Site icon sportmedia.live

მესამედ სასტარტოში – გოგა ბითაძემ მეჯიქი ჰორნეტსთან წაგებას ვერ გადაარჩინა

გოგა ბითაძე ორლანდო მეჯიქის სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა. ჯამალ მოსლის გუნდი სტუმრად შარლოტ ჰორნეტსს დაუპირისპირდა და უშანსოდ დამარცხდა – 111:130. ეს ორლანდოს ზედიზედ მესამე წაგებაა.

ტრავმირებული ფრანც ვაგნერის, უენდელ კარტერის, ენტონი ბლექისა და ჯონათან აიზეკის გარეშე მოთამაშე მეჯიქმა მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა გაუწია. რაც შეეხება სტუმართა 26 წლის ქართველ ცენტრს, გოგამ მოედანზე გატარებულ 18:57 წუთში მხოლოდ 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

ბითაძემ მეტოქის ფარს საშუალო დისტანციიდან სულ სამჯერ შეუტია და ორჯერ წარმატებით. მან ბურთი ერთხელ მეტოქის, ერთხელაც საკუთარ ფარზე მოხსნა. გოგას თითო ჩაჭრა და დაფარებაც ჰქონდა, 4-ჯერ კი დაჯარიმდა.

ჰორნეტსში კობი უაითი და ბრენდონ მილერი გამოირჩნენ. პირველმა 27 ქულა ჩააგდო, მეორემ – 25. სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანები დესმონდ ბეიენი (24 ქულა) და პაოლო ბანკერო (20 ქულა) იყვნენ.

ორლანდო მეჯის მოგება-წაგებათა ბალანსი 38-31 აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა. ჯამალ მოსლის გუნდი მომდევნო თამაშს 22 მარტს, საკუთარ არენაზე, ლოს ანჯელეს ლეიკერსთან ჩაატარებს.

გოგა ბითაძემ მიმდინარე სეზონში ორლანდოს მაისურით 51-ე მატჩი ჩაატარა და მესამედ ითამაშა სასტარტო ხუთეულში. ბოლოს ქართველი მოედანზე თავიდანვე 4 მარტს, ვაშინგტონ უიზარდსთან საშინაო თამაშში გავიდა.

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version