სხვა

ლოჩოშვილი დუბლზე: ვამაყობ, მაგრამ თანაგუნდელების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა

გერმანიის II ბუნდესლიგის 27-ე ტურში ნიურნბერგმა კაიზერსლაუტერნი 3:0 დაამარცხა, ეს მატჩი კი ლუკა ლოჩოშვილის ბენეფისი იყო – ქართველმა მცველმა დუბლი შეასრულა!

ლოჩოშვილს ძალიან კარგი სეზონი აქვს, მიროსლავ კლოზეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და შეუცვლელი ფიგურაა. გარდა იმისა, რომ თავის პირდაპირ მოვალეობას – დაცვაში თამაშს თავს კარგად ართმევს, შეტევაშიც შედეგიანია, რაც დღეს ნათლად დაადასტურა.

მატჩის შემდეგ ქართველმა მცველმა კომენტარი გააკეთა, რომელსაც ნიურნბერგის ვებგვერდი აქვეყნებს.

“როდესაც პატარა ვიყავი, თავდამსხმელად ვთამაშობდი. ერთ თამაშში რამდენიმე გოლის გატანაც კი მოვახერხე. თუმცა, პროფესიულ მატჩში აქამდე ორი გოლი არასდროს გამიტანია. ძალიან ბედნიერი ვარ ამით, მაგრამ ასევე ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. რადგან ჩემი თანაგუნდელების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ეს გუნდური მუშაობა იყო”, – აღნიშნა გახარებულმა ქართველმა მცველმა თავის დუბლზე.

თამაშის შესახებ ლუკა ამბობს: “გუნდურად ძლიერად ვითამაშეთ. ძალიან ინტენსიურად ვითამაშეთ, მაღალ პრესინგს ვახდენდით და ვდომინირებდით. ეს იყო დამსახურებული გამარჯვება ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის”.

ლოჩოშვილი სეზონის დარჩენილი ნაწილის შესახებ: “ეს გამარჯვება ბუნებრივია, თავდაჯერებულობას გვმატებს, მაგრამ არ უნდა დავმშვიდდეთ. სეზონი ჯერ არ დასრულებულა. გვსურს, ასე გავაგრძელოთ და ამ სეზონიდან მაქსიმუმი მივიღოთ”.

ლუკა ლოჩოშვილს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი (კაიზერსლაუტერნამდე პადერბორნსა და ფიურტთან), ხოლო ერთხელ გერმანიის თასზეც ითამაშა. ლუკა ახლა საქართველოს ნაკრებს შეუერთდა, რომლის რიგებში ისრაელისა და ლიეტუვის ნაკრებებთან სპარინგებისთვის მოემზადება.

ნიურნბერგმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა, 36 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 აპრილს, ბრაუნშვაიგს სტუმრად შეხვდება.

https://cdn.jwplayer.com/previews/UUdVCnhJ-7EUbWQYc

წყარო: Betsson.sport