სხვა

იდეა ქაღალდზე, პრობლემა მოედანზე – რატომ ვერ მუშაობს ქუთაისის ტორპედოს პროექტი

ქუთაისის ტორპედოს რომ პრობლემები აქვს, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და უკვე დიდი ხანია, ეს პრობლემები მოედანზე იმდენად მკაფიოდ გადმოდის, რთულად სანახავია – ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და ფინანსურად ძლიერი გუნდი ასეთ მდგომარეობაში.

მას შემდეგ, რაც კლუბი ახალმა მფლობელმა ჩაიბარა, აშკარა გახდა, რომ ფინანსურად სტაბილური და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული პროექტი შეიქმნა.

ინფრასტრუქტურა, ორგანიზაციული მართვა და ზოგადი ხედვა – ეს ყველაფერი იმედისმომცემ სურათს ხატავდა. თუმცა, რაც დრო გადის, მით უფრო აშკარა ხდება, რომ სწორედ სპორტული ნაწილი რჩება ყველაზე სუსტ რგოლად.

არის კითხვის ნიშნები, რომლებიც არა მხოლოდ ქუთაისელ, არამედ ზოგადად ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს, უკვე დიდი ხანია, საფიქრალს არ აკლებს – როგორ შეიძლება ასეთი რესურსის მქონე გუნდი ასეთ თამაშს აჩვენებდეს და ასეთი შედეგები ჰქონდეს?

რა თქმა უნდა, კლუბში მომუშავე თითოეულ ადამიანს წარმატება სურს, თუმცა ეს არ გამორიცხავს შეცდომებს და აუციელებელია ანალიზი, თუნდაც კრიტიკული – რა კეთდება სწორად, რა არ მუშაობს და რა არის შესაცვლელი.

პროექტის საწყისი ეტაპი იმედისმომცემი იყო — კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით გუნდმა დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო და ევროტურნირების საგზურიც მოიპოვა. თუმცა, ამის შემდეგ განვითარებული პროცესები უკვე ნაკლებად დამაჯერებელი აღმოჩნდა.

შოტლანდიელი სტივ კინის მოსვლამ გუნდს “პრაგმატული“ ფეხბურთი მოუტანა, თუმცა ეს პრაგმატიზმი ხშირად უსახურ და უინტერესო თამაშში გადაიზარდა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო პირველი სერიოზული კრიტიკა – გაუმართავი სატრანსფერო პოლიტიკა, ლეგიონერების სიჭარბე და ხმაურიანი, მაგრამ არაეფექტიანი ტრანსფერები, როგორიც იყო მამადუ სახოს შემთხვევა.

სახომ, მიუხედავად სახელისა და გამოცდილებისა, გუნდს რეალური ღირებულება ვერ შესძინა. საბოლოოდ, გულშემატკივართა მზარდი უკმაყოფილების ფონზე, სტივ კინმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და სპორტული დირექტორის როლში გადაინაცვლა.

ამის შემდეგ გუნდის ჩაბარება დაევალა გამოცდილ გერმანელ სპეციალისტს – დირკ შუსტერს, რომლის კარიერა გერმანულ ფეხბურთში საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა სწორედ აქ ჩნდება – ეტყობა თუ არა გუნდს მწვრთნელის ხელი?

სამწუხაროდ, დღევანდელი სურათი ამ კითხვაზე უფრო უარყოფით პასუხს გვაძლევს. ტორპედოს თამაში ხშირად ქაოტურია, ორგანიზება სუსტია და გუნდის მოქმედებებში ერთიანი სტრუქტურა ნაკლებად იკვეთება. არ ჩანს მკაფიო სათამაშო იდეა — როგორ უნდა უტევდეს გუნდი, როგორ უნდა იცავდეს თავს და რა არის მისი იდენტობა.

