მარცხი ყოფილ გუნდთან – ბითაძემ 20 წუთი ითამაშა, ორლანდოს ცუდი სერია აქვს
SportMedia.Live
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქის წარუმატებელი სერია გრძელდება. ქართველი ცენტრის გუნდი დღეს დილით გოგას ყოფილ კლუბ ინდიანა პეისერსს ესტუმრა და ზედიზედ მე-5 მარცხი განიცადა – 126:128. თავის მხრივ, რეგულარული სეზონის აუტსაიდერმა პეისერსმა მიჯრით 16 (!) წაგების შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა.
ინდიანას ბოლო შეხვედრა 11 თებერვალს ჰქონდა მოგებული, ორლანდოსთან მატჩს კი საშინელი სტატისტიკით შეხვდა: 0.45% თამაშიდან ჩაგდებული ბურთები, რაც ლიგაში მე-3 უარესი მაჩვენებელი გახლდათ.
აი, მეჯიქთან შეხვედრა კი მასპინძლებისთვის გაცილებით წარმატებული გამოდგა. მათ 35-დან 16 სამქულიანი (45.7%) ჩააგდეს, საერთო ჯამში კი, თამაშიდან 55%-იანი სიზუსტით ესროლეს და ნანატრი გამარჯვება იზეიმეს.
მატჩის გმირი პასკალ სიაკამი გახდა, რომელმაც 34 წუთში 37 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, საფინალო სირენის წინ კი, ორლანდოელთა ლიდერ პაოლო ბანკეროს დაუფარა, რომელიც ანგარიშის გათანაბრებას ფარქვეშიდან ცდილობდა. ამ უკანასკნელმა 37 წუთში 39 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი კი მიითვალა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, დასკვნითი შეტევა გაუცუდდა.
ბითაძე ტრადიციულად სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა, ამჯერად სოლიდური სათამაშო დრო მიიღო – 20 წუთი (წელს ამაზე მეტი მან მხოლოდ 4 მარტს ვაშინგტონთან ითამაშა). გოგამ 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და 6 ქულას 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 4 პასი წაამატა.
ქართველმა კალათბურთელმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო, ამასთან, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მეჯიქმა პეისერსზე 4 ქულით მეტი ჩააგდო. ამ მაჩვენებლით, ბითაძე სტუმართა რიგებში მხოლოდ ორ მოთამაშეს ჩამორჩა.
ორლანდოს 38 მოგება და 33 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 25 მარტს, შინ, კლივლენდ კავალიერსთან ჩაატარებს.