ზედიზედ 5-მატჩიანი წაგებათა სერიის მერე, ქართული ტრიოს მეცმა, როგორც იქნა, ლიგა 1-ში ქულა მოიპოვა – მეცი რენს ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. 89-ე წუთზე მასპინძლებმა გოლი გაიტანეს, მაგრამ ის თამაშგარე მდგომარეობის გამო, გაუქმდა.
ამ შეხვედრაში მეცის მხოლოდ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა – გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც 85-ე წუთზე მბალამ შეცვალა. არ უთამაშიათ წინა ტურში გოლის გამტან გიორგი აბუაშვილსა და მცირე ტრავმის მერე განაცხადში დაბრუნებულ გიორგი ქვილითაიას.
წიტაიშვილს რენის კარისკენ არ დაურტყამს, ის 31-ჯერ შეეხო ბურთს, ორჯერ მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, ორჯერ კი გიორგი თამაშგარეში მოხვდა. მისი 16 პასიდან ზუსტი 11 იყო. ხუთი ორთაბრძოლიდან ქართველმა ორი მოიგო. მოკლედ, წინა მატჩისგან განხვავებით, მას თავი არაფრით გამოურჩევია.
მეცმა ლიგა 1-ში ქულა ბოლოს 5 თებერვალს ლილთან აიღო, სტუმრად კი 4 იანვრის მერე არ წააგო. ბუნებრივია, მეცს ეს ქულა ბევრ ვერაფერში დაეხმარება – გუნდი 27 ტურიდან 14 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა და სამშვიდობო ზონისგან 13 ქულიან “მანძილშია”.
სანაკრებო პაუზის მერე, 5 აპრილს მეცი ნანტს უმასპინძლებს, რომელიც მისი უშუალო კონკურენტია, 17 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. მეცისთვის უფრო რეალური მე-16 ადგილისთვის ბრძოლაა, რომელზეც 22 ქულით ოსერია. ეს ადგილი პლეი აუთში თამაშის შანსს იძლევა. ოსერმა ბოლო ტურში 3:0 მოუგო ბრესტს. ასე რომ, ამ ტურში მეცი მიზანს კიდევ უფრო დაშორდა, ფრის მიუხედავად.
წყარო: Betsson.sport