სხვა

მამარდაშვილი პრემიერლიგაში 4 სეივით დაბრუნდა – ლივერპულმა მაინც წააგო

ლივერპულის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა პრემიერლიგაში წელს პირველად და ოთხთვიანი პაუზის (132-დღიანი) შემდეგ ითამაშა. ეს 31-ე ტურში, ბრაიტონთან გასვლით შეხვედრაში მოხდა, რომელშიც 25 წლის ქართველმა მეკარემ ტრავმირებული ალისონ ბეკერი შეცვალა. 

ლივერპულის თავკაცმა არნე სლოტმა მამარდაშვილს პრემიერლიგაში ნდობა ბოლოს შარშან, 9 ნოემბერს, მანჩესტერ სიტისთან სტუმრად 0:3 წაგებულ მატჩში გამოუცხადა. მას შემდეგ გიორგიმ მერსისაიდელთა კარი ორჯერ ჩემპიონთა ლიგის, ერთხელ კი ინგლისის თასის შეხვედრაში დაიცვა. 

სამწუხაროდ, მამარდაშვილის დაბრუნება ლივერპულისთვის წარმატებული ვერ გამოვიდა. გიორგიმ კარი რამდენჯერმე გადაარჩინა და თავისიანების გოლშიც შეიტანა გარკვეული წვლილი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბრაიტონმა მოიგო – 2:1.

რაც შეეხება ბრაიტონი-ლივერპულის დაპირისპირებას, არნე სლოტის გუნდისთვის ის კარგად არ დაიწყო. ჯერ მე-8 წუთზე უგო ეკიტიკეს მოუხდა ტრავმის გამო მოედნის დატოვება, 6 წუთის შემდეგ კი მასპინძლებმა ანგარიშიც გახსნეს.

მამარდაშვილისა და იბრაჰიმა კონატეს არადამაჯერებელ თამაშს აუტი მოყვა, ბურთის მოწოდების შემდეგ კი დიეგო გომესმა თავით შორეულ ძელთან დენი უელბეკს გადაუგდო. ბრაიტონის 35 წლის თავდამსხმელს კონატემ ხელი ვერაფრით შეუშალა და მასპინძლები დაწინაურდნენ – 1:0. გიორგის იმ ეპიზოდში უკვე აღარაფრის გაკეთება შეეძლო.

სტუმრებმა 30-ე წუთზე გაათანაბრეს. მამარდაშვილმა თავისი ნახევრიდან მეტოქის საჯარიმოსკენ გრძელი გადაცემა გააკეთა. ბრაიტონის მცველმა ლუის დანკმა თავით ბურთის მეკარისთვის დაგდება განიზრახა, მაგრამ ზურგსუკან მილოშ კერკეზის მოძრაობა ვერ შენიშნა. ამ უკანასკნელმაც გადაცემა ჩაჭრა და გაიტანა – 1:1. დასანანი ის არის, რომ საგოლე პასი მამარდაშვილს არ ჩაეთვალა, ისევე, როგორც სეივი ტაიმის მიწურულს, თამაშგარე მდგომარეობის მიზეზით.

სამაგიეროდ, გიორგიმ კარის გადარჩენა შესვენების შემდეგ მალევე, ფერდი კადიოღლუს დარტყმის შემდეგ მოახერხა. მაგრამ 56-ე წუთზე მერსისაიდელთა დაცვის ხაზმა კიდევ ერთხელ ითამაშა ცუდად და დენი უელბეკმა, ჯეკ ჰინშელვუდის პასის შემდეგ დუბლი გაიფორმა – 2:1. ლივერპულის ქართველ მეკარეს არც ამ ეპიზოდში შეეძლო რეაგირება.

სამაგიეროდ, მამარდაშვილმა ეფექტური სეივი 61-ე წუთზე, დიეგო გომესის მოჭრილი საჯარიმო დარტყმის შემდეგ მიითვალა და გუნდი გადაარჩინა. გიორგის საქმეში ჩართვა ექვსიოდე წუთის შემდეგაც მოუხდა, როდესაც მასთან პირისპირ დარჩენილ იანკუბა მინტეს არ გაატანინა. 

მოქმედმა ჩემპიონმა თამაშის ბედის შემობრუნება ვერ მოახერხა და პრემიერლიგაში მე-10 წაგება მიითვალა. ქართველ გოლიპერს კი ბრაიტონთან ჯამში 4 სეივი დაუგროვდა. 

გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის ღირსება ყველა ტურნირის 13 შეხვედრაში დაიცვა და 20 გოლი გაუშვა, 3 მატჩში კი კარი მშრალად შეინახა. უშუალოდ პრემიერლიგაში ქართველ მეკარეს 6 თამაში, 12 გაშვებული გოლი და 1 მშრალი მატჩი აქვს.

არნე სლოტის გუნდს 49 ქულა რჩება და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, თუმცა, მისი გადასწრება ჩელსის (48) შეუძლია, რომელსაც ტურის შეხვედრა ჩასატარებელი აქვს.

ლივერპული სანაკრებო პაუზის შემდეგ, 4 აპრილს, ინგლისის თასის 1/4-ფინალურ დაპირისპირებაში მანჩესტერ სიტის ესტუმრება, ოთხი დღის შემდეგ კი უკვე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველ შეხვედრას გასვლაზე ჩაატარებს ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენთან. რამდენი ხნით მოუწევს დასვენება ალისონ ბეკერს, ჯერჯერობით უცნობია.

https://cdn.jwplayer.com/previews/9oLtj6wR-7EUbWQYc

ბრაიტონი 2:1 ლივერპული

გოლები: 1:0 უელბეკი (14’). 1:1 კერკეზი (30’), 2:1 უელბეკი (56’)

წყარო: Betsson.sport