Site icon sportmedia.live

“მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და “ლივერპულში” ცუდ დროს მოხვდა” – ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს

პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში (0:2), „ლივერპულის“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაში ინგლისში შეაფასეს.

 

Liverpool Echo (7 ქულა): „პირველ ტაიმში კვარაცხელიას და დუეს დარტყმული ბურთებისას კარგი მოგერიებები ჰქონდა. დუეს მიერ რიკოშეტით გატანილი გოლისას ვერაფერს გახდებოდა. შეხვედრის მეორე ნახევარი უფრო მშვიდი იყო, მაგრამ კვარაცხელიამ მეორე გოლისას აჯობა“.

 

This Is Anfield (6 ქულა): „ძალიან სამწუხაროა, რომ დუეს ძლიერად დარტყმული ვერ მოიგერია. სამაგიეროდ ერთი ერთზე გასულ დუეს არ გაატანინა, აგრეთვე თანამემამულე კვარაცხელიას დარტყმული ოსტატურად მოიგერია. ეს ბიჭი მაღალი კლასის მეკარეა და გუნდში მართლაც ცუდი დროებისას, გაურკვევლობის პერიოდში მოხვდა“.

 

Liverpool World (7 ქულა): „შესაძლოა, პირველი გოლისას სწორი პოზიცია არ ჰქონდა დაკავებული და უძლური აღმოჩნდა. თუმცა, პირველ ტაიმში ორი შესანიშნვი „სეივით“ თავის გუნდს შანსი შეუნარჩუნა. მეორე გოლისას უშანსოდ იყო, ჰაკიმის დარტყმის შემდეგ ჩინებული მოგერიება შემოგვთავაზა.

 

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა საერთო ჯამში 19-ჯერ დაარტყა, „ლივერპულმა“ კი მხოლოდ ერთხელ. „წითლები“ თავიანთ მეკარეს უნდა უმადლოდენ, რომ რამდენიმეჯერ გადაარჩინა“.

 

Rousing The Kop (7 ქულა): „მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. ორ გოლზე მეტით რომ არ დამარცხდნენ, უდავოდ ქართველის დამსახურებაა“.

 

liverpool.com (8 ქულა): „შეიძლება ეს მის კარიერაში ყველაზე დიდი მატჩი გახლდათ. დებიუტში გაშვებული გოლისას ვერაფერს გახდა, ასევე კვარაცხელიას გოლისას. მომენტებში მისი გადაცემები უკეთესის სურვილს ტოვებდა, მაგრამ რამდენიმეჯერ იხსნა გუნდი უფრო დიდი ანგარიშით წაგებისგან“.

 

The Empire of The Kop: „ყველა მამარდაშვილის კოშმარულ სტარტზე ლაპარაკობს. კომენტატორები ელი მაკოისტი (BBC Sport) და პოლ რობინსონი (BBC Radio 5) იმ აზრზე არიან, რომ პირველი გოლისას არ გაუმართლა და დამნაშავე არ იყო. შემდეგ კვარაცხელიას არ გაატანინა. ჩინებულად გაისარჯა 36-ე წუთზე პირისპირ გასული დუეს წინააღმდეგ. „ლივერპულის“ დუბლიორისთვის შედარებით მშვიდი გამოდგა მეორე ტაიმი. „ბრაიტონის“ მერე გიორგის კიდევ ერთი კარგი ასპარეზობა ვნახეთ. მასზე დიდი ზეწოლა იმით იყო განპირობებული, რომ მერსისაიდელები ღრმა დაცვაში იდგნენ და მასპინძლებთან გახსნილ თამაშს ერიდებოდნენ“.

 

„ლივერპულის“ კაპიტანმა ვირგილ ვან დეიკმა განაცხადა, რომ გასულ წელს „პარკ დე პრენსზე“ წაგებისგან ალისონმა დიდებული თამაშით გადაარჩინა, ახლა ორბურთიანი ჩამორჩენა აქვთ და „ენფილდზე“ მამარდაშვილის კარგი მოგერიებები მნიშვნელოვანია.  

 

„ლივერპულის“ ლეგენდის, სტივენ ჯერარდის აზრით, პირველი გოლისას გიორგიმ პოზიცია არასწორად შეარჩია და ცოტა უკან რომ მდგარიყო, გოლს არ გაუშვებდა.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version