განსაკუთრებით პრობლემურია ლეგიონერების საკითხი. კლუბში ჩამოყვანილი უცხოელი ფეხბურთელები უმეტეს შემთხვევაში ვერ გამოირჩევიან სათამაშო ხარისხით და ვერ ქმნიან იმ სხვაობას, რასაც მათგან ელოდებიან. ლეგიონერები უნდა აძლიერებდნენ გუნდს, ტორპედოს შემთხვევაში კი ზოგჯერ პირიქითაც ხდება — ისინი ვერ ჯდებიან სისტემაში და გუნდის მთავარ სუსტ წერტილად გვევლინებიან.

ამ ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გუნდს ტოვებს ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა — ნორვეგიელი ფორვარდი ბიორნ იონსენი. ფეხბურთელი, რომელიც ინდივიდუალური კლასით მაინც გამოირჩეოდა, გუნდს დაემშვიდობა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს შეტევითი პოტენციალის პრობლემას.

ჩემპიონატის პირველ ტურში ქუთაისის ტორპედომ სათამაშო სქემად 4-5-1 აირჩია. შუსტერმა შემადგენლობა ისე დაალაგა, რომ მოედანზე ერთგვარი ბალანსი შენარჩუნებულიყო — გუნდში იყვნენ როგორც ტექნიკური თვისებებით გამორჩეული ფეხბურთელები, მაგალითად არაბიძე და კოხრეიძე, ასევე ართმევასა და ფიზიკურ ორთაბრძოლაზე ორიენტირებული ნახევარმცველები.

თუმცა, ეს ბალანსი მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.

პირველივე ტურში, საკუთარ მოედანზე დებიუტანტთან მარცხმა ნათლად აჩვენა, რომ გუნდს სერიოზული სისტემური პრობლემები აქვს. ტორპედოს თამაში ხშირად ქაოტური და არაორგანიზებულია. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურად ფეხბურთელები ცუდად არ გამოიყურებიან, გუნდურად ისინი ვერ ქმნიან ერთიან სურათს. განსაკუთრებით თვალშისაცემია ის, რომ გუნდს უჭირს სწრაფი და ვერტიკალური ფეხბურთის თამაში — შეტევები ნელა ვითარდება და ხშირად ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიდის.

ამ პრობლემას პირდაპირ უკავშირდება თამაშის ტემპიც. ტორპედო, ხშირ შემთხვევაში, არასაკმარის სისწრაფეზე თამაშობს, რაც თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსია. ნელი ტემპი საშუალებას აძლევს მეტოქეს, მშვიდად დაბრუნდეს დაცვაში და სწორად გადაეწყოს პოზიციური იერიშისთვის. შედეგად, ტორპედოს შეტევები კარგავს სიმწვავეს და მოულოდნელობას, ბურთის გადაადგილება ხდება მარტივად პროგნოზირებადი, ხოლო თავისუფალი სივრცეების გამოყენება მნიშვნელოვნად იზღუდება. საბოლოოდ, გუნდი ვერ ახერხებს მეტოქის დაცვის გახსნას და შეტევები ხშირად უშედეგოდ სრულდება.

როგორც ჩანს, ეს პრობლემები თავად დირკ შუსტერმაც შეამჩნია და მეორე ტურისთვის გარკვეული ცვლილებებიც შემოგვთავაზა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო არაბიძის სათადარიგოთა სკამზე დატოვება. მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა ბრაზილიელი ვარლეი, რომელმაც გარკვეულ ეპიზოდებში გუნდის თამაში მართლაც გააცოცხლა.

ვარლეი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც სივრცე აქვს — ის აქტიურად ერთვება შეტევაში და ცდილობს თავისუფალი ზონების ათვისებას. თუმცა, როცა საქმე ეხება ინდივიდუალურ ორთაბრძოლებს და მეტოქის პირისპირ ერთ-ერთზე თამაშს, მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. ასეთ სიტუაციებში ტორპედოს შეტევები ხშირად ფერხდება, რადგან გუნდს აკლია ფეხბურთელი, რომელიც მეტოქის მესამედში საკუთარ თავზე აიღებს თამაშს და უპირატესობას შექმნის.

