Site icon sportmedia.live

მამუს 13 ქულა და 7 მოხსნა კლიპერსთან – ტორონტომ კავაი ლეონარდი ვერ გააჩერა

სანდრო მამუკელაშვილი და მისი ტორონტო რეპტორსი სტუმრად ლოს ანჯელეს კლიპერსთან უშანსოდ დამარცხდნენ – 94:119. სტუმართა 26 წლის ქართველი მძიმე ფორვარდი თავის გუნდში ერთი-ერთი საუკეთესო კი იყო, მაგრამ კავაი ლეონარდის, დარიუს გარლენდისა და ბენედიკტ მატურინის შედეგიანი თამაშის ფონზე, შეხვედრის ბედზე გავლენა ვერ იქონია.

წინა მატჩისგან განსხვავებით, მამუკელაშვილმა ამჯერად სათადარიგოთა სკამიდან ითამაშა, მოედანზე გატარებულ 15:08 წუთში კი 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, რაც მეორე შედეგი იყო სტუმართა რიგებში.

სანდრომ 5-იდან 3 სამქულიანი და ორივე ორქულიანი ჩააგდო, ერთი საჯარიმო სროლა კი ვერ გამოიყენა. ქართველს 4 მოხსნა საკუთარ ფარზე, 3 კი მეტოქისაზე ჰქონდა. მის პასივში ერთი დაკარგვაა.

კლიპერსს 27 ქულით და 6 მოხსნით კავაი ლეონარდმა ულიდერა, 24 ქულა გარლენდმა მიითვალა, 23 – მატურინმა. რეპორტორსში საუკეთესო ბრენდონ ინგრემი იყო, რომელმაც თამაში 18 ქულით, 6 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა.

ტორონტო რეპტორსს რეგულარულ ჩემპიონატში 40-32 ბალანსი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა. მომდევნო თამაშს მამუკელაშვილის გუნდი 28 მარტს, საკუთარ მოედანზე ნიუ ორლეან პელიკანსთან ჩაატარებს. 

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version