ ჩემი აზრით, შევასრულებთ იმას, რაც გვევალება”.
ოთარ კიტეიშვილი: “პირველ რიგში, მინდა, წარმატებები ვუსურვო კვარას კაპიტნის რანგში. ჩვენთვის ყოველთვის იყო განსაკუთრებული ფეხბურთელი და ლიდერი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი კაპიტანი იქნება. მეც, ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას, ვიცე-კაპიტნობაც დიდი პასუხისმგებლობაა. დიდი ხანია ნაკრებში ვარ, საკმაოდ ბევრი თამაშიც დამიგროვდა და ძველი კაპიტნებისგან ბევრი ვისწავლე, მიხარია, რომ ასეთი წინამორბედები მყავდა, რომ მათი ყურება შემეძლო მოედანზე და მის გარეთ, ვეცდები, რომ ამას თავი ჩემი პასუხისმგებლობით გავართვა”.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “რა თქმა უნდა, ეს ბევრს ნიშნავს. ვფიქრობ, კვარას ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში საოცარი პროგრესი ჰქონდა. ახლა ის ისეთ დონეზეა, რომ შეუძლია თანაგუნდელებს ბევრი რამ გაუზიაროს. ამ თემაზე რამდენიმე თვის წინაც ვისაუბრეთ და ვიგრძენი, რომ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა კაპიტანი ყოფილიყო. აეღო პასუხისმგებლობა და გუნდს დახმარებოდა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. დარწმუნებული ვარ, თითოეულ თამაშსა და ვარჯიშზე ექნება სურვილი, იყოს გუნდის ლიდერი. თუმცა, ის არ უნდა იყოს ერთადერთი ლიდერი. გვყავს ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ვიცე-კაპიტანი იქნება. მას დიდი გამოცდილება, ძლიერი ხასიათი აქვს და პატივს სცემენ, როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი ფეხბურთელები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მანაც აიღოს პასუხისმგებლობა და ლიდერობა. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ არაა და ვერ მოვახერხეთ მასთან საუბარი, ოთარ კაკაბაძე თავისი გამოცდილებითა და გუნდში როლით ძალიან კარგი ლიდერი იქნება. მათ ვთხოვე, ჩამოაყალიბონ 7-8 მოთამაშისგან შემდგარი ლიდერთა ჯგუფი, რომელიც ერთად აიღებს პასუხისმგებლობას, რადგან, მაშინ, როცა მთელი გუნდი ერთ აზრზეა, შესაძლებელია წინსვლა და სწორი გზით განვითარება”.
შეგახსენებთ, რომ მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები 26 მარტს, თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვის წინააღმდეგ კაუნასში ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი), დავით კერესელიძე (დილა).
მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი), ლაშა დვალი (ცსკა 1948), ლუკა გადრანი (ბეითარი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი), ირაკლი აზაროვი (შახტარი).
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ნიკა გაგნიძე (კოლოსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი), გიორგი წიტაიშვილი (მეცი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).
თავდამსხმელები: ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი).
წყარო: Betsson.sport