მეორე ტურის შემდეგ მოედანზე აღარ ჩანს გიორგი კოხრეიძე, რაც კიდევ უფრო ამცირებს გუნდის შემტევ რესურსს. ეს ცვლილებები ნათლად აჩვენებს, რომ გუნდი ჯერ კიდევ ეძებს ოპტიმალურ შემადგენლობას და სტილს, თუმცა ამ პროცესს შედეგი ჯერჯერობით არ მოაქვს.

ფაქტია, რომ სეზონის წინ გაკეთებული განცხადება “სანახაობრივი და შემტევი ფეხბურთის” შესახებ, ამ ეტაპზე რეალობისგან ძალიან შორს არის. ტორპედოს თამაში არ არის არც დინამიკური და არც კრეატიული, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს გულშემატკივართა უკმაყოფილებას.

ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ ვერ ახერხებს გუნდი საკუთარი პოტენციალის რეალიზებას?

პასუხი კომპლექსურია. ერთის მხრივ, აშკარაა ტაქტიკური პრობლემები — 4-5-1 სქემა მოითხოვს ძალიან კარგ კოორდინაციასა და დისციპლინას, რაც ტორპედოს შემთხვევაში არ ჩანს. მეორეს მხრივ, ფეხბურთელების როლები ბოლომდე გამოკვეთილი არ არის, რაც მოედანზე არასწორ გადაადგილებებს და ქაოსს იწვევს. ამას ემატება შეტევაში ინდივიდუალური ხარისხის ნაკლებობა და დაბალი სათამაშო ტემპი, რაც მთლიანად ანეიტრალებს გუნდის შესაძლებლობებს.

საბოლოოდ, ტორპედო ამ ეტაპზე არ ჰგავს შეკრულ გუნდს. უფრო ჩანს, როგორც ინდივიდუალურად საშუალო დონის ფეხბურთელების ერთობლიობა, რომელსაც საერთო იდეა და მკაფიო მიმართულება აკლია.

თუ ეს პრობლემები დროულად არ გამოსწორდა, ძალიან რთული იქნება იმ ფეხბურთის ნახვა, რომელიც სეზონის წინ დაანონსდა და რომელიც ამ კლუბის ისტორიას და გულშემატკივარს ეკადრება.

თუმცა, ტაქტიკურ და საკადრო საკითხებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ის, რაც მოედანზე ყველაზე თვალშისაცემია — გუნდის ხასიათი.

დღევანდელი ტორპედო არ თამაშობს აგრესიულ, ბრძოლაზე დაფუძნებულ ფეხბურთს. ხშირად ჩანს პასიურობა, ნაკლები ბრძოლა და ის ენერგია, რომელიც ტრადიციულად ამ კლუბთან ასოცირდებოდა, პრაქტიკულად დაკარგულია. ქუთაისური ფეხბურთი ყოველთვის გამოირჩეოდა ემოციითა და ბრძოლით, დღეს კი ეს კომპონენტი აშკარად დეფიციტშია.

საბოლოოდ, პრობლემა კომპლექსურია — არათანმიმდევრული სატრანსფერო პოლიტიკა, სუსტი ლეგიონერები და რაც ყველაზე მთავარია — გუნდის იდენტობის დაკარგვა.

შუსტერის, როგორც მწვრთნელის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა რთულია – მას ბევრი რამ აქვს დამტკიცებული და თანაც ბუნდესლიგის დონეზე, მაგრამ ფაქტია, რომ მისი იდეები ვერ რეალიზრდება. რატომ? სწორედ ამაზე უნდა იფიქროს მენეჯმენტმა. იმისათვის, რომ ფინანსურად ძლიერი პროექტი რეალურ სპორტულ წარმატებაში გადაიზარდოს, სწორი დასკვნების გაკეთებაა საჭირო.

წყარო: Betsson.sport