Site icon sportmedia.live

‘მონაკოში სრული ნდობა აქვს’ – მარკოიშვილის წარმატებული სერია გრძელდება

ქართველ მწვრთნელ მანუჩარ მარკოიშვილს სრული ნდობა აქვს გამოცხადებული მონაკოს კალათბურთელებისგან, რაც მისი კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე დიდ ბონუსად უნდა აღვიქვათ. ამის შესახებ ევროლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს.

“მონაკოს კალათბურთელები ახლა მანუჩარ მარკოიშვილის გარშემო არიან დარაზმულნი, რომელმაც გუნდის თავკაცის პოსტზე ვასილის სპანულისი შეცვალა და ევროლიგაში მაქსიმალური შედეგი – 3-დან 3 გამარჯვება გააჩნია. მარკოიშვილის ხელმძღვანელობით, ფრანგულმა კლუბმა მორიგ წარმატებას სტამბოლში მიაღწია, სადაც ანადოლუ ეფესთან მატჩის დასრულებამდე ოთხიოდ წუთით ადრე 78:85 მარცხდებოდა, თუმცა, დარჩენილ დროში ჯარონ ბლოსომგეიმმა (მან მატჩის შემდეგ მარკოიშვილის მუშაობას საგანგებო ტვიტი მიიუძღვნა – რედ.) 10 ქულა ჩააგდო, სტუმრებმა კი გადამწყვეტი გაქცევა – 20:8 მოაწყვეს და 98:93 გაიმარჯვეს”.

საინტერესოა, რომ მონაკოს თურქეთში არ გაჰყოლიანი გუნდის მთავარი ვარსკვლავები მაიკ ჯეიმსი და ნიკოლა მიროტიჩი. შესაბამისად, მარკოიშვილს გუნდის განაცხადში მხოლოდ 9 კალათბურთელი ჰყავდა, თუმცა, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, ევროლიგაში წარმატებული სვლა გაეგრძელებინა. მანუჩარმა მონაკოს ერთი მატჩი ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში ვილერბანთან მოაგებინა, ახლა კი, ანადოლუ ეფესამდე, მისმა გუნდმა ოლიმპიაკოსსაც სძლია.

ქართველი სპეციალისტი ფრანგულ კლუბში უკვე მე-5 წელია მუშაობს და ამ დროის განმავლობაში მონაკოელებმა არაერთი სახელოვანი სპეციალისტი გამოიცვალეს, თუმცა, მარკოიშვოლის გათავისუფლება არ უფიქრიათ. ამ ფონზე ლოგიკურიც იყო, რომ სპანულისის დათხოვნის შემდეგ, მონაკოში გადაწყვიტეს სეზონის ბოლომდე შანსი სწორედ მანუჩარს მისცენ, მისი ასისტენტი კი უკრაინელი სერგეი გლადირი იქნება.

მონაკოს ამ დროისთვის 18 მოგება და 14 მარცხი გააჩნია და ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. ფრანგების მთავარი მიზანი საუკეთესო ექვსეულში შესვლაა, რაც პლეი ოფის საგზურის მომტანი იქნება. დარჩენილ ექვს ტურში დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი, რადგანაც მონაკოს მსგავსად 18-18 გამარჯვება აქვთ ცრვენა ზვეზდასა და თორნიკე შენგელიას ბარსელონას, პანათინაიკოსი, ჟალგირისი და დუბაი კი კონკურენტებს მხოლოდ თითო მოგებით ჩამორჩებიან.

მონაკოს ევროლიგაში მომდევნო მატჩი 24 მარტს შინ მილანთან ელის, შემდეგ კი პანათინაიკოსს (27 მარტი), დუბაის (2 აპრილი), ვილერბანს (8 აპრილი), ბარსელონას (10 აპრილი) და ჰაპოელ თელ ავივს (17 აპრილი) ეთამაშება. 21 მარტს მარკოიშვილის გუნდი გრაველინ-დუნკერკს გაეჯიბრება საფრანგეთის ჩემპიონატში, სადაც 18 მოგებითა და 3 მარცხით ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევრებს – ნანტერსა და პარიზს 2-2 გამარჯვებით უსწრებს.

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version