Site icon sportmedia.live

ტორონტოს მწვრთნელი მამუზე: ბევრი უნდა ესროლოს და აუცილებლად ჩააგდებს

ტორონტო რეპტორსმა ფინიქს სანსთან უშანსოდ წააგო (98:120), კარგი მატჩი კი არც სანდრო მამუკელაშვილს ჰქონია. ქართველმა კალათბურთელმა თამაშიდან 8-დან მხოლოდ 2 სროლა გამოიყენა და ამასთან, 4-ვე სამქულიანი ააცილა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ შეხვედრის მერე, მამუკელაშვილი არცთუ კარგ ხასიათზე იყო. ამის შესახებ, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სკოტი ბარნსს ჰკითხეს.

“მინდა ვუთხრა, რომ თავი მაღლა ასწიოს. უნდა ახსოვდეს, რომ ის ჩვენის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კალათბურთელია, უბრალოდ საჭირო რიტმის პოვნა სჭირდება ხოლმე. ყველა ვხედავთ, სანდროს ჩვენთვის რამხელა სარგებლის მოტანა შეუძლია. ეს ბევრ კომპონენტს ეხება. ის მართლაც ძალიან კარგი კალათბურთელია და ეს თავადაც მუდმივად უნდა ახსოვდეს”.

მამუკელაშვილის თამაშის შესახებ კომენტარი გააკეთა რეპტორსის მთავარმა მწვრთნელმა დარკო რაიაკოვიჩმაც, რომელიც ქართველი ლეგიონერის მიმართ ყოველთვის დადებითი განწყობით გამოირჩევა ხოლმე.

“სანდრო ის კალათბურთელია, რომელმაც ბევრი სროლა უნდა შეასრულოს და გუნდს დაეხმაროს. ეს მისი სამუშაოა. მას რეპტორსისთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს. მჯერა, რომ მომავალში ბევრ ბურთს ჩააგდებს”.

მამუკელაშვილს მიმდინარე სეზონში 67 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 21.8 წუთი, 10.7 ქულა, 4.8 მოხსნა, 1.9 პასი, 51.8% თამაშიდან სროლებში, 37.1% –  სამქულიანებში.

ტორონტოს 39 მოგება და 31 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 24 მარტს, დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ იუტა ჯაზთან ჩაატარებს.

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version