სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა NBA-ში ზედიზედ მე-2 მატჩი წააგო და მართალია, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 საფეხურზე რჩება, დიდი ბრძოლა მოუწევს, რათა საპლეიოფო ზონაში ადგილი შეინარჩუნოს.
კანადური კლუბი დღეს დილით ფინიქსში სანსს ესტუმრა და თითქოს უშანსოდ არ უნდა ყოფილიყო, თუმცა, კატასტროფული თამაში გამოუვიდა. არიზონელებმა, რომელთაც მანამდე მიჯრით 5 მატჩი ჰქონდათ წაგებული, ძალიან მოინდომეს და მე-3 მეოთხედში 30 ქულით (92:62) დაწინაურდნენ, საბოლოოდ კი, მეტოქე 120:98 გაანადგურეს.
მამუკელაშვილმა მოედანზე 18 წუთი გაატარა და პერიმეტრიდან სროლა არ წაუვიდა (4-ვე სამქულიანი ააცილა), სამაგიეროდ, 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 5 ქულას 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება წაამატა. სანდროს ბურთი არ დაუკარგავს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
რეპტორსის მხრიდან დიდად გამორჩეული არავინ ყოფილა, რადგანაც სტუმართაგან საუკეთესო სკოტი ბარნსმა მხოლოდ 17 ქულა ჩააგდო, გუნდის სასტარტო ცენტრმა იაკობ პიოლტლმა კი მატჩი უქულოდ დაასრულა. სანსის რიგებში საუკეთესოები დევინ ბუკერი (25 ქულა) და ჯეილენ გრინი (20 ქულა) იყვნენ.
ტორონტოს 39 მოგება და 31 მარცხი მოუგროვდა და როგორც აღვნიშნეთ, კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 24 მარტს, დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ იუტა ჯაზთან ჩაატარებს.
წყარო: Betsson.sport
