საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისრაელთან ტესტ-მატჩის წინა დღეს პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მასთან ერთად ეროვნული გუნდის ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იმყოფებოდა.
ხვიჩა კვარაცხელია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი):
…მომავალ მატჩზე: “პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ქვეყანას პატრიარქის გარდაცვალებას. მიხარია, რომ მის ეპოქაში ვიცხოვრე და მასთან შეხვედრაც მომიწია. რაც შეეხება მატჩს: ისრაელი კარგ ფეხბურთს თამაშობს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ორივე ამხანაგური შეხვედრა დადებითად დავასრულოთ. ამ მატჩებში ისეთი რაღაცები უნდა გავაკეთოთ, რაც მომდევნო შეხვედრებში აუცილებლად გამოგვადგება.”
…კაპიტნობაზე: “ვეცდები, რომ მოედანზე ყველაფერი კარგად გავაკეთო. კაპიტნობა დიდი პატივია. ვაგრძელებ ჯაბასა და გურამ კაშიას გზას. მაქსიმუმს გავაკეთებ ეროვნულ გუნდთან ერთად წარმატების მისაღწევად. უპირველეს ყოვლისა, კაპიტნებისგან ვისწავლე, რომ პირველი საკუთარ თავზე იღებდნენ ყველაფერს. მინდა, ჩვენი ბიჭებისთვის მაგალითი ვიყო და მუდმივად სწორი გადაწყვეტილებები მივიღო.”
…ემოციურობაზე: “ხანდახან მსაჯებთან ემოციებს გამოვხატავ, თუმცა შემდეგ მათ ბოდიშს ვუხდი ხოლმე. ეს ფეხბურთია, სადაც ხშირად ემოციები გვაქვს, თუმცა ვეცდები, რომ კაპიტნობაში ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო.”
…გულშემატკივრებზე: “ჩვენი ქომაგები ევროპაში საუკეთესოები არიან. ზუსტად რთულ სიტუაციაში ყოფნისას არის მხარდაჭერა საჭირო და ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს.”
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):
…საკადრო პრობლემებზე: “ერთა ლიგა სექტემბერში იწყება. იქამდე დიდი დროა. ნაკრებში კარგი ატმოსფეროა, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ჩაკვეტაძესა და გოგლიჩიძეს გარკვეული ტრავმები აწუხებთ. ცხადია, რისკს ახლა არ გავწევთ, რადგანაც ეს ამხანაგური მატჩებია და ექიმთან კონსულტაციით გადაწყდება, ითამაშებს თუ არა ეს ორი ფეხბურთელი.”
…კაპიტნობაზე: “არ მახსენდება ასეთი რამ, რომ კაპიტანი აუცილებლად ოთარ კიტეიშვილი უნდა ყოფილიყო. აქამდე სხვადასხვა ტიპის კაპიტნები გვყავდა, ხვიჩამ უნდა იპოვოს თავისი გზა, თუ როგორი კაპიტანი იქნება. მჯერა, ხვიჩა ისეთი კაპიტანი იქნება, როგორსაც ყველა ვისურვებდით.”
…ტესტ-მატჩების მნიშვნელობაზე: “წარმატება ამხანაგურ მატჩში გამოიხატება იმით, რომ დავინახოთ დინამიკა, დისციპლინა. ბოლო 6 თვე რთული იყო, თუმცა ბოლო დღეები კარგი იყო და იმედი მაქვს, რომ მომდევნო მატჩებში კარგ შედეგებს დავაფიქსირებთ.”
წყარო: Betsson.sport
