ინტერვიუ ოდიშარიასთან: რამდენიმე გუნდი მაკვირდება და არაფერს გამოვრიცხავ
SportMedia.Live
საქართველოს U21 ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლაშა ოდიშარიამ ლატვიის ჩემპიონატში 2026 წლის სეზონი შესანიშნავად დაიწყო: საწყის ორ თამაშში სამი საგოლე პასი გააკეთა და გუნდს გამარჯვებებში დაეხმარება.
23 წლის ფეხბურთელი ლატვიური რფს-ის ერთ-ერთი ლიდერია. შარშან ხიხონის სპორტინგსაც სურდა მისი შეძენა, მაგრამ საბოლოოდ, ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან კლუბები სატრანსფერო ფასზე ვერ შეთანხმდნენ.
2024/25 წლების სეზონში ოდიშარიამ რფს-ის რიგებში ევროპალიგის ფაზის ეტაპზე 8 მატჩი ითამაშა (ყველა ძირითადი შემადგენლობიდან), ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც გალათასარაი, აინტრახტი, ანდერლეხტი და აიაქსია. გოლიც გაიტანა – გალათასარაის კარში, რითაც გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა (2:2 – მან გაათანაბრა ანგარიში). შემდეგ იყო ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი, სადაც სამივე თამაშში მიიღო მონაწილეობა და დიდი გამოცდილება შეიძინა.
სანაკრებო პაუზის დროს ჩვენ ლაშას დავუკავშირდით და ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ – კარიერა, განვლილი გზა, სამომავლო გეგმები…
betsson.sport: სეზონი ორ მატჩში სამი საგოლე პასით დაიწყე, მაგრამ ბოლო ტურში თამაშის შესაძლებლობა არ მოგეცა. რატომ?
ლაშა ოდიშარია: სეზონის სტარტი მართლაც კარგი გამოვიდა, ამისთვის ვემზადებოდით, რომ ასე კარგად დაგვეწყო. ორ თამაშში სამი საგოლე პასი ნამდვილად კარგი შედეგია. რაც შეეხება უთამაშებლობას, მატჩამდე ვარჯიშზე ქუსლზე მქონდა პატარა დისკომფორტი, მწვრთნელთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ თამაშიდან გამომდინარე თუ საჭიროება არ იქნებოდა, არ ვითამაშებდი და დავისვენებდი. მარტივი თამაში არ ყოფილა, ვხურდებოდი, მაგრამ 4:1 მოვიგეთ და აღარ მომიწია შესვლა. სერიოზული არაფერია, ერთი ვარჯიში გამოვტოვე და მომდევნო მატჩებისთვის მზად უნდა ვიყო.
betsson.sport: რა არის პირადად შენი მიზანი ახალ სეზონში და ასევე, გუნდის?
ლაშა ოდიშარია: ინდივიდუალურად მთავარი მიზანი ისაა, რომ გუნდისთვის მაქსიმალურად პროდუქტიული ვიყო. სტატისტიკა ზოგადად არასდროს მაქვს სასწაული, მაგრამ მინდა, ამ მიმართულებითაც გავაუმჯობესო ჩემი თამაში, რაც გუნდსაც დაეხმარება. გუნდის მიზანი, როგორც ყოველ წელს, ჩემპიონობა და თასის მოგებაა. ევროტურნირებზე, წელს კონფერენსლიგაზე ვართ და ძალიან რთული იქნება ოთხი ეტაპის გავლა, მაგრამ თუ იქნება საშუალება მეტოქეებიდან გამომდინარე, ჯგუფში მოხვედრაც გვინდა.
betsson.sport: ხომ არ ახლოვდება კარიერაში ახალი ნაბიჯის დრო?
ლაშა ოდიშარია: როგორც ყველა ფეხბურთელი, მეც ვფიქრობ, რომ წინ გადავდგა ნაბიჯი და უფრო მაღალ დონეზე ავიდე. თუმცა, ახლა მხოლოდ რფს-ზე ვარ კონცენტრირებული, ვცდილობ, რომ ბევრი არ ვიფიქრო, რა იქნება მომავალში, რადგან ვიცი, რომ თუ კარგად გავაგრძელებ თამაშს და ფორმაში ვიქნები, შეთავაზებებიც იქნება. ამ მომენტში კონკრეტული არაფერია. როგორც აგენტისგან გავიგე, რამდენიმე გუნდი მაკვირდება, დაინტერესებულები არიან და შეიძლება ზაფხულში რფს-მა მიიღოს წინადადება, მაგასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა გუნდების სახელები არ ვიცი.
betsson.sport: როგორია ლატვიის ჩემპიონატი, რა განასხვავებს საქართველოს ჩემპიონატისგან?
