Site icon sportmedia.live

‘ნაკრებში ერთად მივდივართ!’ კიტეიშვილი და მამაგეიშვილი ავსტრიელებს ესაუბრნენ

გრაცის შტურმში ოთარ კიტეიშვილმა და გიზო მამაგეიშვილმა ძირითადი შემადგენლობიდან ერთად პირველად ითამაშეს.

ეს მოხდა ბუნდესლიგის 24-ე ტურის მთავარ შეხვედრაში, ზალცბურგთან, რომელშიც გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. ჯერ ზალცბურგი იგებდა, მერე მასპინძლებმა გაათანაბრეს.

კიტემ 90 წუთი ითამაშა, მეორე ტაიმის დასაწყისში ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ამჯერად მოედანი შედეგიანი მოქმედების გარეშე დატოვა. კიტეიშვილის ეს საიუბილეო თამაშიც იყო: მე-200 მატჩი ჩაატარა ავსტრიის ჩემპიონატში. უფრო აქტიური გახლდათ მამაგეიშვილი, რომელიც მოედანზე 70 წუთის განმავლობაში იყო და გოლის შანსებიც ჰქონდა: პირველ ტაიმში ჯარიმიდან სცადა გატანა, მეკარემ მოიგერია მისი დარტყმა, ხოლო მეორე ნახევარში ძალიან მცირე მანძილიდან ააცილა ბურთი კარს, თორემ მეკარე უშანსოდ იქნებოდა.

თამაშის შემდეგ ორივე ქართველთან Sky Sport Austria-მ მოკლე ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მათ, როგორც თამაშის შესახებ, ისე ერთმანეთზე ილაპარაკეს:

“რთული თამაში იყო, დიდი ინტენსივობით, როგორც ველოდით. ორივე გუნდს მაღალი პრესინგის თამაში სურდა. ბევრი ბრძოლა და ცოტა შანსი იყო, სწორედ ამიტომ დასრულდა მატჩი 1:1”, – აღნიშნა თამაშზე კიტემ, რომელმაც შემდეგ გიზო მამაგეიშვილზეც ისაუბრა:

“ის მოედანზე თავის თვისებებს ავლენს. თამაშში სულ უფრო და უფრო მეტი მომენტი ექმნება, ძალიან მნიშვნელოვანი გახდება სეზონის ბოლო 8 თამაშში, რომლებშიც თავის ხარისხს აჩვენებს”, – თქვა ოთარმა ახალგაზრდა თანაგუნდელის შესახებ.

თავის მხრივ, მასთან ერთად იყო მამაგეიშვილიც, რომელმაც ასევე კომენტარი გააკეთა ზალცბურგთან თამაშის შემდეგ: “შედეგით კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ ერთი ქულა მოვიპოვეთ. შესაძლოა, ცოტა მეტი გამართლებით სამი ქულაც კი მოგვეპოვებინა”, – ამბობს თამაშზე გიზო, რომელმაც კიტეიშვილი მოკლედ დაახასიათა: “ოთარი ამ ლიგაში საუკეთესოა”.

მამაგეიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს, რაზეც ავსტრიულ მედიას უთხრა: “ოცნებები ხდება. ჩვენ [ის და კიტეიშვილი] ერთად მივდივართ ეროვნულ ნაკრებში, ბედნიერი ვარ”.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი, სამჯერ კი საგოლე პასი მიითვალა. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი ასეთია: 33 მატჩი, 16 გოლი და 3 საგოლე პასი. კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატში ბომბარდირებში 12 გოლით პირველ ადგილზეა. ვთქვათ ისიც, რომ ავსტრიის ჩემპიონატის ერთ სეზონში 12 გოლი ოთარისთვის საუკეთესო შედეგის გამეორებაა: გასულ სეზონშიც 12 გოლი გაიტანა, მაგრამ ამჯერად სეზონის ბოლომდე დიდი დროა და შეუძლია, მიღწევა გააუმჯობესოს. სამაგიეროდ, ყველა ტურნირზე უკვე 16 გოლი აქვს, რაც მისი კარიერის საუკეთესო შედეგია.

გიზო მამაგეიშვილი გრაცულ გუნდს იანვარში იბერიადან შეუერთდა. მან შტურმის მაისურით ჯერჯერობით 5 მატჩი ჩაატარა [ერთი მოპოვებული პენალტი]. ოთარი და გიზო საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდებიან, რათა ისრაელსა და ლიეტუვასთან სპარინგებში ნაკრებს დაეხმარონ. მოგეხსენებათ, მამაგეიშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად უხმეს.

გრაცის შტურმი ბუნდესლიგაში პირველ ადგილზეა, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი 5 აპრილს, ვენის რაპიდს სტუმრად შეხვდება.

https://cdn.jwplayer.com/previews/QKc9nLSp

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version