ხვიჩა კვარაცხელია და მისი პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოსაგებად სვლას აგრძელებენ. ლუის ენრიკეს გუნდმა 1/8-ფინალურ ეტაპზე დამაჯერებლად სძლია ლონდონის ჩელსის (5:2, 3:0), თავად 25 წლის ქართველმა შემტევმა კი ორრაუნდიან დაპირისპირებაში 3 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა. ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირში პარიზელების მომდევნო მეტოქე ლივერპულია, იქამდე კი კვარას და მის თანაგუნდელებს ლიგა 1-ში მოუწევთ შესაძლებლობების ჩვენება და ლიდერის პოზიციის გამყარება.
ახლახან ნიდერლანდურ მედიასთან ინტერვიუს დროს ლეგენდარული პატრიკ კლუივერტის შვილმა, რუბენ კლუივერტმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესოდ ისაუბრა.
24 წლის ნიდერლანდელი მცველი 2025 წლის ზაფხულიდან ლიონის ღირსებას იცავს და კვარას შესაძლებლობების უკვე უშუალოდ მოედანზე დაპირისპირებიდან იცნობს. რუბენი აცხადებს, რომ მეტოქე ფეხბურთელი, რომელმაც მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა, სწორედ პსჟ-ის ქართველი შემტევია.
“პარი სენ-ჟერმენთან საშინაო მატჩში მის წინააღმდეგ ურიგოდ ნამდვილად არ გავისარჯე. ამან თავდაჯერება შემძინა და მას შემდეგ უკეთესად ვთამაშობ.
რატომ არის კვარაცხელია განსაკუთრებული? ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია. მის წინააღმდეგ მთელი მატჩის განმავლობაში მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყო. ის მუდმივად რაღაცის მოფიქრებას ცდილობდა, მაგრამ მე დისციპლინირებულად და ყურადღებით ვთამაშობდი.
მატჩის შემდეგ მსურდა მისთვის მაისურა გამეეცვალა, მაგრამ უკვე გაცემული ჰქონდა. სამაგიეროდ, ჩემს კოლექციაშია მარკინიოსის მაისურა, რომელიც ასევე მშვენიერია”, – უთხრა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა Voetbalzone-სთან.
შეხვედრა, რომელზეც რუბენ კლუივერტმა ისაუბრა, ლიგა 1-ის მე-12 ტურში, შარშან ნოემბერში გაიმართა და ის პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა, სტუმართა სამი გოლიდან ერთი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში პსჟ-ის ღირსება საფრანგეთის ჩემპიონატის 21 მატჩში დაიცვა და 4 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოირჩა. ქართველს სტატისტიკა გაცილებით შთამბეჭდავი ჩემპიონთა ლიგაში აქვს, სადაც 11 შეხვედრაში 7 გოლსა და 4 ასისტს ითვლის.
წყარო: Betsson.sport
