Site icon sportmedia.live

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 6 ერის ფესტივალზე ითამაშებს

საქართველოს 18-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა, რომელიც საფრანგეთში გასამართი ექვსი ერის ფესტივალისთვის ემზადება, 34-კაციანი შემადგენლობით შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დასკვნითი შეკრება დაიწყო.

შარშანდელის მსგავსად ფესტივალი წელსაც საკურორტო ქალაქ ვიშში გაიმართება და საქართველო ტრადიციულად სამ მატჩს გამართავს: 3 აპრილს მასპინძელ საფრანგეთთან, 7 აპრილს –  ინგლისთან, ხოლო 11 აპრილს – შოტლანდიასთან. ნახსენები გუნდების გარდა ფესტივალში ირლანდია, უელსი, იტალია და ესპანეთი ითამაშებენ.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე საქართველომ პირველად 2024 წელს ითამაშა და მაშინ საფრანგეთი 20:19 დაამარცხა, შოტლანდიას (14:22) და ინგლისს (19:26) კი მცირედით ჩამორჩა. ტიერ 1-ის გუნდებს შარშანაც დიდი ბრძოლა გავუმართეთ, თუმცა ამჯერად ფესტივალი გამარჯვების გარეშე დავასრულეთ: იტალიასთან – 24:37, უელსთან – 10:17 და ირლანდიასთან – 21:26.

წლევანდელ ფესტივალზე ჩვენი გუნდი განახლებული სამწვრთნელო შტაბით მიდის. გუნდის მთავარ მწვრთნელად ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი ნემსაძე დაინიშნა. სამწვრთნელო შტაბს დაემატნენ ასევე ვეტერანი ბორჯღალოსნები – შალვა მამუკაშვილი (აუტის მწვრთნელი) და ირაკლი ყიასაშვილი (შეტევის მწვრთნელი). გუნდთან ერთად რჩებიან შერკინების მწვრთნელი მიხეილ სუჯაშვილი და დაცვის მწვრთნელი პაატა მაისურაძე.

გიორგი ნემსაძე: “ვეცდებით საფრანგეთში სანახაობრივი რაგბი ვაჩვენოთ. რაგბი თამაშია და არა ბურთის გადაგდება და მერე მიწოლა. რა და როგორ გამოგვივა, ამას ფესტივალზე დავინახავთ. სერიოზული მოწინააღმდეგეები გვეყოლება. საფრანგეთის ნაკრები კანდიდატებს 15-20 ათასი მოთამაშიდან არჩევს. შარშან სამხრეთ აფრიკაში ინგლისი რომ დავამარცხეთ (35:31), მათ მთავარ მწვრთნელს ვესაუბრეთ და გვითხრა, ეს ბიჭები 30 ათასი მოთამაშიდან შეირჩაო. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანას რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი მოთამაშე აღვუზარდოთ. საფრანგეთში დავინახავთ, თუ სად ვართ ამ ეტაპზე და ამის მიხედვით მომავალში სიღრმისეულ სამუშაოებს ჩავატარებთ”.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები დასკვნით შეკრებაზე 28 მარტამდე დარჩება, რის შემდეგაც სამწვრთნელო შტაბი ფესტივალზე წამსვლელ 26 მოთამაშეს შეარჩევს. გუნდი საფრანგეთში 31 მარტს გაემგზავრება.

საქართველოს 18-წლამდელთა სარაგბო ნაკრები

საბა მერაბიშვილი, გეგა გიორგობიანი, ნიკოლოზ დათუნაშვილი, გიორგი სუთიაშვილი, ნიკოლოზ გვრიტიშვილი, ალექსანდრე მამაიაშვილი, გიორგი ლაგვილავა, ლუკა ჭაკუა (ყველა – ლელო), ლუკა ბარბაქაძე, ალექსანდრე გაგუა, მათე მახარაძე, მიხეილ მგალობლიშვილი, რეზო ცხვედიანი, გიორგი ბიზიკაშვილი (ყველა – ხვამლი), ნიკოლოზ კახელი, საბა გოგრიჭიანი, იაგო ღუდუშაური, ნიკოლოზ ხარებავა, მათე ბერუაშვილი (ყველა – ლოკომოტივი), სანდრო გამყრელიძე (აკადემია), ნიკოლოზ ჭეფხოძე (რაშები), გიორგი ბერძენიშვილი, გიორგი ხონელიძე (ორივე – ტულონი), საბა ჯინჭველაშვილი, გიორგი ქევანიშვილი, ნიკა ლიპარტელიანი, ბართლომე ხამაშურიძე, ლუკა მუშკუდიანი (ყველა – აია), ნიკოლოზ ფანცულაია, ნიკა ჯანგულაშვილი (არმია), ლუკა მგალობლიშვილი (არმაზი), გოგა ბერიძე (ბათუმი), ბასილი მიქუჭაძე (ყოჩები), გიორგი კუპრეიშვილი (ფოთი).

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version