Site icon sportmedia.live

კლოზე ლოჩოშვილზე: მე ლუკას წინააღმდეგ თამაში არ მენდომებოდა

ნიურნბერგის ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა კარიერაში პირველად დუბლი შეასრულა. II ბუნდესლიგის 27-ე ტურში ქართველმა ფეხბურთელმა კაიზერსლაუტერნის კარი ორჯერ დალაშქრა – ჯერ თავით, შემდეგ მარცხენა ფეხით.

ლოჩოს კარგი სეზონი აქვს, ნიურნბერგს იდეალურად მოერგო და გოლებიც გააქვს (უკვე 4 გოლი), რაც მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია.

ნიურნბერგის მთავარი მწვრთნელი, გერმანული ფეხბურთის ლეგენდა მიროსლავ კლოზე ლუკათი ძალიან კმაყოფილია, მაგრამ მაინც ორაზროვნად თქვა, რომ შეტევაში ურჩევნია ბურთი უფრო სხვა ფეხბურთელებს ჰქონდეთ, ვიდრე ლოჩოშვილს: “ლუკას გამო წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, მაგრამ როდესაც ის დრიბლინგს იწყებს, ხანდახან მირჩევნია, რომ თავის პოზიციაზე დარჩეს და ბურთი თანაგუნდელს გადასცეს”.

ამავდროულად, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა კლოზემ ლოჩოშვილზე საუბრისას აღნიშნა, “მიხარია, რომ კარიერა დიდი ხნის დასრულებული მაქვსო”: “მე, როგორც თავდამსხმელს, ლუკას წინააღმდეგ თამაში არ მენდომებოდა. ლოჩოშვილს ჰაერშიც და მიწაზეც ძალიან კარგი “თაიმინგი” აქვს. ყველაზე საჭირო მომენტებში ზუსტად მოქმედებს”. – აღნიშნა მირომ.

ცხადია, კლოზესგან ეს ძალიან დიდი კომპლიმენტია და აშკარაა, რომ ლოჩოშვილი საშუალოზე მაღალი დონის მოთამაშეა მეორე ბუნდესლიგაში. სწორედ ამიტომ, ის უკვე დიდი ხანია, არაერთი ელიტარული კლუბის ყურადღების ცენტრშია. მიუხედავად იმისა, რომ მას კონტრაქტი 2029 წლამდე აქვს გაფორმებული, მომავალზე დასმულ კითხვაზე, ქართველმა არ გამორიცხა ზაფხულში წასვლა: “არ ვიცი. მიყვარს გულშემატკივრები და ყველა, ვინც აქ მუშაობს, ამიტომ აქ ბედნიერი ვარ. ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ სეზონის ბოლომდე ყველაფერი გავაკეთო კარგი შედეგის მისაღწევად”.

კლოზემ ამაზეც გააკეთა კომენტარი: “ეს რომ მცოდნოდა, თამაშის შემდეგ მას სხვანაირად დავემშვიდობებოდი. მაგრამ დიახ, რა თქმა უნდა, ამაზე მას ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ დაველაპარაკები”.

აშკარაა, რომ კლოზეს სურს ლოჩოშვილის შენარჩუნება, რადგან მას მომავალ სეზონშიც გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მოიაზრებს.

გარდა იმისა, რომ ლოჩოშვილს ისეთი ფიგურა აქებს, როგორიც მიროსლავ კლოზეა, ავტორიტეტული გერმანული გაზეთის – Kicker-ის ვერსიით II ბუნდესლიგის 27-ე ტურის სიმბოლურშიც მოხვდა ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებით (1.5 ქულა). Kicker-მა ლოჩოშვილი მიმდინარე სეზონში ტურის სიმბოლურში უკვე მესამედ დაასახელა.

ლუკა ლოჩოშვილს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი (კაიზერსლაუტერნამდე პადერბორნსა და ფიურტთან), ხოლო ერთხელ გერმანიის თასზეც ითამაშა. ლუკა ახლა საქართველოს ნაკრებს შეუერთდა, რომლის რიგებში ისრაელისა და ლიეტუვის ნაკრებებთან სპარინგებისთვის მოემზადება.

ნიურნბერგმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა, 36 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 აპრილს, ბრაუნშვაიგს სტუმრად შეხვდება.

https://cdn.jwplayer.com/previews/UUdVCnhJ-7EUbWQYc

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version