ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი: კვარა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი არც ვარჯიშობდა
SportMedia.Live
სლოვაკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ნაპოლიში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა, მათ შორის, კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე გააკეთა.
კალცონამ ნაპოლი 2023/24 წლების სეზონის მიმდინარეობისას (19 თებერვალს) ჩაიბარა, როცა აურელიო დე ლაურენტისმა ჯერ რუდი გარსია დაითხოვა, შემდეგ ვალტერ მაძარი და სეზონი კალცონამ ჩაამთავრა.
მან Radio KissKiss-თან ინტერვიუში თქვა, რომ კლუბში ბევრი პრობლემა იყო, არცერთი ტრანსფერი გამართლებული არ აღმოჩნდა, გარდა ამისა, გუნდის ლიდერებს, კვარაცხელიას და ოსიმენს – კლუბის ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ:
“ორივეს [კვარას და ოსიმენს] კლუბთან პრობლემები ჰქონდა. ოსიმენი არასდროს ვარჯიშობდა, კვარა კი უკმაყოფილო იყო… რა თქმა უნდა, არ ველოდი ასეთ დელიკატურ სიტუაციაში აღმოჩენას, მაგრამ მაინც შესანიშნავი გამოცდილება იყო, საიდანაც ბევრი რამ ვისწავლე. პრეზიდენტთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ჩემთვის მაინც დასანანია, რომ ცუდი სეზონი გვქონდა”, – აღნიშნა კალცონამ.
შეგახსენებთ, რომ 2023/24 წლების სეზონში ნაპოლი იტალიის მოქმედი ჩემპიონის რანგში სერია A-ში მხოლოდ მე-10 ადგილზე გავიდა. კვარაცხელიამ ხსენებულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 45 თამაშში 11 გოლი გაიტანა.