ლაშა ოდიშარია: დიდი განსხვავებაა. ჩემი აზრით, საქართველოს ჩემპიონატი უფრო კონკურენტუნარიანია, რადგან თითქმის ყველა გუნდი ერთი დონისაა, პირველ ადგილზე რომ იყო და ბოლოადგილოსანს ხვდებოდე, ვერ იტყვი, რომ აუცილებლად დაამარცხებ. ლატვიაში ცოტა სხვანაირადაა, ოთხი გუნდი იბრძვის მაღალი მიზნებისთვის, დანარჩენები შედარებით სუსტები არიან და ამ გუნდებთან შედარებით მარტივად გადიხარ ფონს. განსხვავება კიდევ ისაა, რომ აქ ფიზიკურად უფრო ძლიერი გუნდები არიან, ბევრს დარბიან, რაც რომ ჩამოვედი, მაშინვე ვიგრძენი. საქართველოში უფრო ტექნიკური გუნდები არიან.
betsson.sport: რფს-ზე რომ ისაუბრო. საკმაოდ ძლიერი გუნდია მაღალი ამბიციებით, რომელმაც ევროპალიგაზეც ითამაშა…
ლაშა ოდიშარია: მართლაც ძალიან მაგარი პროექტია. ბოლო 6-7 წელია გუნდი ყოველთვის ვითარდება. ლატვიური კლუბისთვის ევროპალიგის ძირითად ეტაპზე გასვლა ნამდვილად არაა პატარა ამბავი, ძალიან დიდი ამბავია და იქაც, შედეგს მივაღწიეთ. აქ დიდი ხანია ერთი მწვრთნელია და იცის, ძალიან კარგად ყველაფერი. იციან რა უნდათ, ფეხბურთელებისგან რას ითხოვენ. ყოველ წელს ვითარდება და ვინ იცის, შეიძლება მალე ჩემპიონთა ლიგაზეც გავიდეს – იმდენად სწორი მენეჯმენტია კლუბში და ზოგადად, ყველაფერი კარგად მუშაობს.
betsson.sport: როგორი მწვრთნელია ვიქტორს მოროზი, რომელიც უკვე მეექვსე წელია, რაც რფს-ში მუშაობს…
ლაშა ოდიშარია: მოროზი არის მწვრთნელი, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს დისციპლინას და ტაქტიკურ ასპექტებს, ნებისმიერ დეტალს, მცირედსაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც ვარჯიშებზეც აკვირდება. კონკრეტულად ფეხბურთელებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ცდილობს, თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს გუნდში თავი. ჩემი აზრით, ეს მიდგომა ეხმარება გუნდს და მწვრთნელსაც საქმეს უადვილებს.
betsson.sport: ევროპალიგაზე გალათასარაის გოლი გაუტანე. ეს თამაში რომ გაიხსენო – ემოციები და განცდები გოლის შემდეგ…
ლაშა ოდიშარია: ევროპალიგაზე თამაში ჩემი დიდი ოცნება იყო. ბავშვობაში ვუყურებდი, ხუთშაბათობით რომ გადიოდა, სულ მინდოდა მეთამაშა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ევროპალიგაც არანაკლები ტურნირია. სულ მინდოდა მეთამაშა და მერე ასეთი დიდი გუნდების წინააღმდეგ რომ თამაშობ, მით უმეტეს, გოლი რომ გაგაქვს, სასწაული შეგრძნებაა, სიტყვებით აღწერა ძნელია, საოცარია. თამაშის მერე ძალიან ბედნიერი ვიყავი, შედეგის და გოლის გამოც. ბევრი თამაში ჩავატარეთ და გამოვარჩევდი იმ სეზონს, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად.
betsson.sport: როგორც ცნობილია, ზაფხულში გინდოდა რფს-დან წასვლა, ხიხონის სპორტინგზე იყო საუბარი. რატომ ჩაიშალა ტრანსფერი?
