საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მათე ხატიაშვილმა ბასკონიას მაისურით ესპანეთის ლიგა ენდესაში 17 წლისა და 135 დღის ასაკში ითამაშა და პირველი ქულების აღებაც მოახერხა.
ტრავმების ეპიდემიის ფონზე, ბასკური კლუბის მთავარმა მწვრთმელმა პაოლო გალბიატიმ თამამი გადაწყვეტილება მიიღო და ჟირონასთან მატჩის განაცხადში 17 წლის ერთბაშად 2 მოთამაშე – მათე ხატიაშვილი და ჯუომ მაკერ ბოლი შეიყვანა.
მწვრთნელმა მათი მატჩში ჩართვის გადაწყვეტილება საფინალო სირენამდე 1.48 წამით ადრე მიიღო, როდესაც შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. აღნიშნულ დროში მათემ შედეგიანი შეტევაც მოასწრო, რასაც წინ სახალისო მომენტი უძღოდა. ამაზე El Correo წერს.
“თამაშის დასასრულამდე 14 წამი რჩებოდა, როდესაც ხატიაშვილს ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაჰქონდა. ამ დროს გალბიატი უკვე ჟირონელთა თავკაც მონჩო ფერნანდესისკენ მიემართებოდა, რათა მისთვის ხელი ჩამოერთმია. ის მათეს ყველანაირად მიანიშნებდა, რომ მეტოქის ფარისთვის აღარ შეეტია, თუმცა, ხატიაშვილმა სადებიუტო მატჩის ფონზე ემოციები ვეღარ გააკონტროლა და შეტევაში წავიდა. შედეგად, ფოლი და ქართველმა კალათბურთელმა ორივე საჯარიმო ჩააგდო.
ეს, მისთვის ლიგა ენდესაში ისტორიული პირველი ქულები იყო და მატჩის შემდეგ ტრადიციული რიტუალის გავლაც მოუხდა. მათე თანაგუნდელების ალყაში მოექცა და მას ყველანი მეგობრულად მიესალმნენ. ეს სპორტის ბევრ სახეობაში მიღებული პრაქტიკაა და საღამოს იდეალური დასასრული იყო 17 წლის მოთამაშისთვის, რომელიც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უკვე 5 მატჩი აქვს ჩატარებული.
“მას ახალგაზრდა ვეტერანი შემიძლია ვუწოდო. მათეს ინტელექტი ნამდვილად დასაფასებელია. ჯუომ მაკერ ბოლის მსგავსად, ახალგაზრდულ ევროლიგაში კარგად ითამაშა, თუმცა, იქ უფრო ინდივიდუალური ქმედებები ჭარბობდა, ტაქტიკური თამაში კი ნაკლებად იყო. ამ მხრივ მათ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ, თუმცა, ვარჯიშთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლეს დონეზე ასვლას მოახერხებენ. ახლა, ყველაფერი მათ ხელშია”, – განაცხადა მატჩის შემდეგ გალბიატიმ”.
მოსალოდნელია, რომ სეზონის ბოლომდე ხატიაშვილსა და ბოლს თავის გამოჩენის შანსი კიდევ არაერთხელ მიეცემათ, რისი წინაპირობაც ბასკონიას მძიმე კალენდარი და წამყვანი კალათბურთელების ტრავმიანობაა. მაგალითად, მიმდინარე კვირაში ბასკურ კლუბს ერთბაშად 3 მატჩი ელის: 25 და 27 მარტს, ევროლიგაში, ცრვენა ზვეზდასა და ჰაპოელ თელ ავივს უმასპინძლებს, 29 მარტს კი, ესპანეთის ჩემპიონატში ანდორას ესტუმრება.
წყარო: Betsson.sport
