ევროლიგის 33-ე ტურში მანუჩარ მარკოიშვილის მონაკომ კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა – შინ ძალზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში ოლიმპია მილანო 90:85 დაამარცხა. ბოლო 4 წუთში ქართველი მწვრთნელის გუნდმა 11:0 გაქცევა მოაწყო და თამაში შემოატრიალა.
მასპინძელთა გუნდში ქულებით საუკეთესო გვინეელი ალფა დიალო იყო 17 ქულითა და 6 მოხსნით. 16 ქულა ჩააგდო (13 შედეგიანი გადაცემა) ელი ოკობომ, რომელიც MVP გახდა, გერმანელმა ცენტრმა დანიელ ტაისმა გუნდს 15 ქულა და 6 მოხსნა მოუტანა. მილანელთა რიგებში საუკეთესო დანიელი შენონ შილდსი იყო – 18 ქულა.
მონაკოს ევროლიგაზე ზედიზედ სამი გამარჯვება აქვს, სამივე მარკოიშვილის ხელმძღვანელობით. ამას დავუმატოთ 1 მოგება შარშანწინდელ სეზონში და ქართველი სპეციალისტი ამ ტურნირზე დაუმარცხებელია – 4 მატჩი, ამდენივე გამარჯვება. საერთოდაც, მისი ხელმძღვანელობით (6 მატჩი) მონაკომ მხოლოდ 1 შეხვედრა დათმო.
მონაკოს 19-14 ბალანსი აქვს და ამჟამად მე-7 პოზიციაზეა. პირველი ექვსეული პირდაპირ პლეი ოფში (1/4 ფინალი გადის). 27 მარტს მონაკო უშუალო კონკურენტ პანათინაიკოსს ესტუმრება.