ესპანეთის პრიმერა FEB-ის (რანგით მეორე დივიზიონი) 26-ე ტურში გიორგი კორსანტიას გიპუზკოა შინ პალენსიასთან 57:71 დამარცხდა, მაგრამ ქართველ კალათბურთელს კარგი თამაში ჰქონდა.
კორსანტიამ 28 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა – 11 ქულა, 13 მოხსნა (7 შეტევაში), 2 პასი და 2 ჩაჭრა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 4 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.
გიპუზკოასთვის ეს ზედიზედ მეორე მარცხი იყო, რის შედეგადაც, 15 მოგებით და 10 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 აპრილს, მელილიას სტუმრად შეხვდება.
ამავე ლიგაში დუდა სანაძის პალმერ ბასკეტი გასვლაზე ობრადოიროსთან დაძაბულ ბრძოლაში, 80:89 დამარცხდა.
სანაძე თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 27 წუთში 15 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. დუდამ 7-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
პალმერ ბასკეტი 6 მოგებით და 18 წაგებით მე-15 საფეხურზეა, მომდევნო ტურში 28 მარტს, ფუენლაბრადას ეწვევა.
წყარო: Betsson.sport