ლაშა ოდიშარია: ზაფხულში ხიხონის სპორტინგი აქტიურად ცდილობდა რფს-თან მოლაპარაკებებს, რაღაც ეტაპზე, თითქოს, შეთანხმდნენ კიდეც სატრანსფერო ფასზე, მაგრამ ბოლოს მაინც გაიწელა მოლაპარაკებები, საბოლოოდ, რფს-მა სხვა თანხა მოითხოვა, რისთვისაც ხიხონი მზად არ იყო. ამიტომაც, საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა.
betsson.sport: თუ იყო სხვა ვარიანტები გასულ ზაფხულს?
ლაშა ოდიშარია: შარშან იყო სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ყველაზე მეტად ხიხონის სპორტინგი აქტიურობდა და რფს-სთვის მათი შეთავაზება იყო მისაღები. არ ვიცი, სხვა კლუბები რომლები იყვნენ, მაგრამ, როგორც ვიცი, მაშინვე დაიბლოკა შეთავაზებები. ხიხონში ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ უთამაშებლობის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ტრავმა იყო. თამაში ფიზიკურად არ შემეძლო, თორემ სხვა მიზეზით, არასდროს ვიტყვი თამაშზე უარს და არც რფს გააკეთებდა ამას, ძირითადი შემადგენლობის წევრი ვიყავი და გუნდსაც ვჭირდებოდი.
betsson.sport: საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზეც ვთქვათ და გავიხსენოთ ევროპის ჩემპიონატი. როგორი გამოცდილება იყო შენთვის?
ლაშა ოდიშარია: ძალიან დიდი და ისტორიული რაღაც გავაკეთეთ, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით 21-წლამდელთა ნაკრები მანამდე არასდროს ყოფილა ევროპის ჩემპიონატზე. ძალიან მაგარი განცდაა. ვთქვი, რომ გუნდთან ერთად დიდ ტურნირზე თამაში საოცარია, მაგრამ როდესაც ნაკრებში ასეთ ტურნირზე თამაშობ, ორმაგად უფრო მაგარია, გაცილებით დიდი პასუხისმგებლობაა, პრივილეგიაა. დაგვაკლდა გამოცდილება, ცოტა ფიზიკური გამძლეობაც, 5 წუთი იყო დარჩენილი და ვერ გავძელით. პორტუგალიასთან თამაში ჩემთვის ძალიან ცუდი გასახსენებელია [მატჩის დასაწყისში წითელი ბარათი მიიღო], მაგრამ მაინც გვქონდა შანსი, რომელსაც ბოლო ტურამდე ვინარჩუნებდით.
betsson.sport: ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ მოგცემია შანსი. გიფიქრია ამაზე და შენი აზრით, რა გაკლია ჯერ კიდევ, რომ მიწვევა მიიღო?
ლაშა ოდიშარია: ყველა ფეხბურთელი ფიქრობს ეროვნულ ნაკრებზე, გამონაკლისი არც მე ვარ. ყოველი დღე მოტივაციაა, რომ მოედანზე გავიდე, უკეთესი გავხდე, რადგან მინდა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო. რა მაქვს გასაუმჯობესებელი – ასეთი ბევრი რაღაცაა, ყველაფერში უნდა მოვუმატო, რადგან ეროვნული ნაკრები უკვე ძალიან მაღალ დონეზეა და ძალიან ძლიერი უნდა იყო ყველა კომპონენტში, რომ ეროვნულ ნაკრებში ითამაშო. ვაგრძელებ შრომას, ვარჯიშს, რათა ერთ დღესაც საქართველოს ნაკრებში ვითამაშო.
betsson.sport: შენი საყვარელი პოზიცია რომელია? რფს-ში მცველადაც კი გიწევდა თამაში, ორივე ფლანგზეც. საერთოდ, მრავალმხრივი მოთამაშე ხარ, როგორ ახერხებ ამას?
