Site icon sportmedia.live

ფერანის შემდეგ მიქაუტაძეა – გამოუყენებელი მომენტების სტატისტიკა ლა ლიგაში

გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრების შეკრებაზე ლა ლიგის ბოლო ტურში გატანილი გოლითა და შესრულებული საგოლე გადაცემით მოდის. 25 წლის თავდამსხმელმა თავის გამოჩენა რეალ სოსიადედთან 29-ე ტურის საშინაო მატჩში შეძლო, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 3:1 მოიგო.

ფაქტია, რომ ვილიარეალის უძვირფასესი შენაძენი ლა ლიგაში პირველსავე სეზონში ამტკიცებს თავის შესაძლებლობებს. მიქაუტაძემ, რომელიც ლა ლიგამ თებერვალში თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, “ყვითელი წყალქვეშა ნავის” მაისურით ჩემპიონატის 24 მატჩში უკვე 9 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. სეზონის დასრულებამდე ჯერ საკმარისი დროა (წინ 9 ტურია) საიმისოდ, რათა თავდამსხმელის სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდეს.

იქამდე კი ანალიტიკური გვერდები საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან, რომელშიც მიქაუტაძეც ფიგურირებს. როგორც ირკვევა, ვილიარეალის ქართველი ცენტრფორვარდი ლა ლიგის იმ მოთამაშეთა სამეულშია, რომლებმაც ყველაზე მეტი საგოლე მომენტი გაანიავეს.

ლა ლიგაში გამოუყენებელი მომენტების სიმრავლით პირველ ადგილზე ბარსელონას შემტევი ფერან ტორესია. 26 წლის ფეხბურთელს, რომელმაც კატალონიური გრანდის მაისურით ჩატარებულ 26 თამაშში 12 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა, გატანის კარგი შანსი კიდევ 19-ჯერ ჰქონდა.

Sofascore-ს თანახმად, ლა ლიგაში გამოუყენებელი მომენტების სიმრავლით მეორე ადგილზე სწორედ მიქაუტაძეა – 18, მესამეზე კი მალიორკას კოსოვოელი თავდამსხმელი ვედათ მურიქია (16). ამ ჩამონათვალში მეოთხე-მეხუთე ადგილებს 15-15 განიავებული შანსით რეალის და ბარსელონას ვარსკვლავები კილიან მბაპე და რობერტ ლევანდოვსკი იკავებენ.

აღსანიშნავია ის, რომ სხვა ანალიტიკურ გვერდზე ქართველს 16 გამოუყენებელი მომენტი აქვს, თუმცა, სამეულში იქაც ფერან ტორესსა და ვედათ მურიქთან ერთადაა.

ვილიარეალს ლა ლიგაში გასული 29 ტურის შემდეგ 58 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბარსელონას (73) და რეალის (69) შემდეგ მესამე ადგილზეა. მარსელინოს გუნდი ქულით უსწრებს მადრიდის ატლეტიკოს. სანაკრებო პაუზის შემდეგ ვილიარეალი სტუმრად ჟირონას დაუპირისპირდება – 6 აპრილს.

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version