საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ დაპირისპირებაში გასვლაზე ლიეტუვა 2:0 დაამარცხა და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, საინტერესო იყო, შეძლებდა თუ არა ნახევარდაცვა ბურთის დაჭერას და თამაშის გაკონტროლებას.
„ჯვაროსნებმა“ თავიდანვე შეუტიეს და ორი მომენტი შექმნეს: კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ მეტოქემ ბურთი ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა, მამაგეიშვილის დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა. შანსი მასპინძლებსაც მიეცათ, მაგრამ შირვისმა ვერ გამოიყენა. მერე საჯარიმოდან ხვიჩამ ბურთი ძელს გაარტყა და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ტემპი ისევ დაბალი იყო, ლასიჩკასის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. 69-ე წუთზე კი მიქაუტაძე საჯარიმოში არმალასმა წააქცია და პენალტით სტუმრები თავად დაზარალებულმა დააწინაურა. სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა – დვალის, დავითაშვილის და აზაროვის ნაცვლად მოედანზე ლოჩოშვილი, გაგნიძე და წიტაიშვილი შეუშვა. 84-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას გაგნიძის პასით მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი გუნდი 2 ივნისს სახლში რუმინეთთან ჩაატარებს.
კაუნასი. „დარიაუს ირ გირენო“
ლიეტუვა – საქართველო 0:2
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (70, პენ), 0:2 მიქაუტაძე (84)
გაძევება: გინეიტისი (90+3, ლიეტუვა)
საქართველო: მამარდაშვილი, დვალი (ლოჩოშვილი 75), ბერიაშვილი (გელაშვილი 64), გადრანი (გოჩოლეიშვილი 85), აზაროვი (წიტაიშვილი 75), მამაგეიშვილი, მექვაბიშვილი, ჩაკვეტაძე (ზივზივაძე 85), დავითაშვილი (გაგნიძე 75), კვარაცხელია, მიქაუტაძე (კვერნაძე 85)
წყარო: Sportall.ge