ლაშა ოდიშარია: დინამოში მითამაშია რამდენიმე პოზიციაზე, მაგრამ მცველის პოზიციაზე არასდროს მითამაშია. რფს-ში იყო პირველად ასეთი შემთხვევა, როცა აპოელთან მათამაშეს მცველად. არ ვიცი, რა არის ამისთვის საჭირო, რომ შეძლო, მაგრამ ვარჯიშებზე უფრო მცველებს ვაკვირდებოდი, რათა მესწავლა ისეთი რაღაცები, რასაც თამაშში გამოვიყენებდი. ჩემთვის კომფორტული პოზიცია მარჯვენა გარემარბია, რადგან უფრო მეტი არჩევანი მაქვს შეტევაში თამაშის გასამწვავებლად.
betsson.sport: შენი მთავარი პლუსი სათამაშო კომპონენტებიდან რა არის? დრიბლინგი, ჩაწოდებები თუ სხვა…
ლაშა ოდიშარია: დრიბლინგი ერთ-ერთი ძლიერი იარაღია ჩემთვის, მაგრამ სწორად აღნიშნე – ვფიქრობ, ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებებიც კარგად გამომდის.
betsson.sport: უახლოესი მიზნები რა არის? რა დონეზე გინდა იყო კარიერულად, მაგალითად, ერთი წლის შემდეგ….
ლაშა ოდიშარია: ძალიან რთულია ამაზე საუბარი, არ მიფიქრია, რადგან ვცდილობ, ყოველ მომდევნო თამაშზე ვიყო კონცენტრირებული. ეს უფრო მეხმარება, რადგან თამაშის დროსაც ნაკლებად ვგრძნობ წნეხს. ერთი ისაა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა და რფს-სთვის ვიყო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც გუნდს დაეხმარება.
betsson.sport: შენი პოზიციის ფეხბურთელებიდან, ვის ამსგავსებ საკუთარ თავს სათამაშო მანერით?
ლაშა ოდიშარია: არასდროს მიფიქრია ამაზე. თუმცა, ვცდილობ, რომ მსოფლიო ვარსკვალვებს კვარას ჩათვლით დავაკვირდე, თუ როგორ მოქმედებენ საჯარიმოსთან, როგორ ატყუებენ მეტოქეს. თუმცა, არ ვიცი, ვის შეიძლება ვგავდე თამაშის სტილით.
betsson.sport: განვლილი კარიერიდან ყველაზე კარგად რომელი თამაში გახსენდება?
ლაშა ოდიშარია: ბევრი საყვარელი თამაში მაქვს, თუნდაც აიაქსის წინააღმდეგ [რფს-მა 1:0 მოიგო], მაგრამ ემოციური კუთხით და მნიშვნელობით, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში, ხორვატიაში, პლეი ოფის თამაშს გამოვარჩევ, სადაც ყველა ემოცია გაცნიცადე, დადებითიც და უარყოფითიც, რაც შეიძლება განიცადოს ადამიანმა იმ 120 წუთსა და პენალტებში. ძალიან დასამახსოვრებელი თამაში იყო.
betsson.sport: რა შეგიძლია თქვა რამაზ სვანაძის შესახებ?
ლაშა ოდიშარია: ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია. იმ ორწლიან პერიოდს ძალიან კარგად გავიხსენებ, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრებში მასთან გავატარე. ფეხბურთელს გიმარტივდება მასთან მუშაობა და ურთიერთობა, რადგან იმდენად გასაგებ ენაზე, მარტივად გიხსნის დავალებებს, რომ როცა მოედანზე გადიხარ, ყველაფერი ნათელია, თუ რა უნდა გააკეთო. ფსიქოლოგიური კუთხითაც ძალიან კარგად იცის ფეხბურთელის მომზადება.
betsson.sport: ვისთან ხარ ყველაზე მეტად შეთამაშებული?
ლაშა ოდიშარია: საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ყველა ერთმანეთთან ძალიან კარგად ვიყავით შეთამაშებული. რფს-ში კი არიან – იანის იკაუნიეკსი და დარკო ლემაიჩი, რომლებსაც ყველაზე ხშირად გავუკეთე საგოლე პასი. შეხედვის გარეშეც ვიცი სად არიან და ალბათ, ზუსტად ეგაა შეთამაშება.
ლაშა ოდიშარიამ კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, სადაც 2020-2023 წლებში გამოდიოდა (29 მატჩი, 3 გოლი, 6 ასისტი), ამავე პერიოდში ცოტა ხნით იჯარით მარტვილის მერანში თამაშობდა. 2024 წლიდან ის ლატვიურ რფს-ს შეუერთდა, რომლის რიგებში დღემდე 67 შეხვედრაში 4 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ლაშამ 2023-2025 წლებში 20 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა (4 საგოლე პასი).
წყარო: Betsson.sport