სხვა

“ლივერპული” ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს – მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ” – ინგლისური მედია

ინგლისური გამოცემები „ლივერპულის“ პსჟ-სთან დამარცხებას და მეკარე ალისონის „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან:

 

liverpool.com: „პსჟ-სთან არნე სლოტის ტაქტიკა არაეფექტური გამოდგა. იმის მიხედვით, როგორ მიმდინარეობს ეს სეზონი „ლივერპულისთვის“, 0:2 წაგება შეიძლება ღირსეულ შედეგად ჩაითვალოს. მიუხედავად „ენფილდზე“ ქამბექზე საუბრებისა, ეს ნაკლებად სავარაუდოდ მოჩანს.

 

უეჭველია, მომავალ სამშაბათს გულშემატკივრები გუნდს ბოლომდე დაუჭერენ მხარს, ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „წითლები“ „სტად დე ფრანსზე“ უფრო დიდი ანგარიშით მარცხს გიორგი მამარდაშვილის კარგი მოგერიებებით გადაურჩნენ. „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩისგან განსხვავებით არ განადგურდნენ, თუმცა მეტოქემ კლასით დაჯაბნა“.

 

The Empire of The Kop: „გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, „იუვენტუსმა“ ალისონთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე დამაიმედებელ პროგრესს მიაღწია. ბრაზილიელი იტალიაში დასაბრუნებლად მზადყოფნას გამოთქვამს. „იუვემ“ მისგან იმედისმომცემი სიგნალი მიიღო და საკვანძო პოზიციაზე მაღალი დონის ფეხბურთელის დამატებას გეგმავს. „ალის“ მიერ ახლახან კონტრაქტის 1 წლით გაგრძელებამ თითქოს საკითხს ნათელი მოჰფინა, მაგრამ სინამდვილეში საქმე სრულიად სხვაგვარადაა. კერძოდ, მერსისაიდულმა კლუბმა ჩათვალა, რომ უფასოდ გაშვება საჭირო არ იყო, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მის ხანგრძლივვადიან მემკვიდრედ მამარდაშვილს განიხილავს.

 

ბეკერს მერსისაიდულ გუნდში აღარაფერი აქვს დასამტკიცებელი, ახალ გამოწვევებს საჭიროებს ისეთ კლუბში, სადაც სასტარტოში ადგილი გარანტირებული ექნება. თუ ის წასასვლელად მზადაა, „ლივერპული“ არ უნდა შეეწინააღმდეგოს, რამეთუ მეკარის პოზიციაზე არჩევანი უკვე გააკეთა და ახლა მთავარია, ზაფხულში მამარდაშვილისთვის საიმედო დუბლიორი დაიმატოს“.

 

გამოცემა 7 აპრილს წერდა, რომ ადრე „ლივერპული“ ლუკა შევალიეს ყიდვას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ ფასისა და დონის შესაბამისობის მხრივ მამარდაშვილი საუკეთესო შენაძენი აღმოჩნდა – ფრანგმა „პარი სენ ჟერმენში“ მატვეი საფონოვთან კონკურენციას ვერ გაუძლო და სათადარიგოთა შორისაა. 

 

აღნიშნულია, რომ „ლივერპული“ „პორტუს“ კარის დარაჯის დიოგუ კოსტას ტრანსფერზეც ფიქრობდა, თუმცა ქართველის ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავმა ასპარეზობამ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

წყარო: Sportall.ge